თამთა ჩაჩანიძე
20.06.2026

ბოლო დღეებში ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ფიგურებმა - რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ და ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონკრეტული მედიასაშუალების წინააღმდეგ სამართლებრივი დავები დაიწყეს. ორივე შემთხვევაში მოსარჩელეთა მხრიდან საუბარია მათთან დაკავშირებით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს დავები შესაძლოა მხოლოდ ორი ინდივიდუალური საქმე არ აღმოჩნდეს და უახლოეს პერიოდში მსგავსი სარჩელების რაოდენობა გაიზარდოს.

ხაინდრავას სარჩელის საფუძველზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება პროკურატურამ ორი დღის წინ გაავრცელა.

„2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში

როგორც მანამდე ხაინდრავამ თქვა, ტელეკომპანიას მის წინააღმდეგ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, „ფორმულას" ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც, კინორეჟისორი საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანებით ვაჭრობას ახორციელებდა და ქრთამის სანაცვლოდ 2 000 ადამიანის შემოყვანაში მონაწილეობდა, რის შედეგადაც ოთხი მილიონი დოლარი მიიღო. მისი თქმით, ეს სიცრუეა.

„ფორმულას" იურისტის განცხადებით, სამართლებრივი თვალსაზრისით გოგა ხაინდრავას მიერ წარდგენილი სარჩელი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის. თავად ტელეკომპანიამაც გაავრცელა საპასუხო განცხადება.

„გოგა ხაინდრავასა და პროკურატურას მინდა ვუთხრა, რომ „შაბათის ფორმულას" რედაქცია ტრადიციულად აგრძელებს მუშაობას. ე.წ. ცრუ დასმენაზე სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება კი ბევრი მიმართულებით არის საგანგაშო", - განაცხადა „შაბათის ფორმულას" წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა.

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, მან 18 ივნისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ „იმედის" წინააღმდეგ, ცილისწამების ბრალდებით, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„ტელეკომპანია „იმედის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანე. საქმე ეხება ამ არხისა და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ჩემს წინააღმდეგ აგორებულ ფართომასშტაბიან, ცილისმწამებლურ კამპანიას, რომ თითქოსდა ქართველი ხალხის დასჯას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ვითხოვ.

„ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, მოწმე, ან თუნდაც უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერი, სადაც მე ოდესმე რაიმე მითქვამს ან მიფიქრია საქართველოს ევროპული მომავლის, კანდიდატის სტატუსის ან უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ, საპირისპიროს კი მრავალი ფაქტი ადასტურებს", - თქვა ლომჯარიამ.

ამის საპასუხოდ „იმედმა" განაცხადა, რომ ლომჯარიას საკუთარი პოზიციის ვრცელ გაშუქებას სთავაზობს.

„ტელეკომპანია ლომჯარიას საკუთარი პოზიციის ვრცელ გაშუქებას სთავაზობს. ყოფილმა ომბუდსმენმა „იმედს" სამი თვის წინ გაშუქებულ ამბავზე უჩივლა, ბრიფინგის შესახებ კი „იმედს" არ შეატყობინა. საუბარია გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე, რომელიც მან ფარულად და საელჩოს მანქანით დატოვა. ლომჯარია ცილისწამებად მიიჩნევს „იმედის" მიერ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას და ირწმუნება, რომ დიპლომატთან შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ მოუთხოვია", - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

შეფასებები

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსს" ეუბნება, რომ ეს ტენდენცია დემოკრატიის გაჯანსაღებას უკავშირდება, რითაც ცილისმწამებლური კამპანია უფრო შევიწროვდება.

„რაც მეტი საჩივარი იქნება ყალბი მედიის წინააღმდეგ, დემოკრატია მით უფრო გაჯანსაღდება და შევიწროვდება ცილისწამებლური კამპანია, განსაკუთრებით საქართველოში ხელისუფლებისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ.

  • გია აბაშიძე: „რაც მეტი საჩივარი იქნება ყალბი მედიის წინააღმდეგ, დემოკრატია მით უფრო გაჯანსაღდება და შევიწროვდება ცილისწამებლური კამპანია, განსაკუთრებით საქართველოში ხელისუფლებისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ."

„ლომჯარიას საჩივარი „იმედის" წინააღმდეგ ტრაგიკომედიაა, არანაირი კონკრეტული ფაქტები არ აქვთ და რაღაც აღქმებით და ილუზიებით მოქმედებენ. თუ ლომჯარიასთვის გუშინწინ ქართული მართლმსაჯულება ე.წ. მიტაცებული და ჯიბის იყო, ახლა სასამართლოს როგორ ენდობა? ისევეა რადიკალურ სეგმენტშიც და ესაა მათი ორმაგი სტანდარტები. ე.წ. მიტაცებული სასამართლო, ყველას თანაბრად ეპყრობა, როგორც გოგა ხაინდრავას, ისე ნინო ლომჯარიას.

„გოგა ხაინდრავას შემთხვევაში კიდევ უფრო ტრაგიკული სურათია, რაც „ნაცპროპაგანდისტებს" ახასიათებს, ისინი არა მხოლოდ ხაინდრავას, არამედ ყველას ამუნათებენ, ვინც კი „ქართული ოცნების" მხარდამჭერია. რაც მეტი საჩივარი შევა მავნებლური დეზინფომატორების წინააღმდეგ, მით უფრო გაჯანსაღდება პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გარემო საქართველოში", - აცხადებს აბაშიძე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „ფორმულას" წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ „ოცნება" ასეთი საჩივრებით პოლიტიკური სკანდალების გადაფარვას ცდილობს.

„არაა გამორიცხული, რომ ახლა „ფორმულაზე" ზეწოლა დაიწყონ, როგორც „რუსთავი 2"-ის შემთხვევაში, რომ ვითომ იქ კერძო საჩივარი იყო. აქაც შეიძლება ხაინდრავას საჩივრის საფუძველზე გაგრძელდეს ზეწოლა, რითიც შეიძლება სხვებიც წააქეზონ.

დღეს, შესაძლოა, „ოცნება" ამ თემების წამომწევით სკანდალების გადაფარვას ცდილობდეს, კორუფცია იქნება ეს თუ სხვა", - განაცხადა ჩიტაძემ.

ახალი ტენდენცია, თუ ცალკეული შემთხვევები

გია აბაშიძე გვეუბნება, რომ ეს, შესაძლოა, მსგავსის სამართლებრივი დავების სერიის დასაწყისი იყოს.

„უნდა გაგრძელებულიყო აქამდეც და რაც უფრო გააქტიურდება, მით უკეთესია. იყო სარჩელები ცალკეული ჩინოვნიკების, პოლიციელების და ა.შ. ისინი ყოველთვის იგებდნენ და სიმბოლურ ანაზღაურებას იღებდნენ. ეს პრაქტიკა დასავლურ ცხოვრებაში საკმაოდ გარცელებულია და აქაც რაც უფრო აქტიური იქნება, მით უფრო შეეზღუდებათ დეზინფორმაციის გავრცელების არეალი ნაცტელევიზიებსა და მათ მომსახურე სააგენტოებს", - ამბობს აბაშიძე.

  • ნიკა ჩიტაძე: „დღეს, შესაძლოა, „ოცნება" ამ თემების წამომწევით სკანდალების გადაფარვას ცდილობდეს, კორუფცია იქნება ეს თუ სხვა".

ნიკა ჩიტაძე კი ვარაუდობს, რომ ხაინდრავას სამართლებრივ დავას მოიგებს, ხოლო ლომჯარია - სავარაუდოდ არა.

„ლომჯარიამაც უჩივლა „იმედს", მაგრამ რამდენად დააკმაყოფილებენ მის სარჩელს და არ დააკმაყოფილებენ ხაინდრავას სარჩელს, ეს გასაგებია. სასამართლო ხელისუფლების კონტროლქვეშაა. შესაძლოა „ფორმულა" დააჯარიმონ, რათა ფინანსური დარტყმა მიაყენონ, ყველანაირ საბაბს ეძებენ და შეიძლება ლომჯარიას სარჩელი არ დააკმაყოფილონ, ან წარმოიებაში არ მიიღონ.

„შესაძლებელია ჩივილების სერია გაგრძელდეს, თუ ზეწოლა არ მოხდა ევროკავშირის მხრიდან. რამდენადაც გაუვათ, იქამდე გააგრძელებენ", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×