მარიამ ვეკუა
21.06.2026

აშშ-სა და ირანს შორის ახლახან გაფორმებული სამშვიდობო მემორანდუმის ბედი კითხვის ქვეშაა. ირანი აცხადებს, რომ 14-პუნქტიანი მემორანდუმის დარღვევის გამო, ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა, თუმცა აშშ ამას უარყოფს. ამის ფონზე ჟენევაში მხარეებს შორის მემორანდუმით გათვალისწინებული 60-დღიანი მოლაპარაკება დაიწყო.

20 ივნისს ირანის სამხედრო სარდლობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და აშშ-ის მიერ ომის დასრულების შეთანხმების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის გამო ჰორმუზის სრუტეს კეტავს.

„შეერთებული შტატების არაკეთილსინდისიერების და ომის დასრულების მემორანდუმის პირველი მუხლის შეუსრულებლობით ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით და სამხრეთ ლიბანში სიონისტური რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მუდმივი დარღვევის საპასუხოდ, ჰორმუზის სრუტე დაიკეტება გემების გადაადგილებისთვის", - ნათქვამია ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის, ხატამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის განცხადებაში.

ამერიკული მხარე კი აცხადებს, რომ სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება შენარჩუნებულია.

„აშშ-ის ძალები ადგილზე რჩებიან და ინარჩუნებენ მაღალ მზადყოფნას, რათა უზრუნველყონ ირანთან შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა, შესრულება და სრული განხორციელება", - აღნიშნულია აშშ-ის სარდლობის განცხადებაში.

მათივე ცნობით, 20 ივნისს სრუტე 55-მა სავაჭრო გემმა გადაკვეთა, რომელთაც მსოფლიო ბაზრებზე დიდი მოცულობის ტვირთი და 17 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობი გაიტანეს.

დაწესდება თუ არა გადასახადი

ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ამ დრომდე კვლავ გაურკვეველია - დაწესდება თუ არა გადასახადი სრუტეში გავლისთვის.

  •  დონალდ ტრამპი: „ჰორმუზის სრუტეში არც ამ 60 დღის ამოწურვის შემდეგ დაწესდება რაიმე მოსაკრებელი, თუ, რა თქმა უნდა, მათ თავად აშშ არ დააწესებს საკუთარი ინტერესებისთვის".

18 ივნისს აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთაგების მემორანდუმის პირობების თანახმად, სრუტე 60-დღიანი გარდამავალი პერიოდით უნდა გაიხსნას. ამ დროის განმავლობაში ირანს გემებისგან გატარების საფასურის მოთხოვნა ეკრძალება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი პირობას დებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისთვის გადასახადი არ ამის შემდეგ არ დაწესდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ მოსაკრებელს თავად აშშ ამოიღებს.

„ჰორმუზის სრუტეში ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიან პერიოდში გადასახადები არ იქნება და არც ამ 60 დღის ამოწურვის შემდეგ დაწესდება რაიმე მოსაკრებელი, თუ, რა თქმა უნდა, მათ თავად აშშ არ დააწესებს საკუთარი ინტერესებისთვის", - დაწერა ტრამპმა.

მოლაპარაკება გრძელდება

მიუხედავად ირანის სამხედრო უწყების განცხადებისა, რომ ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანზე მიტანილი იერიშების გამო ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტა, შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მაინც იწყება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი შვეიცარიაში კვირას გამთენიისას ჩაფრინდა. ირანის დელეგაცია კი, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ გალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შედიან, ადგილზე შაბათს გვიან ღამით ჩავიდნენ.

მოლაპარაკებაში აშშ-ისა და ირანის ოფიციალურ პირებთან ერთად პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური, ფელდმარშალი ასიმ მუნირიც მიიღებენ მონაწილეობას.

პაკისტანი მთელი ომის განმავლობაში მედიატორის როლს ასრულებდა და აშშ-სა და ირანს შორის გამართულ მოლაპარაკებების წინა რაუნდსაც სწორედ მან უმასპინძლა.

„პაკისტანი კვლავაც დაუჭერს მხარს ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული შეთანხმებების იმპლემენტაციას", - ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებამდე გავრცელდა.

ვენსის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ პროგრესს მიაღწევენ როგორც ბირთვულ საკითხზე, ისე ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის თემაზე.

  • ირანის სარდლობა: „სამხრეთ ლიბანში სიონისტური რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მუდმივი დარღვევის საპასუხოდ, ჰორმუზის სრუტე დაიკეტება გემების გადაადგილებისთვის".

შვეიცარიაში გამგზავრებამდე მედიასთან საუბრისას, როდესაც მას ისრაელსა და „ჰეზბოლას" შორის შეტაკებებისა და სამხრეთ ლიბანზე მიტანილი საჰაერო იერიშების შესახებ ჰკითხეს, ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა:

„იქ ვითარება რეალურად უმჯობესდება და პროცესები შედარებით შენელდა. ეს ის საკითხია, რომლის მართვაც მუდმივად მოგვიწევს, რათა უზრუნველვყოთ როგორც ისრაელის, ისე ლიბანის უსაფრთხოება და დაცულობა. ამ ყველაფრის ფუნდამენტური მიზანი სწორედ ეს არის - მთელი რეგიონი გახდეს უსაფრთხო და სტაბილური".

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „მეორე მხარისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს".

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს მიმდინარე შეტაკებები ისრაელსა და „ჰეზბოლას" შორის - ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებასთან, რომელიც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებშია ბაზირებული.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, შაბათს, ისრაელის საჰაერო იერიშების სერიის შედეგად, ქვეყანაში სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ „ჰეზბოლას" 80 სამიზნეს დაარტყეს და დაჯგუფების ათობით წევრი გაანადგურეს. ამასთან, ისრაელის სარდლობა ადასტურებს ოთხი ებრაელი ჯარისკაცის დაღუპვასაც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×