
„ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული შიდაპარტიული აზრთა სხვადასხვაობისა და კრიზისის ფონზე, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, საზოგადოებას ახალ, „5 პლუს 1" შეთანხმებას სთავაზობს. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ივლისში სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიამ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ხაბეიშვილი თავისი კანდიდატურის ადყენებას გეგმავს და საარჩევნო კამპანია ასე დაიწყო.
ხაბეიშვილის ინიციატივას წინ უძღოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ „ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება".
„უკვე მრავალი თვეა, არ გამართულა ენმ-ს პოლიტსაბჭო. პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს და ლიდერშიფის ბირთვის 90%-ს შორის საერთოდ არ იყო კომუნიკაცია. პარტია საერთოდ აღარ ასხივებდა, რომ შეუძლია ხელისუფლების შეცვლა, აღარ ქმნიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს და მხოლოდ ჩრდილი დარჩა ძველი სიძლიერის", - დაწერა სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე.
ამ განცხადების ფონზე, სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის წერილი ვრცელდება, სადაც საუბარია 5 საკითხზე, რომელთა ირგვლივაც, ავტორის აზრით, აუცილებელია საზოგადოების შეთანხმება, რათა პასუხი გაეცეს „ქართული ოცნების" პროპაგანდას. დამატებით ერთ პუნქტად კი ხაბეიშვილი აყალიბებს ფორმულას -„საქართველოს ივანიშვილის გარეშე".
წერილში ხაბეიშვილი შემდეგ პუნქტებს გამოყოფს:
„1. საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა. (ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია, უთხოვია საწინააღმდეგო. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ასევე არსებობს კანონი ან კონსტიტუცია, სადაც იგივე დათქმაა, რაც ზემოთ მოგახსენეთ);
„2. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რეაბილიტაცია და აღდგენა. ასევე, სასულიერო აკადემიების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ პატრიარქის ინსტიტუციისთვის შესაძლებლობის გაჩენას, რომ შობის და აღდგომის დღესასწაულებზე უშუამდგომლოს გარკვეული რაოდენობის მსჯავრდებულს;
„3. უპირობოდ შეწყდება უკონტროლოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება და გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იგივე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზომიერების გარეშე შეეძლებათ ესტუმრონ საქართველოს და არა ჩაანაცვლონ საქართველოს მოქალაქე;
„4. ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას;
„5. საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფაა. მცირდება შობადობა, იზრდება სიკვდილიანობა. ამ ფონზე ინგრევა ოჯახები და მათი უმრავლესობა საქართველოდან გადახვეწით შველის საკუთარ თავს. ჩვენთვის ოჯახი, გამრავლება არის პრიორიტეტი და შესაბამისად ქორწინება, ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა გახდება ფინანსურად წახალისებული და უზრუნველყოფილი", - ნათქვამია ხაბეიშვილის წერილში.
ამავე თემას ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაც. იგი ხაზს უსვამს ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების აუცილებლობას.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოს მომავალი უნდა იყოს ბიძინას გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს მყარი, სანდო და ძლიერი ალტერნატივა. მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, რაშიც ძალისხმევის ჩადებას მომავალში არ დავიშურებთ", - აცხადებს ბოკუჩავა.
რებრედინგი თუ წინასაარჩევნო კამპანია?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ხაბეიშვილის განცხადება „ნაცმოძრაობის" რებრენდინგის პროცესის გაგრძელებაა:
„გრძელდება ცვლილებები. ეს ოპოზიციური სპექტრიც კი „ნაცმოძრაობის" მსხვრევის ნაწილებია. ახალი ნაბიჯები დიდ ოპტიმმისზს არ უნდა უჩენდეს ოპოზიციის მომხრეებს, რადგან მათ არაერთხელ ნახეს, რომ უჭირთ სწორი ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობ, ხაბეიშვილიც არ არის გამონაკლისი."
- რამაზ საყვარელიძე: „შეიძლება ეს ინიციატივაც შიდაპარტიული აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდეს."
კითხვაზე, არის თუ არა ეს კავშირში „ნაცმოძრაობაში" მოხლოებულ ყრილობასთან და რამდენად შეგვიძლია განვიხილოთ ხაბეიშვილის ინიციატივა, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილი, საყვარელიძე გვპასუხობს:
„შეიძლება ამ ინიციატივის მიზანიც იყოს. არც ისაა გამორიცხული, რომ სწორად არჩეული ინიციატივა იყოს, იმიტომ, რომ გააჩნია როგორია ლიდერის ამომრჩეველი - ანუ პარტიის შემადგენლობა, რომელმაც ლიდერი უნდა აირჩიოს, იგივე მენტალიტეტი თუ აქვთ.
„ასე რომ, შეიძლება ეს ინიციატივაც შიდაპარტიული აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდეს. თავისუფლად შეიძლება, რომ იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შიდაპარტიული ლიდერობა რამდენიმე ადამიანისთვის, მათ ამ ლიდერობის მოტივით გადადგან ის ნაბიჯები, რომელსაც ითხოვს ლიდერის არჩევა."
- პაატა ზაქარეიშვილი: „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხაბეიშვილი ცდილობს ყრილობაზე მისული პარტიის წევრების გული მოიგოს და ალბათ აპირებს თავის კანდიდატურის დაყენებას პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე."
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშილი ხაბეიშვილის ჩამოყალიბებულ პუნქტებში ცუდს ვერაფერს ხედავს, თუმცა ამბობს, რომ ხაბეიშვილმა ასეთი შეთავაზებით თავის მხარდამჭერებს უნდა მიმართოს და არა ზოგადად საზოგადოებას:
„ნორმალური წინადადებებია, თუ ეხება ერთ პარტიას. ქართული პოლიტიკის მთელი უბედურება დღემდე ისაა, რომ ყოველი პარტია ეპოტინება მთელ საქართველოს. ეს არის ბოდვა და კატასტროფა. შეუთანხმდეს თავის ამომრჩეველს. ვინ არის ხაბეიშვილი, რას წარმოადგენს - 200 კაცია ეყოლება, 2 ათასი, თუ 2 მილიონი, თავის ამომრჩევლთან უნდა ილაპარაკოს ასეთი რაღაცები. დაანებოს თავი ყველას ჩართვას თავის თუგინდ იდეალურ და კარგ პოზიციებში."
კითხვაზე, არის თუ არა ეს ხაბეიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, გვპასუხობს:
„რაკი ყრილობა არის სულ მალე, ბუნებრივია, რაც არჩევნებმადე კეთდება ასეთ დროს, არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხაბეიშვილი ცდილობს ყრილობაზე მისული პარტიის წევრების გული მოიგოს და ალბათ აპირებს თავის კანდიდატურის დაყენებას პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ეს ყველაფერი ნორმალურია. უბრალოდ, უნდა შეცვალოს, როგორც ვთქვი, ხედვის კუთხე - კონცენტრაცია მოახდინოს „ნაცმოძრაობაზე" და არა მთელს საქართველოზე", - თქვა ზაქარეიშვილმა.