ნატალია ჯვარიძე
21.06.2026

საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიიდან ტვირთების დასავლეთში ტრანსპორტირების ერთგვარ ჰაბად იქცეს, რაც მას ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოუტანს - ასე აფასებს უცხოური მედია საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ აქტივობასა და მის გახშირებულ კონტაქტებს ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან.

ბოლო პერიოდში შუა დერეფნის განვითარებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციები აქტიურად მართავენ შეხვედრებს ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ოფიციალურ პირებთან.

21 ივნისს, საქართველომ და ტაჯიკეთმა ხელი მოაწერეს დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს.

  • ირაკლი კობახიძე: „ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები..."

როგორც კომუნიკეშია ნათქვამი, ტაჯიკეთის რესპუბლიკა და საქართველო მხარს უჭერენ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის რეგულარული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სწრაფ დამყარებას და მზად არიან, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ პროექტები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში.

„ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ჯანდაცვის, ასევე კვლევით ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს შორის კონტაქტების განვითარებას.

ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს და ქმნის საიმედო სამართლებრივ საფუძველს ტაჯიკეთ-საქართველოს თანამშრომლობის არსებული პოტენციალის ურთიერთსასარგებლო რეალიზაციისთვის", - აღნიშნულია კომუნიკეში.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო შავ ზღვასთან 7 ქვეყანას აკავშირებს და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანია.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „ცენტრალური აზიის ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ამერიკისა და ევროპისთვის, ასევე ჩინეთისთვის. როგორც ჩანს, საქართველოსაც სურ ამ პროცესში ჩაერთოს და ის ბენეფიტები მიიღოს, რაც შეიძლება".

„ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე იცით, რომ ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ურთიერთობებში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. იცით, რომ დიდი ინვესტიციები იდება ამ ყველაფერში დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში, ამასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობების განვითარებას როგორც მეზობელ ქვეყნებთან, იცით, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე მაქსიმალურად ვავითარებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რას აძლევს ეს საქათველოს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებით ამით ცდილობს გარკვეული ბენეფიტები მიიღოს.

„ეს არის იმ მრავალვექტორული პოლიტიკის მატერიალიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წელიწადია ატარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ მიბმული მარტო ევროკავშირზე და ვცდილობთ კავშირები გავაფართოოთ და ის ურთიერთობები დავავამყაროთ, რაც ქვეყნისთვის კარგი იქნება. ეს ქვეყანას დაეხმარება ეკონომიკური უსაფართხოების სარტყლის შექმნაში იმ პირობებში, როცა ევროპასთან ფინანსურ-ეკონომიკურ ურთიერთობები მინიმუმადეა დასული და შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო შემცირდეს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გააქტიურება ამითაც არის გამოწვეული.

„მეორეც, მოდით მხედველობაში მივიღოთ ის, რომ საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი რგოლია, ამიტომ ეს ფაქტორიც ხელს უწყობს, რომ საქართველო ცდილობს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ეს ცენტრალური აზიის ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ამერიკისა და ევროპისთვის, ასევე ჩინეთისთვის. როგორც ჩანს, საქართველოსაც სურ ამ პროცესში ჩაერთოს და ის ბენეფიტები მიიღოს, რაც შეიძლება", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „რადგან დასავლეთში აღარ ჩაგვესვლება, „ოცნება" ცდილობს საგარეო აქტიურობის ფონი შექმნას და ამისთვის შუა აზიის ქვეყნები გამოიყენა."

ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ეს იმის დასტურია, რომ „ოცნებას" სხვა გზა აღარ აქვს, გარდა ავტორიტარულ ქვეყნებთან დაახლოებისა.

„საქართველოს ასეთი გააქტიურებიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - საქართველოს ხელისუფლება ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ავტორიტარულ ქვეყნებთან. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს ეაქტიურა იმ ფონზე, როცა დასავლეთთანაც საკამოდ აქტიური ურთიერთობა გვექნებოდა, მაგრამ რადგან დასავლეთში აღარ ჩაგვესვლება, „ოცნება" ცდილობს საგარეო აქტიურობის ფონი შექმნას და ამისთვის შუა აზიის ქვეყნები გამოიყენა.

„თავისთავად ეკონომიკური და გნებავთ სხვა სახის ურთიერთობები ამ რესპუბლიკებთან ძალიან კარგია, მაგრამ რა ვითარებაცაა დღეს, აშკარაა, რომ ავტორიტარისკენ მიდრეკილებაა. შუა აზიის ნებისმიერი ქვეყანა „ოცნებას" არ ჰკითხავდა ირღვევა თუ არა ქვეყანაში ადამიანის უფლებები, როგორია არჩევნების საქმე და ა.შ.", - თქვა ძაბირაძემ.

როგორი რეაქცია ექნებათ გლობალურ მოთამაშეებს

ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ საქართველოს დაახლოებას შუა აზიის ქვეყნებთან გლობალური მოთამაშეების მხრიდან უარყოფითი რეაქცია არ უნდა მოჰყვეს.

„არ მგონია რუსეთის პოზიცია უარყოფითი იყოს. არც იმას ვფიქრობ, რომ ამერიკის პოზიცია იქნება უარყოფითი, რადგან თვითონ ტრამპს ჰყავდა დაბარებული ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოს ლიდერები და მათთან მთელ რიგ შეთანხმებებს მიაღწიეს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კუთხით.

ბოლო პერიოდში ჩინეთში ჩავიდნენ მაკრონი, მერცი და სხვები, რომლებმაც სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს. თუკი მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ჩვენ რატომ გვეკრძალება?! ამაზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს პასუხი არ აქვთ. არამგონია რაღაც უარყოფითი რეაცქციები ჰქონდეთ დიდ სახელმწიფოებს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, დიდ ქვეყნებს ამაზე მკვეთრი რეაქცია წესით არ უნდა ჰქონდეთ.

„ამაზე რუსეთის პოზიცია ძალიან რბილი იქნება, რადგან თურქმენეთის გარდა, რუსეთს ყველასთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. ჩინეთისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან მისთვის შუა დერეფანი თუ საინტერესოა, ეს იმას ნიშნავს, რომ შუა აზიის ქვეყნები ამ დერეფნის ნაწილია და თუ ამ ქვეყნებთან საქართველო ურთიერთობებს ალაგებს, ჩინეთვის ცუდი ნამდვილად არაა. რაც შეეხება ამერიკას, არ მგონია მას რაღაც პრობლემები შეექმნას, რადგან როგორც დასავლეთის, ისე ამერიკის ურთიერთობები საქართველოსთან უკვე ჩამოყალიბებულია.

„შუა დერეფანი თუ ამუშავდება და ამაში საქართველო ჩაერთვება, ამერიკისთვის მაინც და მაინც პრობლემა არ უნდა იყოს. ტვირთვები, რომელიც შუა აზიიდან წამოვა, შესაძლოა თავისუფლად გადამისამართდეს ზანგეზურის მიმართულებით, თუ ამერიკა მოონდომებს. ამიტომ არ მგონია ამერიკისთვის პრობლემური იყო, მითუმეტს ამერიკას არა, მაგრამ თურქეთს შუა აზიის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა აქვს, თურქეთი კი ნატოს წევრი ქვეყანაა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×