
სერბეთი, საქართველოს მსგავსად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და უკვე მე-12 წელია აწარმეობის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას. საქართველოში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ ევროინტეგრაცია იყო.
ამ საკითხზე გააკეთა აქცენტი სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც, რომელმაც კრიტიკულად შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება, რომ ბლოკის ახალი წევრებს ვეტოს უფლება შესაძლოა შეეზღუდოთ. პაპუაშვილის ცნობით, ეს საკითხი პრეზიდენტ ვუჩიჩთან გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს და საქართველოსა და სერბეთის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი თბილისს 15 ივლისს ეწვია და მისი ვიზიტი ოთხშაბათს მთავრდება.
16 ივნისს ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს, სადაც აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე „საერთო ხედვები და გამოწვევები აკავშირებს" და მნიშვნელოვანია ამ და სხვა საკითხებთან მიმართებაში ორმხრივად გამოცდილებების გაზიარება.
სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, ეს სტატუსი 2012 წელს მიიღო, ხოლო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2014 წელს დაიწყო. მოლაპარაკება რამდენიმე გამოწვევის ფონზე მიმდინარეობს, შემდგომი პროგრესი დამოკიდებულია რეფორმებზე, კანონის უზენაესობაზე და საგარეო პოლიტიკაზე.
მანამდე, 15 ივნისს სერბეთის პრეზიდენტს, მის მეუღლეს თამარა ვუჩიჩს და ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პირველმა ლედიმ თამარ ბარგატიონმა ორბელიანების სასახლეში უმასპინძლეს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა და შედგა პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაც.
ამ დღეს მედიისთვის კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცაღა, როგორც მოგვიანებით ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარი შეეხო საერთო ღირებულებებსა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს; ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილეობლობას.
ამავე დღის ბოლოს საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისისმთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „შეხვედრაზე მხარეებმა ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას".
ერთობლივი ბრიფინგი
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი" და ესაა პირველი სერბული საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც „ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს".
მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ, დიპლომატიური წარმომადგენლობა კი, „მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას".
„შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იქნეს ათვისებული. ამ თვალსაზრისით მისასალმებელია საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის მიმდინარე პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ აქ დიდი წარმატება გვაქვს; რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და ამის შემდეგ უკვე ორივე მხარე მზად ვიქნებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. ეს შეთანხმება შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ქვეყნებს შორის, ინვესტიციების მოზიდვას ორივე მხარეს და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას.
- ირაკლი კობახიძე: „შევეხეთ ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა და გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც."
„აგრეთვე საუბარი გვქონდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე. საქართველო „შუა დერეფნის" განუყოფელი ნაწილია და მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი.
„საუბრისას შევეხეთ ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია", - აღნიშნა კობახიძემ.
თავის მხრივ სერბეთის პრეზიდენტმა კობახიძეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სერბეთი აღიარებს იმ მიღწევებს, რაც „ქართულ ოცნებას" აქვს 2012 წლის შემდგომ.
„2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა. ამას ვსაუბრობ სერბეთის სახელით. სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს თქვენს მიღწევებს. ზოგისთვის ეს ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3%. ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ გააჩნია და ჩვენც ვამაყობთ თქვენი ამ შედეგით...
- ალექსანდრ ვუჩიჩი: „სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3%. ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ გააჩნია და ჩვენც ვამაყობთ თქვენი ამ შედეგით..."
„ვისაუბრეთ ბევრი მიმართულებით და ხედვაც ძალიან დიდი გვაქვს. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში. ამის საფუძველზე დაჩქარდება ურთიერთობების განვითარება. ეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები არის ის საკითხი, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ. დაგვრჩა სულ მცირე, რომ დავასრულოთ ამაზე მოლაპარაკებები და დავიწყოთ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აქტიური ვაჭრობა", - აღნიშნა ვუჩიჩმა.
როგორც სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, მოხარულია, რომ ძალიან მალე საქართველოში გაიხსნება სერბეთის საელჩო და იმედს გამოთქვამს, რომ „მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს საელჩოს გასახსნელად სერბეთში".