
ხანდახან გვგონია, რომ არაფერი არ ხდება. ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები თითქოს არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ასე, რომ ეს ტყუილად არ კეთდება. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE" თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისა.
მისი თქმით, ევრობიუროკრატები ცდილობენ, რომ საქართველოს ირგვლივ ნეგატივი მუდმივად ტრიალებდეს და ჩვენი ქვეყანა თავის მართლების რეჟიმში იყოს.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია, რაც არ უნდა იყოს მაინც შეუმჩნეველი არ რჩება, მათ შორის არც პრესას. მასობრივი საშუალებები აშუქებენ, ინტერნეტგვერდები აშუქებენ. დისკუსიები მიდის და რაღაც პერიოდში ერთხელ ლაპარაკობენ, რომ არის ქვეყანა საქართველო, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ევროკავშირში შემოვიდეს მაგრამ ჰყავს პოლიტპატიმრები და ა.შ. ეს თავის საქმეს აკეთებს მათთვის, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ასე, რომ ეს ტყუილად არ კეთდება. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა. კიდევ გაიმეორებენ. გავა 3-4 თვე, როცა ეს ამბავი მოძველდება კიდევ ახალ რეზოლუციას გამოაცხობენ. საქართველოს გარშემო ნეგატივი უნდა იყოს მუდმივად", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში რევოლუციური განწყობების შესაქმნელად ევრობიუროკრატია ცდილობს სეგრეგაცია მოახდინოს საზოგადოების - ერთ ნაწილს უთხრას, რომ შენ უვიზო მიმოსვლას შეგინარჩუნებ, მეორეს კი უთხრას, რომ არა.