
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედ დარტყმებს ადგილობრივი წარმოების იარაღის გამოყენებით ახორციელებს.
„უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ დარტყმებს აყენებს. ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს. პუტინის პროპაგანდა ყოველთვის ეუბნებოდა რუს ხალხს, რომ ისინი მთელ „კოლექტიურ დასავლეთს" ებრძვიან და არა მხოლოდ უკრაინას. ამით პუტინის დამცირების დამალვა და იმის ახსნა იყო საჭირო, თუ რატომ გრძელდება ეს ომი პირველ მსოფლიო ომზე დიდხანს. ომი იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც, მისი თქმით, არ არსებობდა და წლების წინ უნდა ჩამოშლილიყო", - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ახლა განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ მოსკოვისა და რუსეთის სხვა რეგიონების წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების" 100% უკრაინული წარმოების იარაღით ხორციელდება.
„რუსულ პროპაგანდას გაუჭირდება ამის თავის ტყუილში ჩასმა. პუტინმა არა მხოლოდ არასწორად გათვალა უკრაინაზე თავდასხმა. მან ისტორიული შეცდომა დაუშვა. ყოველთვე, როდესაც ის უარს ამბობს ამის მიღებაზე და ამ ომის დასრულებაზე, საქმე მხოლოდ გაუარესდება მისთვის და მისი რეჟიმისთვის. ნებისმიერ მომენტში პუტინს აქვს გამოსავალი. მას უბრალოდ უნდა უბრძანოს თავის საოკუპაციო ძალებს ცეცხლის შეწყვეტა და ომის შეჩერება", - აცხადებს სიბიგა.
ანალიტიკოსების აზრით, საკუთარი, უკრაინული წარმოების იარაღით კიევს ბორკილები ეხსნება. როდესაც უკრაინული რაკეტა მოსკოვთან ახლოს სამხედრო ობიექტს ხვდება, დასავლეთი პასუხისმგებლობას იხსნის, რუსეთი კი პარტნიორებს „ბირთვული მუქარით" ვეღარ აშანტაჟებს.
ანუ, ექსპერტებით შეფასებით, უკრაინამ იპოვა გზა, გვერდი აუაროს დასავლეთის შიშებს. ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის უნარმა, მიაღწიოს მოსკოვამდე, სანკტ-პეტერბურგამდე და ურალის მთებამდეც კი, რუსეთი მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა. მათ ფრონტის ხაზიდან უწევთ საჰაერო დაცვის ძვირადღირებული სისტემების (S-400, „პანცირები") მოხსნა და საკუთარი ქარხნების, ნავთობის ბაზებისა და აეროდრომების გარშემო ჩაყენება. ეს ასუსტებს რუსეთის თავდაცვას უშუალოდ ბრძოლის ველზე.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინა კი არ ანადგურებს მთლიან ქარხანას, რაც რთულია, არამედ ზუსტად არტყამს ყველაზე ძვირადღირებულ, დასავლური წარმოების ტექნოლოგიურ სვეტებს, რომელთა შეკეთებაც რუსეთს სანქციების გამო უჭირს. ეს პირდაპირ აზიანებს რუსეთის ბიუჯეტს და იწვევს საწვავის კრიზისს ქვეყნის შიგნით.
ანალიტიკოსები მხოლოდ დადებით მხარეებს არ უყურებენ, ისინი მთავარ პრობლემაზეც საუბრობენ. მათი აზრით, დრონები და რაკეტები კარგია, მაგრამ ისინი ვერ ჩაანაცვლებენ მძიმე არტილერიას, ტანკებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც უკრაინას ფრონტის ხაზის დასაჭერად სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ იარაღი უკრაინაში იწყობა, ბევრი მაღალტექნოლოგიური დეტალი (ჩიპები, ნავიგაციის სისტემები) მაინც დასავლეთიდან შედის. ანუ, უკრაინის ეს შესაძლებლობა ეფექტურია, მაგრამ ის მაინც დამოკიდებულია დასავლურ დაფინანსებასა და კომპონენტებზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინას დღეს არ აქვს იმის რესურსი, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე სრულად გაანადგუროს ან სამხედრო გზით კაპიტულაცია აიძულოს. თუმცა, უკრაინის დღევანდელ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს შეუძლია ომი რუსეთისთვის იმდენად ძვირი, დამანგრეველი და დისკომფორტული გახადოს, რომ კრემლი ადრე თუ გვიან იძულებული გახდეს, რეალურ მოლაპარაკებებზე წამოვიდეს.