
"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მდგომარეობა გაუარესებულია და დამატებით მეთვალყურეობასა საჭიროებს, ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური საპირისპიროს ამტკიცებს, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამედიცინო სერვისით შეუფერხებლად სარგებლობს.
ელენე ხოშტარია პოლიციამ 10 თვის წინ, 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავა თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით.
17 ივნისს ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება 4 თვის წინ დაიწყო და "თვალშისაცემია სიმპტომები, რომელიც საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს". როგორც შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.
თუთბერიძის განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და განაცხადა, რომ ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით.
ამ განცხადების შემდეგ, თუთბერიძემ პასუხის პასუხად აღნიშნა, რომ ელენე ხოშტარია "არავითარი მოთხოვნის დაყენებას და რამის თხოვნას არ აპირებს", მან პენიტენციური სამსახურის ნათქვმს, რომ "მორიგი კონსულტაცია დღესაც აქვს ჩანიშნული რევმატოლოგთან" "ვირეშმაკული მანიპულაცია უწოდა" და დასძინა, რომ "ბრიფინგის გამო დაფაცურდნენ".
ხოშტარიას პარტია "დროა" პენიტენციური სამსახურს პასუხობს, მათი შეფასებით, "სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რაიმე სახით ან ფორმით არ გაუარესებულა. სიმართლეა, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად უარესდება და ეს მათივე განცხადებაშია აღიარებული".
"თავისუფლების პირობებში, ელენეს დაავადებების მართვა სრულიად შესაძლებელი იყო და მისი მდგომარეობა თვისობრივად გაუარესდა მას მერე, რაც მისი დაკავების შემდეგ, მკურნალობაზე პასუხისმგებელი პენიტენციური სამსახური გახდა. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, ელენე რეჟიმისგან არაფერს ითხოვს და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ელენეს პრეტენზია არ აქვს ციხის რიგით თანამშრომლებთან - ექთნებთან და ოფიცრებთან.
"პენიტენციურმა სამსახურმა ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, დაუყოვნებლივ პასუხი უნდა გასცეს ელენე ხოშტარიას ადვოკატის წერილს", - ნათქვამია "დროა"-ს განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი გიორგი პატარიძე ყველას მოუწოდებს "თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან". მისი თქმით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია მაღალი სტანდარტის სამედიცინო მოსახურებით. რაც შეეხება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ადვოკატის ბრალდება კი მისი თქმით, "მტკნარი სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება".
ხოშტარიას ადვოკატი
ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თითბერიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
"4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება. ყოველი ვიზიტის დროს, ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის, თვალშისაცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ესენია: სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება; პერიოდულად, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი.
"ელენე ხოშტარია არ აპირებდა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა მას მერე, რაც დარწმუნდა, რომ როგორც ციხის სამედიცინო პერსონალმა ისე დაწესებულების დირექტორმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება, გადაწყვიტა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება.
- ხოშტარიას ადვოკატი: "უკვე ორი კვირაა, რაც ელენე ხოშტარიას ადვოკატმა მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას პოლიტიკური პატიმრის მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, დღემდე, ამ მიმართვაზე პასუხიც არ მიგვიღია"
"ელენეს არანაირი პრეტენზია არ აქვს დაწესებულების თანამშრომლებთან, კერძოდ ექთნებთან და ოფიცრებთან. თუმცა, აღსანიშნავია დაწესებულების სამედიცინო პერსონალისა და დირექტორის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი - მათ მიერ ამ 4 თვის მანძილზე ჩატარებული სამედიცინო კვლევები თუ პროცედურები სპორადული, არასისტემური და არაეფექტურია.
"იმის გამო, რომ მას დღემდე არ აქვს საჭირო პასუხები და მკურნალობის გეგმა, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ თურქეთის კლინიკაში, ელენეს მკურნალ ექიმებთან. თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი.
"მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები, დაახლოებით 2 თვის წინ, მიღებისთანავე, გადაეცა მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.
"ამასთან ერთად, უკვე ორი კვირაა, რაც ელენე ხოშტარიას ადვოკატმა მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას პოლიტიკური პატიმრის მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, დღემდე, ამ მიმართვაზე პასუხიც არ მიგვიღია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს პენიტენციური სამსახურის გულგრილ დამოკიდებულებას პატიმრების ჯანმრთელობისა და მათ წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ",- აღნიშნა თუთბერიძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური
უწყების ინფორმაციით, ხოშტარია კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. მას ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ კვლევა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ხოშტარიას რევმატოლოგთან მორიგი კონსულტაცია დღეს აქვს ჩანიშნული.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ელენე ხოშტარიას ინტერესების დამცველი ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით.
"ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით.
- სპეციალური პენიტენციური სამსახური: "მსჯავრდებული კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ კვლევა"
"ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა.
"მსჯავრდებული კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ კვლევა.
"მსჯავრდებულს რევმატოლოგის ბოლო კონსულტაცია ჩაუტარდა 2026 წლის 5 ივნისს, გაიცა რეკომენდაცია და განხორციელდა შესაბამისი კვლევები. დაენიშნა მკურნალობა, მოქმედი გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისად",- ნათქვამია ინფორმაციაში.
სამსახურის ცნობით, "ელენე ხოშტარიას დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან მსჯავრდებულის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებასთან, ან დამატებით გამოკვლევებთან დაკავშირებით".
ოპოზიციის შეფასებები
"მრავალშვილიან ქალს პოსტერის დაზიანების გამო სიცოცხლის რისკს რომ უქმნის სახელმწიფო და თანაც თავს იმით იმართლებს, რომ ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც ჰქონდა, ვიცოდი და მაინც გამოვკეტეო - კი, ზუსტად ამაშია საქმე! ეს არის აღიარება, რომ განზრახ წირავ ადამიანს!" - წერს "გახარია საქართველოსთვის" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში.
"ლელოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ხოშტარია "წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია და საზოგადოება ამას არ უნდა შეეგუოს".