ნატალია ჯვარიძე
18.06.2026

„ნაციონალური მოძრაობის" არსებობის ისტორიაში იყო პრეცედენტი, როდესაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხდა. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხებული ლიდერი თავის მხარდამჭერებთან ერთად გამოეყო პარტიას. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი რამ ენმ-ში ახლაც მოხდეს.

ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე, თუნა ბოკუჩავა ამ თანამდებობაზე 2024 წლის 8 ივლისს აირჩიეს 2 წლის ვადით და მისი უფლებამოსილება მომავალ თვეში სრულდება.

17 ივნისს პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელმაც ენმ-ში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია: „ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს".

ამაზე თინა ბოკუჩავას პირველი რეაქცია მკვეთრად უარყოფითი იყო: „მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ".

თუმცა, 18 ივნისს ბოკუჩავამ ტონი შეარბილა და განაცხადა, რომ პარტიაში რჩება.

„ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის, რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში" და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს", - დაწერა ენმ-ის თავმჯდომარემ „ფეისბუკში".

თავად ნანუკა ჟორჟოლიანი ამჟამად რეგიონებში ატარებს შეხვედრებს პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ამბობს, რომ ჯერ არაა გადაწყვეტილი ვინ დასახელდება თავმჯდომარეობის კანდიდატად.

„შევხვდები ყველა რეგიონის წარმომადგენელ და მიშამდე მივიტან მათ სურვილებს და ხედვებს. ამის შემდეგ გადაწყდება მიშას კანდიდატი ნანუკაა თუ სხვა. ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი ვინ იქნება „ნაცმოს" თავმდჯომარე.

„პ.ს. ეს ბაბლი ვიყავით ხაბეს რომ ვიწუნებდით და ჯერ რასაც ვხედავ, პარტიაში ყველაზე კარგ თავმჯდომარედ, სწორედ ხაბეს თვლიან", - წერს ჟორჟოლიანი „ფეისბუქში".

პრეცედენტები

ენმ-ის ისტორიაში უკვე იყო პრეცედენტი, როდესაც სააკაშვილმა დაასახელა თავისი ფავორიტი და ის ვერ გახდა პარტიის თავმჯდომარე. ეს მოხდა 2020 წლის იანვარში. მაშინ სააკაშვილმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს უჭრედა ლევან ვარშალომიძის კანდიდატურას, მაგრამ ვარშალომიძემ წააგო არჩევნები ნიკა მელიასთან.

ამის შემდგომ, პარტიაში სერიოზული შდა კრიზისის ფონზე, 2023 წელს ჩატარდა თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნები, რომელშიც მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაუპირისპირდა ლევან ხაბეიშვილი. გამარჯვებული ხაბეიშვილი გახდა, თუმცა კრიზისი გაღრმავდა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მელია თავის მხარდამჭერებთან ერთად გამოეყო პარტიას.გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მან ნიკა გვარამიასთან ერთად შექმნა ახალი პარტია „ახალი".

რა მოხდება ყრილობაზე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე არც იმას გამორიცხავს, რომ სააკაშილის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვოს და არც იმას, რომ არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობა" მისი წევრების ნაწილმა დატოვოს.

  • ნიკა ჩიტაძე: „გამორიცხული არაა არჩევნების მერე თინა ბოკუჩავა სხვა პარტიაში გადავიდეს. თუმცა, იმედი მაქვს, ენმ ერთიანობას შეინარჩუნებს."

„რა თქმა უნდა, ენმ-ის არჩევნებზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის ისიც, რომ სააკაშვილის კანდიდატმა ვერ გაიმარჯვოს. მართალია, სააკაშვილი პარტიის ლიდერია, მაგრამ ის ბელადი არაა. პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ეს არ არის „ქართული ოცნება", სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას.

„გამორიცხული არაა არჩევნების მერე თინა ბოკუჩავა სხვა პარტიაში გადავიდეს. თუმცა, იმედი მაქვს, ენმ ერთიანობას შეინარჩუნებს. დასანანი იქნება, თუ ბოკუჩავა და მისი მხარდამჭერები პარტიას დატოვებენ, რადგან ერთიანობა აუცილებელია. თავმჯდომარე ხან ერთი პოლიტიკური მოღვაწე იქნება, ხან მეორე და ამაში არაფერია გასაკვირი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაარა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა, პარტიისთვის ეს უფრო კარგიცაა.

„ერთის მხრივ გამორიცხული არაა სააკაშვილის კანდიდატურამ ვერ გაიმარჯვოს და მეორეს მხრივ, ეს კარგიც იქნება მათთვის, რადგან ეს დემოკრატიის მანიშნებელია. თავმჯდომარედ ჟორჟოლიანის არგასვლა ენმ-სთვის ტრაგედია კი არ იქნება, პირიქით - უკეთესი ვარიანტი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჟორჟოლიანს პატივს არ ვცემ.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ერთის მხრივ გამორიცხული არაა სააკაშვილის კანდიდატურამ ვერ გაიმარჯვოს და მეორეს მხრივ, ეს კარგიც იქნება მათთვის, რადგან ეს დემოკრატიის მანიშნებელია."

„დემოკრატიულად არჩეული თავმჯდომარე ყველაზე კარგი იქნება, ვიდრე სააკაშვილის მიერ დასმული. ის ფორმა, რითაც მან კანდიდატურა წარადგინა, არადემოკრატიული და მიუღებელია. თუ ეს პარტიის შიგნით მიუღებლობას გამოიწვევს, ეს პარტიის სიჯანსაღეზე მიუთითებს. თუ ამის გამო ბოკუჩავამ პარტია დატოვა, კატასროფა ნამდვილად არ იქნება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×