
მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ იღებს ევროკავშირში და მუდმივი შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ სახელმწიფოს, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი საფიცარი ორგანიზაცია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა მონაწილე ოპონენტების მისამართით.
მისივე თქმით, იგი ყოველთვის ემსახურებოდა და ახლაც ემსახურება საქართველოს. ნიკოლეიშვილმა გადაცემაში მონაწილე ოპონენტები ნეიტრალიტეტის თემაზე სასაუბროდ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ოფისში მიიწვია.
„მე მცირე მადლობა მინდა ამ ბატონებს განვუცხადო იმისთვის, რომ მათ ამ ეთერში განაცხადეს, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის ნეიტრალიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ აქვთ გააზრებული, თუ რას წარმოადგენს ეს ნეიტრალიტეტი. მე სიამოვნებით ვეპატიჟები მათ პარტიაში. შეგვიძლია, მათ ჩავუტაროთ ლექციები იმის თაობაზე, თუ რა არის უკეთესი.
ასევე, დავინახეთ მათი სუსტი მხარე და დამოკიდებულება იმ ევროილუზიის შესახებ, რაც საქართველოში დღესდღეობით არსებობს და იმის თაობაზე, რომ ადამიანებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ იღებს ევროკავშირში და მუდმივი შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ სახელმწიფოს, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი საფიცარი ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ეს სამწუხროა, თუმცა სასიხარულო ალბათ, ისაა, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო და უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება მომავალშიც, რომ შეაფასოს ის ყველაფერი, რაც ჩვენ აქ ვისაუბრეთ“, - განაცხადა გადაცემის ბოლოს ლევან ნიკოლეიშვილმა.