თამთა ჩაჩანიძე
16.06.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს მოუწოდებს „ხმა აიმაღლონ", იმ ინიციატივის წინაარმდეგ, რომელიც გულისხმობს „21-ე საუკუნეში ერების სეგრეგაციას ევროკავშირის შიგნით".

ამაში იგულისხმება გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება, რომ ბლოკის ახალი წევრებს ვეტოს უფლება შესაძლოა შეეზღუდოთ. პაპუაშვილის თქმით, ამ საკითხზე საქართველოს მსგავსი რეაქცია აქვთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც უკვე გასცა „საკადრისი პასუხი" ევროკავშირის ამ ინიციატივას და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელიც 15-16 ივლისს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, განსხვავებით მოლდოვისაგან, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების უმოკლეს გზად რუმინეთთან გაერთიანებას განიხილავს.

15 ივნისს მარტა კოსმა ლუქსემბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ  ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ და „აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ახალი წევრი სახელმწიფოები ევროპულ წესებს დაიცავენ გაწევრიანებიდან 5-10 ან 15 წლის შემდეგაც".

პაპუაშვილმა ამ საკითხზე ჯერ „ფეისბუქში" გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, შემდეგ კი საგანგებო ბრიფინგიც გამართა. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ „ქართული ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის უკან გაწვევას აპირებს და ამისთვის საფუძველს ამზადებს.

პაპუაშვილმა მოუწოდა ევროკავშირს, „სასწრაფოდ შეწყვიტონ ამ იდეის განხილვაც კი და ერების პირველ და მეორე კლასის ერებად დახარისხება".

„იმედი მაქვს, ეს განხილვები შეწყდება და, მეორე მხრივ, ვფიქრობ, ახლა დადგა მომენტი, როცა კანდიდატმა ქვეყნებმა ხმა უნდა აიმაღლონ ამ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც 21-ე საუკუნეში ერების სეგრეგაციას გულისხმობს ევროკავშირის შიგნით. 

„ჩვენ ოთხი წლის წინ, როცა ვაკეთებდით განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ხელი არ მოგვიწერია ამაზე, რომ საქართველოს გაწევრიანების შემდეგ არ ექნება ხმა და რეალური თანამონაწილეობა საგარეო პოლიტიკაში. ჩვენ გარეშე გადაწყვეტენ უსაფრთხოების პოლიტიკას, ევროკავშირის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკას ჩვენ გარეშე გადაწყვეტენ, უფლებების საკითხებს და ახალი უფლებების საკითხებს ჩვენ გარეშე გადაწყვეტენ. რაც მთავარია, ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლას გადაწყვეტენ ჩვენ გარეშე - რასაც უნდათ, იმას ჩაწერენ და ამოიღებენ ისე, რომ ახალ წევრებს არც კი ჰკითხავენ. არ ვიცი, სხვა რა არის საბჭოთა კავშირი, თუ არა ასეთი მიდგომა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოში მყოფ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთანაც განიხილა, რომელიც ასევე აღშფოთებულია.

პაპუაშვილი ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხზე სხვადასხვა ლიდერი საუბრობდა, მათ შორის გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და „მიიღო საკადრისი პასუხი ზელენსკისგან ამასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა არ განიხილავს მეორეხარისხოვან ერად ყოფნას".

მარტა კოსის განცხადებამდე, საერთაშორისო მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქსემბურგი მოუწოდებენ ევროკავშირს, განიხილოს ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ხმის უფლების დროებითი შეზღუდვის შესაძლებლობა და იმ გარანტიების შემუშავება, რაც ახალი წევრი სახელმწიფოების მიერ კანონის უზენაესობის დაცვას უზრუნველყოფს.

პაპუაშვილის განცხადება და ოპოზიციის რეაქცია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს რომ მარტა კოსის იდეის განხორციელების შემთხვევაში, ევროკავშირი „აღარ იქნება ის კავშირი", რომლის წევრობაზეც საქართველომ განაცხადი შეიტანა.

„ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან" და „მეორეხარისხოვან" ერთა კავშირად აქცევს.

„ამიტომ, ერთი რამ აქვე უნდა ითქვას მკაფიოდ - ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია.

„საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ", - წერს პაპუაშვილი.

  • შალვა პაპუაშვილი: „ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია".

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, პაპუაშვილის ამ განცხადებით მზადდება საფუძველი იმისთვის, რომ ფორმალურად აღარ არსებობდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროექტი.

„როგორც ჩანს, მარცხით გაწბილებული რუსეთი ახლა არის გადასული ახალ ამოცანაზე, თავის ლოიალურ რეჟიმთან, „ქართული ოცნების" რეჟიმთან ერთად, რაც არის ის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი არამარტო რეალურად შეჩერდეს, სრულად იქნეს გაუქმებული. ახლა, როგორც ჩანს, მზადდება საფუძველი იმისთვის, რომ ფორმალურად აღარ არსებობდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროექტი, გზა და კურსი", - განაცხადა გეგელიამ.

რა ნაბიჯებს გადადგამს „ოცნება"

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისთვის საბაბს ეძებს. ევროკავშირი კი ცდილობს თავი დაიზღვიოს ისეთი შემთხვევებისგან, როდესაც, მაგალითად, უნგრეთის ხშირი ვეტოს გამო მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ვერ ახერხებდა.

„ქართული ოცნება" ამ ნაბიჯს დიდი სიამოვნებით გადადგამდა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ, ჯერ ერთი, ეს საკითხი კონსტიტუციაშია შეტანილი და მეორეც, ფრთხილობენ, არ იციან ამას საზოგადოებაში რა რეზონანსი მოჰყვება. ფრთხილობენ, მაგრამ ნებისმიერ საბაბს ეძებენ, რომ რაღაცნაირად შეაჩერონ, ან გაწევრიანებაზე განცხადება გამოიტანონ.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „78-ე მუხლი დარჩება, ვერ გააუქმებენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავთ. ჩვენ განცხადება წარვადგინეთ, რომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და ამ განცხადების გამოტანაზე იქნება საუბარი".

„კოსის განცხადებაც გამოწვეულია იმით, რომ ევროკავშირი დაზღვეული იყოს ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც, მაგალითად, უნგრეთი იყო წინა ხელისუფლების პირობებში, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები უფუნქციო არ დარჩეს. ამ ჯერზე შესაძლოა არცაა ისეთი ხელისუფლება, რომ ევროკავშირს წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებებში ვინ მოვა, ხომ არავინ იცის? ალბათობა მაინც არსებობს, რომ შესაძლოა ისეთი კაცი მოვიდეს, რომელიც საერთო გადაწყვეტილებებზე უარს იტყვის და დაბლოკავს. ეს თავდაცვის მექანიზმია, მაგრამ ისეთი მყარი არა, რომ ამან უზრუნველყოს ის, რაც ევროკავშირს უნდა", - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე აზრით, რადგან ახლა „ოცნებას"პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს, 78-ე მუხლი დარჩება, თუმცა, ევროკავშირზე გაწევრიანებაზე განაცხადი შეიძლება უკან გაიწვიონ.   

„78-ე მუხლი დარჩება, ვერ გააუქმებენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავთ. ჩვენ განცხადება წარვადგინეთ, რომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და ამ განცხადების გამოტანაზე იქნება საუბარი", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას გამორიცხავს, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი უკან გამოიტანოს.

„გამორიცხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ" განაცხადი უკან გამოიტანოს, ამ სცენარს არ ვუშვებ. უბრალოდ, შალვა პაპუაშვილმა დააფიქსირა ის, რომ ამჟამიმდელი ევროკავშირი თავისი ღირებულებებით, თავისი ახალი წესებით არაა ის, რისკენაც ქართული საზოგადოება მიისწრაფოდა. გადაწყვეტილება, რომ ახალ მიღებულ წევრებს ხმის უფლება წაართვან და დატვირთონ ვალდებულებებით ისე, რომ მათ არც ჰქონდეს იმის საშუალება, რომ აზრი გამოთქვან, ან შეეწინააღმდეგონ, ეს დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა. გამოდის, რომ წევრობას სამოწყალოდ უგდებენ და ამავე დროს, მეორეხარისხოვან მდგომარეობაში აყენებენ. ასეთი რამ ევროკავშირის ისტორიაში არასოდეს ყოფილა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ქართული საზოგადოების რეაქცია

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ საზოგადოებისთვის ბევრი რამ მისაღები არაა, თუმცა, ხელისუფლება ჯერჯერობით ახერხებს სიტუაციის კონტროლს.

„ქართული საზოგადოებისთვის ბევრი რამ მისაღები არაა, მაგრამ ამ საზოგადოებას იმის უნარი არ აქვს, რომ გაერთიანდეს და ხელისუფლებაზე „შეტევა" განახორციელოს, ხელისუფლებას კი აქვს იმის თავი, რომ საზოგადოების რეგულაცია მოახდინოს და ახდენს კიდეც. ამიტომ, ამ ეტაპზე საზოგადოებაში რა განწყობა იქნება, ხელისუფლებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ძაბირაძემ. 

ზაალ ანჯაფარიძე: „არც მაშინ და არც ახლა ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი ეჭვისვქეშ არ დაუყენებია. ასეთი მკვეთრი ზიგზაგი მთლად გამართლებული არ იქნებოდა და საზოგადოებაში მღელვარებას ნამდვილად გამოიწვევდა".

  • ზაალ ანჯაფარიძე არ უშვებს იმ სცენარს, რომ განაცხადს გამოიტანს „ოცნება" და თუ მაინცდამაინც ასე მოხდა, მისი თქმით, ამას საზოგადოების რეაქცია აუცილებლად მოჰყვება.

„თავად პროცედურას რაც შეეხება, როგორც შეიტანეს განაცხადი, ისევე გამოიტანენ. საზოგადოების მხრიდან კი რა მოჰყვება, ამაზე საუბარი რთულია. პროტესტი ალბათ იქნება საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან და შეიძლება იმაზე უფრო მეტიც, ვიდრე ადრე, მაგრამ რა მასშტაბის იქნება, წინასწარ განჭვრეტა რთულია.

„საზოგადოება აქამდე იმაზე ვიყავით ორიენტირებული, რომ ადრე თუ გვიან ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახვდებოდით. არც მაშინ და არც ახლა ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს ეს მიზანი ეჭვისვქეშ არ დაუყენებია. ასეთი მკვეთრი ზიგზაგი მთლად გამართლებული არ იქნებოდა და საზოგადოებაში მღელვარებას ნამდვილად გამოიწვევდა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×