
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი შიდა პოლიტიკური დებატები იწყება - მიხეილ სააკაშვილი პარტიის სრულ რეფორმირებასა და ახალი ხელმძღვანელობის არჩევის აუცილებლობაზე საუბრობს და თავმჯდომარის პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას ასახელებს. მაშინ როცა პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე დღეს მოქმედი პირებიც დარჩნენ.
არჩევნები, სავარაუდოდ, უახლოეს ორ თვეში გაიმართება. ივლისში ყველა თანამდებობის პირს „ნაციონალურ მოძრაობაში" ვადა უმთავრდება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის განმარტებით, აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, „რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს".
„რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილებებს - ისინი იქნება ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს." ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს.
ამავე დროს ვთავაზობ არჩევნების პროცესში შემოვიდეს ყველა, ვისაც რეფორმების სურვილი და ხედვა აქვს. ასევე არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება ყველას და ეს უნდა იყოს ხედვების შეჯიბრი."
- სააკაშვილი: "ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან ერთად"
სააკაშვილი ფსონს ჟორჟოლიანზე დებს და როგორც ჩანს იმედოვნებს, რომ ის რეფორმატორის როლს მოირგებს,
"ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე, ახლებთან ერთად. ამ ყველაფერში მათ აქვთ ჩემი სრული ნდობა."
თინა ბოკუჩავასთვის, რომელიც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, ეს პოსტი მოულოდნელი აღმოჩნდა და მას იმპულსურს უწოდებს.
"სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგამდე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ," - განაცხადა ბოკუჩავამ.
- ბოკუჩავა: "სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგამდე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო"
ნაციონალური მოძრაობის ზოგი წევრი არ გამორიცხავს, რომ თანამდებობა იმ პირმა დაიკავოს, რომელოც დღესაც იკავებს თანამდებობას.
„რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს და განიხილება, თეორიულად, ვინ შეიძლება იყოს თავმჯდომარე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე, მათ შორის არ შეიძლება, რომ დაინიშნონ თუნდაც ის პირები, რომლებიც დღესაც იკავებენ ამ თანამდებობას იმიტომ, რომ ქალბატონი თინა ბოკუჩავა ნამდვილად იმსახურებს ჩვენგან სათანადო პატივისცემას მისი გაწეული ღვაწლის გამო.
ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ის ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ თავმჯდომარის, არამედ სხვა წამყვან თანამდებობებს დღეს იკავებენ, შეიძლება მომავალშიც მათ დაიკავონ. თუმცა ის, რომ ყრილობა ჩატარდება და შეიძლება ცვლილებები ვნახოთ, ეს ფაქტია", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ფავლენიშვილმა.
ჯერჯერობით, უცნობია აპირებს თუ არა თინა ბოკუჩავა კენჭისყრას, თანამდებობის ხელახლა დასაკავებლად. როგორც ირკვევა, კენჭისყრა უახლოესი ორი თვის განმავლობაში ჩატარდება.
"სიგიჟეა"
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციაში სრული ქაოსი აქვთ.
"ის მართლა თავმჯდომარეა თუ პოსტიდან სააკაშვილმა გადააყენა და ნანულის დაუთმო ასპარეზი?! ნანული ახლა დასასვენებლად არის და ჯერ არ სცალია. ცოტა ხანში პოლიტიკაში შემოვა. ნანული ამბობს, დიახ, შემომთავაზესო, ბოკუჩავა ამბობს, არ მჯერა ამ თემისო. ჩამოყალიბდებიან და ამის შემდეგ უფრო მოგვეცემა საშუალება, ღიად ვისაუბროთ. სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ?! ქაოსი, არეულობა აქვთ.
ფანჩატური 3 თუ 4 არიან, რა დავარქვა, აღარ ვიცი. რატომ არ შედგა ფანჩატურის აღზევება?! იმიტომ, რომ ფანჩატური იყო. მერე რა, რომ ახლა ოთახში სხედან, ისევ "ფანჩატური 3"-ია, იმიტომ რომ უცხოეთიდან ერთი დაკვეთა იყო და ვერ გათვალეს, რომ ქართველები სამხრეთელები ვართ, ემოციურები ვართ და არ გავუტარებთ.
ერთმანეთში ბელადობა აქვთ. მერე რა, რომ სააკაშვილი ჩამოწერეს, ის მაინც იბრძვის. მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილი მართალია, იმიტომ, რომ თუ ოპოზიციაში მხარდამჭერები ვინმეს შემორჩა, ალბათ, უფრო სააკაშვილის გზააბნეული მეხოტბეები არიან."- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.