ნატალია ჯვარიძე
17.06.2026

რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ფონზე ევროკავშირში ერევნისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებენ, - ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი" წერს. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ევროკავშირი სომხეთისთვის საგანგებო შეღავათებს ამზადებს, რათა ერევანმა შეძლოს რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების ანაზღაურება.

„ფაიანენშალ თაიმსის" ცნობით, ევროკომისია მუშაობს ე.წ. ავტონომიურ სავაჭრო ზომებზე, რომლებიც შეამცირებს ტარიფებს სომხურ სურსათსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.

„ახლა დროა, გავააქტიუროთ ქმედებები და მხარდაჭერა, ასევე ვაჩვენოთ, რომ სანდო პარტნიორები ვართ. მათ მეგობრები სჭირდებათ. ჩვენ კი გვჭირდება მეზობლების დაცვა", - განაცხადა გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთმა წყარომ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს ზომები, რომელთა დამტკიცებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა სჭირდება, მოიცავს პროდუქტების 20 კატეგორიას, რომლებზეც ვრცელდება რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები და რომელთა საერთო ღირებულება წელიწადში 420 მილიონი ევროა.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ გარკვეულ პრობლემას ქმნის სომხური კონიაკი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, რადგან მისი წარმოება მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის. ასევე, პრობლემები არსებობს მალფუჭებად პროდუქტებთან დაკავშირებითაც.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბრიუსელში ვარაუდობენ, რომ მოსკოვი ერევანზე სავაჭრო ზეწოლას გააძლიერებს. გამოცემის ცნობით, სომხეთის მხარდამჭერი ზომების შესახებ განცხადებას ევროკომისიაში, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში გააკეთებენ.

ცნობისთვის, 30 მაისიდან რუსეთმა სომხეთიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი შეზღუდა, მათ შორის არის ხილი, ბოსტნეული, ყვავილი და კონიაკი. Financial time-ის ცნობით, ევროკავშირის მიერ სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათების მომზადება ნიშნავს, რომ ბრიუსელი ცდილობს შეამსუბუქოს რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის შედეგები და სომხეთს ალტერნატიული ბაზრები შესთავაზოს. რუსეთის მიერ სომხური სოფლის მეურნეობისა და სხვა პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები დასავლეთში აღიქმება როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი ერევნის პროდასავლური კურსის წინააღმდეგ.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ რამდენიმე შესაძლო შედეგს: სომხეთის ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება რუსეთზე - თუ სომხური პროდუქცია უფრო თავისუფლად შევა ევროკავშირის ბაზარზე, ერევანი ნაკლებად იქნება მიბმული რუსულ ბაზარზე. მეორე, სომხეთის დასავლური ინტეგრაციის გაღრმავება - ევროკავშირის ფინანსური და სავაჭრო მხარდაჭერა აღიქმება როგორც პოლიტიკური სიგნალი, რომ ბრიუსელი მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთის დაახლოებას ევროპასთან.

რუსეთსა და ევროკავშირს შორის გავლენისთვის კონკურენციის გამწვავება სამხრეთ კავკასიაში - საკითხი მხოლოდ ვაჭრობას აღარ ეხება, ეს უფრო ფართო გეოპოლიტიკური დაპირისპირების ნაწილია. და ბოლოს, ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დახმარება მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის ბაზრის სრული ჩანაცვლება რთულია, რადგან სომხეთის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი და ლოგისტიკური კავშირები კვლავ რუსეთზეა დამოკიდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×