
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას სარაკეტო და დრონებით თავდასხმების მოსალოდნელი გაძლიერების შესახებ აფრთხილებს და პარტნიორებს ფინანსური ზეწოლისკენ მოუწოდებს. კიევის განცხადებებს წინ უძღოდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში, რასაც კრემლი ახალი დარტყმების მუქარით პასუხობს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური და სამხედრო დასუსტების ფონზე, კრემლმა შესაძლოა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმები გააძლიეროს.
პარალელურად, კიევი დასავლელი პარტნიორებისგან სანქციების გამკაცრებასა და სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას ითხოვს, მოსკოვში კი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საჰაერო იერიშზე საუბრობენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვისა და საჰაერო განგაშის დროს თავშესაფრების გამოყენებისკენ მოუწოდა.
პუტინი სულ უფრო სუსტდება
იგი სუსტდება პოლიტიკურად, ბრძოლის ველზე და ფიზიკურად. სწორედ ამიტომ, მან შესაძლოა გააძლიეროს დარტყმები ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, რაკეტებითა და დრონებით", -განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, მოკავშირეები უკვე ნათლად ხედავენ, რომ კრემლის ლიდერის სამშვიდობო განცხადებები „მტკნარი სიცრუეა", თუმცა უკრაინა მაინც ინარჩუნებს მზადყოფნას იმ მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც რეალური მშვიდობის მიღწევისკენ იქნება მიმართული. დასავლეთის ფინანსური ზეწოლა და „რამშტაინის" შედეგები ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ევროპა სრულად უნდა ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე -როგორც სანქციების, ისე რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინის დაფინანსების ნაწილში.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ „რამშტაინის" ფორმატის ბოლო შეხვედრამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, კერძოდ Patriot-ის სისტემების დაფინანსების კუთხით, მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო, რაც ქვეყნის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.
მასშტაბური იერიში მოსკოვზე - რუსეთის საპასუხო მუქარა
კიევის განცხადებებს წინ უძღოდა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური იერიში რუსეთის დედაქალაქზე. უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორედ მიიტანეს იერიში. რუსული მედია ამ შემთხვევას ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვზე განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად აფასებს.
თავდასხმის საპასუხოდ გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი გააგრძელებს ფართომასშტაბიან დარტყმებს იმ უკრაინულ ობიექტებზე, რომლებიც ქვეყნის სამხედრო პოტენციალს უჭერენ მხარს.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის მიმართულებით დღესაც მფრინავი 25 დრონი მოიგერიეს. მომხდარს გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვიც, რომელმაც აღნიშნა, რომ უწყებები ყველაფერს აკეთებენ „შედეგების ლიკვიდაციისთვის".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ კი განმარტა, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედ დარტყმებს უკრაინა საკუთარი, ადგილობრივი წარმოების იარაღით ახორციელებს. მინისტრის განცხადებით, კრემლის პროპაგანდა წლების განმავლობაში უმტკიცებდა რუს ხალხს, რომ ისინი „კოლექტიურ დასავლეთს" ებრძვიან, რათა ამ გზით გადაეფარათ საკუთარი მარცხი.