თამთა ჩაჩანიძე
20.06.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსს ულტიმატუმს უყენებს და სამხედრო ზომებით ემუქრება, თუკი ერთი კვირის ვადაში ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინის მოსაზღვრე ორი რეგიონის გასწვრივ განლაგებულ სამხედრო დანიშნულების რეტრანსლატორებს არ მოხსნის, რომლებითაც, მისი თქმით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმების კორექტირებას ახდენს. მუქარის საპასუხოდ ბელარუსის ლიდერმა სამხედროებს უკრაინაის საზღვარზე გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ზელენსკის თქმით, ომის დასაწყისში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ნაწილი ბელარუსის ტერიტორიიდან ხორციელდებოდა და მაშინ ოფიციალური მინსკი აცხადებდა, რომ პროცესებს სრულად ვერ აკონტროლებდა. ახლა კი, როგორც ზელენსკი აცხადებს, ბელარუსს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

ლუკაშენკომ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინასთან საზღვარზე გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმის შენარჩუნება დაავალა და განაცხადა, რომ საზღვრისპირა ვითარება „როგორც არასდროს, ისე დაძაბულია".

დაძაბულობის ზრდას ხელი შეუწყო ბოლო დღეებში მომხდარმა რამდენიმე ინციდენტმაც. მათ შორის 17 ივნისს რუსეთის ბრიანსკის ოლქში ავტობუსზე, რომლითაც ბელოროსული ბავშვთა საფეხბურთო გუნდის წევრები მგზავრობდნენ, დრონებით განხორციელდა იერიში. შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის უკან უკრაინული მხარე იდგა, ხოლო მინსკმა კიევისგან განმარტება მოითხოვა და ფაქტზე ტერორიზმის მუხლით გამოძიება დაიწყო. უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ ამ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და შესაბამისი მტკიცებულებებიც გააჩნია.

მანამდე, მაისში, უკრაინის უპილოტო საავიაციო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ განაცხადა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ასობით პოტენციური სამიზნე უკვე იდენტიფიცირებულია.

სამხედრო ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ამ ფონზე ბელარუსმა უკრაინის ულტიმატუმი არ შეასრულოს და უკრაინამაც დაარტყას ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს.

როგორ დაიძაბა ვითარება რამდენიმე დღეში

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ივნისს განაცხადა, რომ ერთი კვირა საკმარისი იქნება, რათა მინსკმა საზღვარზე განლაგებული სამხედრო აღჭურვილობა მოხსნას.

„სრულმასშტაბიანი ომი როცა დაიწყო, ჩვენ რაკეტებით დაგვესხნენ თავს, რომლებმაც ბავშვები, ზრდასრულები და დიდი ოდენობის ხალხი დახოცეს. რაკეტები ბელარუსიდან მოფრინავდნენ. მერე მანაც (ლუკაშენკომ) დამირეკა, ბოდიში მომიხადა და თქვა, რომ ეს ჩემი კონტროლის ქვეშ არ იყო, რუსეთი მოქმედებდა ჩემს ტერიტორიაზეო. რა თქმა უნდა, მე ამის არ მჯეროდა, მაგრამ მან ამის შესახებ უკვე ილაპარაკა. რუსეთი ისევ აგრძელებს ომში მის ჩათრევას და ახლა მას ესმის, რომ უკრაინა პასუხს გასცემს.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: „ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი იქნება, რათა მან ეს გააკეთოს. თუ ის ამას არ იზამს, ჩვენ გავაკეთებთ".

„ბევრი ლაპარაკი საჭირო არაა. დღეს მას (ლუკაშენკოს) თავის ანძებზე რეტრანსლიატორები აქვს დაყენებული. რუსული რეტრანსლიატორებია თუ ბელარუსული, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? მის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე ორი რეგიონის გასწვრივ, განთავსებულია აღჭურვილობა, რომელიც უკრაინის მოსახლეობაზე ცეცხლის კორექტირებას ახდენს, მშვიდობიან მოსახლეობაზე. ყოველდღე ჩვენი მოქალაქეები ამის გამო იღუპებიან, ბავშვები ზიანდებიან. მოხსნას ეს აღჭურვილობა, გამორთოს. ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი იქნება, რათა მან ეს გააკეთოს. თუ ის ამას არ იზამს, ჩვენ გავაკეთებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე ბრიანსკის ინციდენტზე ისაუბრა:

„რაც შეეხება ბელარუსი ბავშვების ავტობუსზე დრონით დარტყმას, უკვე ყველამ აღიარა - საერთაშორისო ექსპერტებმაც და მემგონი რუსებმაც, რომ ეს არ უყო ჩვენი დარტყმა. რუსები ბევრ სხვადასხვა პროვოკაციას ახორციელებენ, რომ ბელარუსი ხალხი ომში ჩაითრიონ და ეს ერთ-ერთი მათგანია".

ამ განცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სამხედროებს მოუწოდა უკრაინა-ბელარუსის საზღვართან მკაცრი უსაფრთხების რეჟიმი შეენარჩუნებინათ, რადგან მისი თქმით, სიტუაცია "სამხრეთ საზღვართან სიტუაცია უკიდურესად გამწვავებულია".

მაისში უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საავიაციო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე განსაზღვრეს 500 სამიზნე. მან ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მოუწოდა, „თვალში ნუ ეჩხირება".

  • ალექსანდრ ლუკაშენკო: „ჩვენი სამხრეთის საზღვარი ცეცხლის ალშია გახვეული, როგორც არასდროს. მინდა ვუპასუხო ზოგიერთ სამხედროს - უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვარი გაძლიერებულ რეჟიმში, თუ არა. პასუხია - უნდა დავიცვათ".

ამ ფონზე, ბელარუსის ლიდერმა 16 ივნისს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კვლავ დაუცველია უკრაინის მხრიდან შესაძლო თავდასხმების მხრივ, რადგან უკრაინელი სამხედროები კარგად იცნობენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ამბობს, რომ მინსკი კი არაა დაინტერესებული კონფლიქტში ჩართვით და თუ უკრაინის დარტყმები რუსეთს გასცდება, ბელორუსის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკური ობიექტები შეიძლება სამიზნედ იქცეს, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის წარმოებისა და ენერგეტიკულ სისტემებს.

ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბელორუსის ტერიტორიიდან კიევზე რუსეთის შეტევა ფრონტის ხაზს დაახლოებით 1500 კილომეტრით გააფართოვებს, რაც შეუძლებელს გახდის ასეთი გრძელი მონაკვეთის კონტროლს. ლუკაშენკომ ასევე ბოდიში მოუხადა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისი წინა შენიშვნებისთვის.

„თუ ვლადიმერ ალექსანდროვიჩი განაწყენებული იყო, ბოდიშს ვუხდი მას ამ სიტყვებისთვის. შესაძლოა, შეიძლება ეს სიტყვები არ იყო საჭირო, იმის გათვალისწინებით, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, ომშია", - განაცხადა მან. დასასრულს, ბელორუსის ლიდერმა დასძინა,რომ მინსკიდან სამხედრო მოქმედებები მოსალოდნელი არ არის.

18 ივნისს კი ლუკაშენკომ სამხედროებთან თათბირზე ლუკაშენკომ ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხალხი საკუთარი ხარჯით იმიტომ არჩენს ჯარს, რომ ჯარმა ის დაიცვას.

„ჩვენი სამხრეთის საზღვარი - 1 500 კილომეტრი - ცეცხლის ალშია გახვეული, როგორც არასდროს. მინდა ვუპასუხო ზოგიერთ სამხედროს - უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვარი გაძლიერებულ რეჟიმში, თუ არა. პასუხია - უნდა დავიცვათ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

რა სცენარია მოსალოდნელი

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ბელარუსი უკან არ დაიხევს, მათ შორის პუტინის ფაქტორიც იმოქმედებს და უკრაინაც დაარტყამს სამიზნეებს.

„ზელენსკიმ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სიტყვის შესრულება ყოველთვის შეუძლია და არ ხუმრობს, განსაკუთრებით საომარი ვითარების პირობებში. თავად ლუკაშენკოს რაც შეეხება, მანამდე ბოდიშიც კი მოუხადა, მაგრამ ახლა ისაა საინტერესო, რამდენად შეძლებს ასეთ უკან დახევას პუტინის ფაქტორის გამო.

„ამ ფონზე, არ გამოვრიცხავ უკრაინელებმა მხოლოდ ერთჯერადი ქმედებით დაარტყან და გაანადგურონ მხოლოდ ის სამხედრო ობიექტები, რომლებიც არიან კოორდინატთა მიმცემები და ახორციელებენ დარტყმების კორექტირებას. შეიძლება დარტყმა ერთჯერადი იყოს და ლუკაშენკოს დაუმტკიცონ, რომ უკრაინელებთან ხუმრობა იოლი საქმე არ იქნება. ანუ გამაფრთხილებელი პრევენციული ტიპის სამხედრო აქცია ჩაატარიონ.

  • ვახტანგ მაისაია: „შეიძლება დარტყმა ერთჯერადი იყოს და ლუკაშენკოს დაუმტკიცონ, რომ უკრაინელებთან ხუმრობა იოლი საქმე არ იქნება. ანუ გამაფრთხილებელი პრევენციული ტიპის სამხედრო აქცია ჩაატარიონ."

„არ გამოვრივხავ ლუკაშენკო იმდენად გაჯიუტდეს, რომ ბელარუსი საომარ მოქმედებებში ჩაითრიოს, ისევ პუტინის ფაქტორის გამო - შეიძლება პუტინს ჰქონდეს ნაბრძანები, რომ უკან არ დაიხიოს. ბელარუსი თავიდანვე იყო უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის პლაცდარმი. მაშინ უკრაინელებმა ბელარუსი საბრძოლო მოქმედებების ზონაში არ გახვიეს, თუმცა, ახლა უკვე აშკარაა, რომ რუსები ბელარუსს იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისთვის.

„უფრო მგონია, რომ ბელარუსი და რუსეთი უბრალოდ მუშტს უღერებენ ევროპას. 60/40%-ზე ალბათობით ვფიქრობ, რომ უფრო ბელარუსი უკან არ დაიხევს და უკრაინა დაარტყამს. თუ ბელარუსი უკან დახევს, მაშინ რუსულ კონტინგეტს ქვეყნიდან გასვლა უნდა უბრძანოს და ამას რუსეთი არ გააკეთებს", - განაცხადა მაისაიამ.

კითხვაზე, თუ უკრაინამ აღნიშნულ ლოკაციებს დარტყა, რა პასუხია მოსალოდნელი ან ბელარუსისგან, ან რუსეთისგან, მაისაიამ გვითხრა:

„უკრაინელები უკვე მოსკოვს, ურალს და ციმბირის მიმართულებას ბომბავს, რუსები ვერაფერს ვერ უხერხებენ და ლუკაშენკომ რა უნდა გაუკეთოს? ლუკაშენკოს პოტენციალი გაცილებით სუსტია, ვიდრე პუტინის რუსეთის, თუმცა, ვერც რუსეთი ვერაფერს ვერ უპასუხებს", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×