ნატალია ჯვარიძე
17.06.2026

„დიდი შვიდეულის" ლიდერებმა საფრანგეთში მიმდინარე სამიტის დასრულების შემდეგ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. ასევე შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთზე სანქციების გამკაცრების გზით, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. ირანზე საუბრისას კი აღნიშნეს, რომ მას ბირთვული იარაღი არასდროს ექნება.

„დიდი შვიდეულის" ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ახალი იმპულსის მხარდასაჭერად საჭიროა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, დამატებითი სისტემებისა და რაკეტების მიწოდების გაზრდა.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სოლიდარობას უკრაინის მოსახლეობის მიმართ, რომელიც განიცდის თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ვაქებთ უკრაინას ბოლო თვეებში ბრძოლის ველზე მისი მდგრადობისა და პროგრესისთვის და ხაზს ვუსვამთ, რომ ახლა ახალი იმპულსი შეინიშნება.

„ამ ახალი იმპულსის მხარდასაჭერად და დასაჩქარებლად, ვეთანხმებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების, დამატებითი სისტემებისა და ჩამჭრელი რაკეტების, ასევე შორ მანძილზე დარტყმის საშუალებების მიწოდების გაზრდას. ასევე მზად ვართ განვიხილოთ უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემა, რათა უკრაინაში სამხედრო წარმოება გაიზარდოს.

ხაზს ვუსვამთ ენერგეტიკული მდგრადობის მნიშვნელობას უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით. ვთანხმდებით, რომ ქვეყანას დამატებითი მხარდაჭერა გავუწიოთ, რათა მან მომავალი ზამთარი წარმატებით გადაიტანოს.

ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე. ამ კონტექსტში, გავამკაცრებთ სანქციებს, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორების მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს. მიგვაჩნია, რომ ახლა არის შესაფერისი დრო დამატებითი ზომების მისაღებად, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა მიაღწია შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და რომელმაც ხელი შეუწყო ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, შეთანხმება იძლევა ისტორიულ შესაძლებლობას, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა აღიკვეთოს და მის რეგიონულ და ბალისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეები მოგვარდეს.

„მხარს ვუჭერთ და მზად ვართ წვლილი შევიტანოთ მის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სატრანზიტო გადაადგილების უფლება შეზღუდვებისა და გადასახადების გარეშე საერთაშორისო ვაჭრობის საფუძველია. ვეთანხმებით, რომ საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით მრავალეროვნულ, დამოუკიდებელ და თავდაცვით ინიციატივას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობაში",- აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის" ლიდერების განცხადებით, მტკიცედ უჭერენ მხარს პრეზიდენტ ტრამპის მიერ უზრუნველყოფილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მტკიცე და ყოვლისმომცველ დიპლომატიურ შეთანხმებას, რომელიც რეგიონში ყველასთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების მომტანი იქნება.

„ხაზს ვუსვამთ ამ მიზნით მოლაპარაკებების აუცილებლობას, რათა გადაიჭრას ირანის მიერ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ წარმოქმნილი საფრთხეები და უზრუნველყოფილი იყოს, რომ მათ არასდროს ჰქონდეთ ბირთვული იარაღი", - აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის" ლიდერები მიიჩნევენ, რომ ასეთი მოლაპარაკებები სასარგებლო იქნება შესაბამისი რეგიონული და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვლილის შეტანით. „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის" განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის" ლიდერების განცხადებაში შეინიშნება „ტონისა და შეფასებების" დადებითი ცვლილება.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ტონისა და შეფასებების პოზიტიური ცვლილება, ასევე მათი უფრო მჭიდრო თანხვედრა უკრაინასა და „დიდ შვიდეულში" ჩვენ მოკავშირეებს შორის. მივესალმებით ასეთ ერთიანობას და სიძლიერეს. „დიდი შვიდეული" კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიოს უძლიერესი დემოკრატიები ერთიანად დგანან უკრაინის გვერდით და უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის აღდგენის მიმართ ერთგულები არიან", - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელსაც უკრაინა ძალიან აფასებს.

„ასევე გულწრფელად მადლიერები ვართ „დიდი შვიდეულის" მიმართ მისი მზადყოფნისთვის, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის თავდაცვისუნარიანობის, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული მდგრადობის გასაძლიერებლად, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ავლენს მზადყოფნას, ჩაერთოს კეთილსინდისიერ დიპლომატიაში, საჭიროა არსებული ბერკეტების გამოყენება მოლაპარაკებების მაგიდასთან მის მისაყვანად. ერთად უფრო ძლიერი ვართ", - წერს სიბიგა.

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ განცხადების მთავარი მიზანი იყო ეჩვენებინა, დასავლეთის წამყვანი ეკონომიკები კვლავ ერთიან პოზიციაზე დგანან უკრაინის საკითხში. მათი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და სამხედრო დახმარების გაზრდის დაპირება უკრაინის მოლაპარაკებით პოზიციას აძლიერებს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად წევრებს შორის არსებული განსხვავებებისა, ლიდერებმა შეძლეს საერთო ტექსტზე შეთანხმება. თუმცა ზოგიერთი მიმომხილველი ამბობს, რომ დეკლარაცია უფრო პოლიტიკური სიგნალია, ვიდრე ახალი პრაქტიკული ნაბიჯების დეტალური გეგმა.

განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რთული საკითხები -ახლო აღმოსავლეთი, ვაჭრობა და აშშ-ის ცალკეული ინიციატივები შედარებით ფრთხილი ფორმულირებებითაა წარმოდგენილი.

ზოგი ექსპერტი უფრო სკეპტიკურია და ამბობს, რომ „დიდი შვიდეულის" გავლენა მსოფლიო ეკონომიკაში წინა ათწლეულებთან შედარებით შემცირებულია, რადგან იზრდება ისეთი გაერთიანებების წონა, როგორიცაა „ბრიქსი". მათი აზრით, რეალური შედეგი გამოჩნდება მხოლოდ მაშინ, თუ განცხადებაში გაჟღერებულ ვალდებულებებს კონკრეტული ეკონომიკური და სამხედრო გადაწყვეტილებები მოჰყვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×