თამთა ჩაჩანიძე
19.06.2026

თუ აქამდე მმართველი პარტიისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციებს "ჩალის ფასი" არ ჰქონდა, ახლა "ოცნებისთვის" ერთი თეთრი და ევროცენტიც კი არ ღირს დოკუმენტი. უმრავლესობის დეპუტატების თქმით, ევროპული სტრუქტურების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული არაერთი განცხადება და რეზოლუცია რეალური გავლენისა და ქმედითი მექანიზმების გარეშეა დარჩენილი.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტილებებს ძირითადად ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე იღებს, შესაბამისად, ევროპარლამენტის რეზოლუციები ამ მხრივ დიდი მნიშვნელობისაა.

  • ნიკა ჩიტაძე: "ევროპული საბჭო ძირითადად გადაწყვეტილებებს ევროპარლამენტის რეზოლუციების საფუძველზე იღებს"

"ევროპარლამენტის რეზოლუციას ერთი ცენტის ფასი არ აქვს. ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო და არასავალდებულო ხასიათისაა და ამიტომაც ქედმაღლურად საუბრობენ, მაგრამ მეორეს მხრივ, ევროპარლამენტი წარუდგენს რეკომენდაციებს უკვე აღმასრულებელ სტრუქტურებს, მათ შორის უმაღლეს ორგანოს ევროპულ საბჭოს.

"ევროპული საბჭო ძირითადად გადაწყვეტილებებს ევროპარლამენტის რეზოლუციების საფუძველზე იღებს, მათ შორის თუნდაც ის, რომ ჩვენ 2023 წლის 14 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა - ეს ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე იყო მიღებული ევროპული საბჭოს მიერ.

"ახლა, ამ რეზოლუციაში მოყვანილი საკითხები შეიძლება გაითვალისწინონ ევროკავშირის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა და საბოლოოდ ევროსაბჭომ დაამტკიცოს",- განაცხადა ჩიტაძემ.   

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და განცხადებები მხოლოდ მოსახლეობის მღელვარებისთვისაა და ფასი არ აქვს.

"საქართველოს მიმართ უკვე მერამდენე რეზოლუციაა? იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში დამანგრეველი ომი მიდის და უპირველეს ყოვლისა ევროპისთვის, ახლა იცლიან და თითქმის ყოველ კვირას იღებენ რეზოლუციას საქართველოზე. ეგ იმ ევრობიუროკრატიის მცდელობაა, რომ რამენაირად თავი გადაირჩინონ, ეს ომი დიდხანს გაწელონ, რადგან მისი დასრულების შემდეგ, ძალიან კარგად იციან, რომ მათი საქმე გადაწყვეტილია.

  • ედიშერ გვენეტაძე: "ეს მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაში მღელვარების გამოსაწვევადაა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა იმდენად დაბრძენდა, რომ იაფფასიან რეზოლუციებს და განცხადებებს აინუნშიც არ აგდებს"

"სრულიად ვეთანხმები ბატონ არჩილს, როდესაც ლაპარაკობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაში მღელვარების გამოსაწვევადაა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა ამდენი წლის განმავლობაში იმდენად დაბრძენდა, რომ იმ იაფფასიან რეზოლუციებს და განცხადებებს აინუნშიც არ აგდებს",- განაცხადა გვენეტაძემ.   

რას ამბობენ "ოცნებაში"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირი დგას ცივილიზაციური უფსკრულის წინაშე და აუცილებელია, რომ ევროკავშირის მასშტაბით რეალური ევროპა და ევროპულობა დაბრუნდეს.

"ევროპარლამენტის თუ ევროკავშირის მასშტაბით მიღებულ განცხადებებს და რეზოლუციებს ერთი თეთრის, ერთი ევროცენტის ფასიც კი აღარ აქვს უკვე. იმდენი განცხადება, გადაწყვეტილება და რეზოლუცია არის მიღებული, რომ ამ გადაწყვეტილებების რაოდენობაც კი იმაზე მეტყველებს, რომ არავითარი ქმედითი მექანიზმი, საშუალება და ბუნება ამ ყველაფერს არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენჯერ ასეთი განცხადებების გაკეთება მათ არ მოუწევდათ.

"მათი მიზანი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევაა - ამ მღელვარების ფონზე კი სცადონ შემდეგ სხვის დაკრულზე მოცეკვავე ადამიანებმა, გარე მმართველობა დაამყარონ ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი არ გამოსდით, მიუხედავად ხუთჯერ რევოლუციური მოქმედებების, ხელისუფლების დამხობისა და გარე მმართველობის ჩამოყალიბების მცდელობისა - მიუხედავად ათჯერ დამარცხებისა, უბრალოდ იმ გამოუვალ მდგომარეობაში არიან, რასაც ვხედავთ",- განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×