სახელმწიფომ უფრო ეფექტურად უნდა იმოქმედოს, რადგან სავაჭრო ქსელების სიტყვაზე ნდობა არ შეიძლება
თამარ ვეფხვაძე
16.06.2026

უკვე ერთი თვეა, რაც ფასდაკლების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა, თუმცა პროდუქტები თვალში საცემად არ გაიაფებულა. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდში, სურსათი არ გაძვირებულა, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შეღავათია.  დაზუსტებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მთავრობის განკარგულებით, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ერთიანი ელექტრონული სისტემის - ვებ-გვერდის შექმნას გეგმას, სადაც ფასდაკლებების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება. სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ვებგვერდი ფასდაკლებების კატალოგად არ გადაიქცეს. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკვე 53 000 ლარი გამოიყო იმისთვის, რომ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ ერთიანი ვებ-გვერდი შექმნას. ამ ფაქტს პოლიტიკოსი კახა კახიშვილი გამოეხმაურა:

„სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პროდუქტის ფასი ჯერ იზრდება, შემდეგ კი იმავე პროდუქციაზე „ფასდაკლება“ ცხადდება. ამიტომ მომხმარებელმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ დღევანდელი ფასი, არამედ ისიც, რა ღირდა იგივე პროდუქტი ერთი კვირის, ერთი თვის, ან სამი თვის წინ. სასურველია, პლატფორმაზე მოქალაქეს შეეძლოს ფასების შედარება, ფასების ისტორიის ნახვა, პროდუქციის ხელმისაწვდომობის შემოწმება და რეალური ფასდაკლებების შეფასება. 

როდესაც მომხმარებელს სრული ინფორმაცია აქვს, კონკურენცია უფრო სამართლიანი ხდება და ბაზარიც უკეთ მუშაობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს „სნაპის“ პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები სპეციალური ბარათით სარგებლობენ და პირველადი მოხმარების პროდუქტებს ჩვეულებრივ მაღაზიებში ყიდულობენ. სახელმწიფო მაღაზიებს არ ქმნის - მოქალაქე თავად ირჩევს, სად და რა შეიძინოს. ევროპის მრავალ ქვეყანაში გამოიყენება სოციალური ბარათები, ვაუჩერები, მიზნობრივი დახმარებები და სასურსათო ბანკების სისტემები. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს სპეციალური სოციალური მაღაზიებიც, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქცია განსაკუთრებული პირობებით იყიდება... ჩემი აზრით, საქართველო არ უნდა ცდილობდეს რომელიმე უცხოური მოდელის ბრმად კოპირებას. ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს საკუთარი, ქართულ რეალობაზე მორგებული სისტემა“, - აღნიშნა კახიშვილმა.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფოს რეალურად სურს პირველადი მოხმარების პროდუქციის გაიაფება, აუცილებელია იმ მიზეზებთან ბრძოლა, რომლებიც გაძვირებას იწვევს. ამიტომ სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად უნდა იქცეს შესაძლო კარტელური შეთანხმებების, ბაზრის ხელოვნური შეზღუდვის, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და სხვა მსგავსი რისკების გამოვლენა, გამოძიება და მკაცრი აღკვეთა. 

„სახელმწიფომ უნდა შექმნას მუდმივ რეჟიმში მოქმედი პროფესიული მონიტორინგის სისტემა, რომელიც ყოველდღიურად დააკვირდება პირველადი მოხმარების პროდუქციის ბაზარს“, - დაწერა კახიშვილმა. 

საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ მუშაობა ერთი თვის წინ დაასრულა და დასკვნაც წარადგინა. დასკვნის გამოქვეყნებისთანავე მსხვილმა ქსელებმა ფასდაკლებების აქციები დაიწყეს. მომხმარებლებს 10-დან 15-მდე დასახელების პროდუქტი გაიაფებული ხვდებათ. საუბარია ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: მაკარონი, წიწიბურა, ზეთი, კვერცხი, ბრინჯი, რიგ შემთხვევებში, რძის პროდუქტებიც.

აი, სწორედ ამ სოციალური და სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გაიაფებას ითხოვს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი მარინა ბერაძე. „რეზონანსთან“ საუბრისას, ბერაძემ აღნიშნა, რომ თუ გვინდა, ხელმისაწვდომი და დაბალი ფასები იყოს, სახელმწიფომ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. 

„ყველას გვინდა, რომ ფასები იყოს დაბალი და ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს ადგილობრივი წარმოება, სასურსათო პროდუქტებს ვერ ვაწარმოებთ და ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებულები. სოფლები დაცლილია, არავის მოჰყავს პროდუქტები და ამ მხრივ, დიდი უკუსვლაა. გრძელვადიან პერსპექტივაში, სახელმწიფომ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ადგილობრივ წარმოებას შეუწყოს ხელი. ამისათვის საჭიროა, სტიმული მიეცეს მშრომელ ადამიანს, რათა დასახლდეს სოფლად და განავითაროს მცირე ფერმერული მეურნეობა“, - განუცხადა მარინა ბერაძემ.  

რაც შეეხება საშუალო და მოკლევადიან პერსპექტივაში განსახორციელებელ ცვლილებებს, სპეციალისტის განცხადებით, არსებობს საკმაოდ ეფექტური გზა - ესაა სასიცოცხლოს აუცილებელი პროდუქტების ისე გაიაფება, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. 

„სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა სასურსათო კალათის ძირითადი პროდუქტები გაიაფდეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. მარტო სასტუმროების აშენება არ არის მთავარი, დიახ, სასტუმროებიც აუცილებელია, მაგრამ ამ სასტუმროებში დამსვენებლებს სჭირდებათ კვება. სამწუხაროდ, ტურისტებს ჩვენი, ადგილობრივი პროდუქტით კი არ ვკვებავთ, იმპორტირებულ პროდუქტებზე ვართ დამოკიდებულები. ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს რეგიონების განვითარება სოფლის მეურნეობის მიმართულებით და საარსებო კალათში შემავალი პროდუქტები უნდა გაიაფდეს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას მარინა ბერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×