
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, მამუკა ჭინჭარაული გარდაცვლილი ნახეს
30 წლის კაცი რამდენიმე წელია ემიგრაციაში, დედასთან ერთად იმყოფება. ის წარმოშობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსადან არის.
როგორც ადგილობრივებმა გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ უთხრეს, ჭინჭარაულს გარდაცვლილს საცხოვრებელ სახლში მიაკვლიეს.
ცხედარს სამშობლოში 21 ივნისს გადმოასვენებენ, 25 ივნისს კი საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ემიგრანტის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ეხმაურებიან.
“ძვირფასო ახლობლებო, მეგობრებო და ნათესავებო, მძიმე გულით გაცნობებთ, რომ ჩემს ძვირფას ძმიშვილს, მამუკა ჭინჭარაულს, 21 ივნისს ჩამოასვენებენ სამშობლოში. გთხოვთ, სიყვარულითა და პატივისცემით გავაცილოთ უკანასკნელ გზაზე…“ - წერს მისი მამიდა, მზია შეთეკაური.