მარიამ ვეკუა
19.06.2026

ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა ახალმა რეზოლუციამ თბილისში პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო გაზარდა. დოკუმენტმა, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის არსებული უფსკრული კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

მაშინ, როდესაც ოპოზიციური სპექტრი ევროპელი პარტნიორებისგან ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებას და „დამანგრეველ სანქციებს" ელოდება, „ქართული ოცნება" ბრიუსელიდან მიღებულ გზავნილებს აბსურდულს უწოდებს და სუვერენიტეტის დაცვაზე აკეთებს აქცენტს.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთი მხარდაჭერაა ქართველი ხალხის მიმართ.

„ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა შიგნიდან ჩაკეტა და ქართველი ხალხი ცდილობს გაღებას, რასაც დახმარება სჭირდება. სწორედ ამას ემსახურება ეს რეზოლუცია. საჭიროა „თარგეთირებული", მწვავე სანქციები, არა მხოლოდ მსუსხავი ეფექტის, არამედ დამანგრეველი ძალის, ვინაიდან ჩვენ ვიბრძვით და გვჭირდება დახმარება ევროპელების და მეგობრების მხრიდან, რათა კანონის უზენაესობა იყოს, დემოკრატია და თანასწორობა. ასევე, უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმოტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდს აღარ აინტერესებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებ.

"არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას" ჰქონდეს რესურსი, გაითვალისწინოს საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების ეს რეკომენდაციები, მოთხოვნები. მათთვის დემოკრატია არის საფრთხე, დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა არის საფრთხე თავიანთი ძალაუფლების დაკარგვის.

იციან, რომ მათი ძალაუფლება დგას არა ხალხის ნებაზე, არა საზოგადოების განწყობაზე, მათ მიმართ მხარდაჭერაზე, არამედ დგას ძალაუფლების უზურპაციაზე. შესაბამისად, უზურპაციის დათმობა, ინსტიტუტების გათავისუფლება, მათთვის ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს და, რა თქმა უნდა, ამისთვის არ არიან მზად.

ჯერჯერობით, თვითონაც და სახელმწიფოსაც, ქვეყანას მთლიანად ახდევინებენ ძალიან ძვირ ფასს. ძალიან დიდ ფასს იხდის თითოეული ჩვენგანი, ვკარგავთ უზარმაზარ პერსპექტივას, უზარმაზარ შესაძლებლობას და უკან ვიხევთ იქიდან, სადამდეც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მოვდიოდით. ეს უზარმაზარი დანაკარგია, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა განიცადა.

"ქართული ოცნება" გვახედვინებს ამ ფასს მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად იყოს ფინანსურად, ჰქონდეს ძალაუფლება უზურპირებული და მის ძალაუფლებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას."

"ოცნების" პასუხი

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავს რეზოლიციებს ფასი არ აქვს. თბილისის მერი კახა კალაძე, ამბობს, რომ მსგავსი რეზოლუცია წარსულშიც ბევრი უნახავს.

"ბევრი რეზოლუცია გვინახავს და ვიცით, როგორ ხდება ამ ტიპის რეზოლუციების მიღება. არანაირი ფასი არ აქვთ ამ რეზოლუციებს. მხოლოდ სიცრუე და არანაირი კონკრეტიკა, სიმართლე. ბევრი გვინახავს წარსულშიც ამ შინაარსის რეზოლუციები.

გრძელდება ეს ცილისწამება, მუქარა. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ ვთქვით, მზად ვართ დიალოგისთვის, დავსხდეთ და ვისაუბროთ და არა ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვიყუროს.

საქართველო არავის უკანა ეზო არ არის. ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს",- აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კომენტარი გააკეთა, უმრავლესობიდან ირაკლი კირცხალიამაც. "ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი - ამ ტექსტში ამოვიკითხავთ ისევ იმ დესტრუქციას, ისევ მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს, სრულიად აბსურდულ, სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ ფაქტებს და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, "სააკაშვილის პარტიის დე ფაქტო წევრი და წევრები მერამდენე რეზოლუციას დააინიცირებენ და განცხადებას გააკეთებენ, ამას მმართველი გუნდისთვის რასა იუკნევიჩიანეს ფასი აქვს".

კირცხალიამ აქცენტი ორმაგ სტანდარტებზე გააკეთა: "როდესაც ორმაგ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ერთი მხრივ ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე, პოლარიზაცია ღუპავს ყველა განვითარებულ ქვეყანას. ამ დროს თავისი ხელით ყველაფერს აკეთებენ, რომ კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ ქვეყანაში, რომელიც სურთ, რომ გახდეს პროქსი სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყონ ხელი პოლარიზაციას, სეგრეგაციას საზოგადოებაში.

დაყონ მაქსიმალურად და დაამძიმონ სიტუაცია. ეს ერთ-ერთი პუნქტიც ვიზებთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ თავიანთ აგენტურულ ქსელს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა, ხოლო დანარჩენ საზოგადოებას საზოგადოებად რომ არ თვლიან, ჩვენთვის არახალია", - განაცხადა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების წინააღმდეგ (მათი აქტივების გაყინვით). ასევე, მოითხოვს სანქციებს „ქართული ოცნების" ლიდერების, გარკვეული მოსამართლეებისა და პროკურორების მიმართ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×