
ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სკეპტიკურ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ მიუხედავად საკითხისადმი გაზრდილი ინტერესისა, ჯერ უცნობია, გადაიქცევა თუ არა გაფართოება რეალობად. მისი თქმით, ბოლო ათწლეულების გამოცდილება აჩვენებს, რომ ევროკავშირს გაფართოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი არ ჰქონია.
ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკვე მრავალი წელია მონაწილეობენ, თუმცა ეს ჯერ წევრობამდე არ მისულა.
მინისტრის შეფასებით, გაფართოების თემის გააქტიურება ძირითადად ახალი გეოპოლიტიკური გარემოებებითაა განპირობებული, მაშინ როდესაც თავად ევროკავშირში კვლავ მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს გაფართოების პოლიტიკა და რა წესებით უნდა მოხდეს ახალი წევრების მიღება.
ბლოკის გაფართოების შანსი და საქართველოს პერსპექტივა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირს გაფართოების შანსი აქვს, საქართველოს შანსები კი ბუნდოვანია, სანამ ხელისუფლება იმ ნაბიჯებს არ გადადგამს, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებშია.
"ევროკავშირს გაფართოების შესაძლებლობა აქვს. ევროკავშირი 1957 წელს დაფუძნდა, ხელშეკრულება ძალაში 1958 წელს შევიდა, მისი დამფუძნებელი 6 სახელმწიფო იყო, დღეს ბლოკს 27 წევრი ჰყავს. მართალია ბრიტანეთი გავიდა, მაგრამ დაფუძნების დღიდან ევროკავშირი გაფართოვდა.
- ნიკა ჩიტაძე: "საქართველოს შანსებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სანქციებიც ამოქმედდეს"
"ევროკავშირის ფარგლებში გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო იღებს, ვეტოს უფლება თითოეულ ქვეყანას გააჩნია. ახლა აქ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა გაითვალისწინოს თუნდაც ის, რომ ვერ მიიღებოდა ზოგიერთი ისეთი გადაწყვეტილება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის. თუნდაც უკრაინის დაცვისთვის უნგრეთი რომ ბლოკავდა, მსგავსი გადაწყვეტილებაზეა საუბარი, რომლებიც ევროკავშირის საერთო პრინციპებს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში შეიძლება განიხილონ ეს საკითხი.
"უნგრეთის ქმედება წინააღმდეგობაში მოდიოდა ევროკავშირის ძირითად პოლიტიკასთან, ამაშია საქმე, რომ მომავალშიც პრობლემა არ შეიქმნას, თორემ ყველა ქვეყანა ერთნაირი უფლებით სარგებლობს.
"რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით შანსებს ვერ ვხედავ, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სანქციებიც ამოქმედდეს",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოსთვის არაფერი არ იცვლება, ევროკავშირის გაფართოების შანსი არის, თუმცა, ახალ წევრებს შეზღუდული უფლებები ექნებათ.
"საქართველოსთვის არაფერი იცვლება, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა სამხედრო-პოლიტიკური სისხლიანი ავანტიურა განახორციელა და რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო, იქ სამხედრო ბაზები განათავსა და იმყოფება საქართველოში, როგორც ოკუპანტი.
"როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ისეთი ვითარებაა საქართველოშიო, რომ გაწევრიანებას არც კი განიხილავენ. ეს მაღალი თანამდებობის პირებს საჯაროდ არასოდეს არ უთქვამთ.
"მთელი ეს საუბარი გაწევრიანებაზე, გადაიქცა სწორედ ვირს რომ ცხვირწინ სტაფილოს ჩამოუკიდებენ და მიდი ვირო მიდიო.
- პეტრე მამრაძე: "მთელი ეს საუბარი გაწევრიანებაზე, გადაიქცა სწორედ ვირს რომ ცხვირწინ სტაფილოს ჩამოუკიდებენ და მიდი ვირო მიდიო"
"თავად ევროკავშირის გაფართოების, ანუ სხვა ქვეყნების გაწევრიანების შანსი არსებობს, ახლა სწორედ იმაზე მუშაობენ, რომ წევრები სხვანაირი უფლებებით მიიღონ, კონსენსუსის წესი შეცვალონ და ეს გასაგებიცაა, როცა 27-დან ერთი ქვეყანა უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა და მთელი მათი პროექტები და მიზნები განუსაზღვრელი დროით გადაიდებოდა ხოლმე - ახლა ამის შეცვლას ცდილობენ",-განაცხადა მამრაძემ.
რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი
მაკა ბოჭორიშვილის კომენტარს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„ათწლეულები იცით, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არიან ამ პროცესში, თურქეთი ძალიან ბევრი ათწლეულია, პროცესშია, თუმცა პროგრესი გაფართოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირს არ განუცდია უკვე ასევე ათწლეულია, უფრო მეტიც და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად გეოპოლიტიკური მოცემულობა იყო ამ თემაზე საუბრის დაწყების ახალი გამომწვევი.
"თუმცა, რა შედეგებამდე მივალთ, იქნება თუ არა ევროკავშირის გაფართოება რეალობა, რა ფორმებით, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია. იცით, რომ ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ამ თემებზე, რა უნდა იყოს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, როგორ უნდა იყოს წესები გაფართოების, რაც თავისთავად ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.