ნატალია ჯვარიძე
22.06.2026

რუსმა სამხედროებმა დრონების გამოყენებით შავ ზღვაში ორ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც თურქულ სატვირთოზე ხანძარი გაჩნდა და ეგვიპტის მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ თურქულ სატვირთო გემ VICTRESS-ზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ბორტზე ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა - ეგვიპტის, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები.

„რთული სიტუაციისა და ხანძრის შემდგომი გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კატერების ეკიპაჟებმა წარმატებით ჩაატარეს სამაშველო ოპერაცია სატვირთო გემის ეკიპაჟის ევაკუაციისთვის. სამწუხაროდ, არის დაღუპული", - აცხადებენ უკრაინის საზღვაო ძალებში.

რუსული ძალები ასევე თავს დაესხნენ პალაუსა და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ გემს. არავინ დაშავებულა და დაზიანებულმა გემმა მოძრაობა განაგრძო.

ამ ინციდენტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ეხმაურება და ამბობს, ეს ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ რუსეთის სიტყვების ნდობა არ შეიძლება.

„რუსეთმა ასევე შეუტია პალაუს და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ ორ გემს. ისინი დაზიანდნენ, მაგრამ მათი ეკიპაჟები უვნებლები არიან. ვაცნობებთ ყველა სახელმწიფოსა და ორგანიზაციას საერთაშორისო სამართლისა და ნავიგაციის თავისუფლების წინააღმდეგ ამ თავხედური თავდასხმის შესახებ. ეს მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ძლიერ და პრინციპულ რეაგირებას", - აცხადებს სიბიგა.

სამოქალაქო გემებზე განხორციელებულ თავდასხმას სამხედრო და გეოპოლიტიკური ანალიტიკოსები რეგიონში ესკალაციის ახალ და საგანგაშო ტალღად აფასებენ. ანალიტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ინციდენტის დროს.

თავდასხმა მოხდა სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ მას მერე, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სწორედ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება იყო.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მიზანმიმართული დაბომბვა კრემლის მხრიდან ანკარასთვის გაგზავნილი მკაფიო სიგნალია - რუსეთი არ აპირებს ანგარიში გაუწიოს თურქეთის შუამავლობის მცდელობებს, თუ ეს მის სამხედრო მიზნებს ეწინააღმდეგება.

სამხედრო ანალიტიკოსები, რომ რუსეთის ეს იერიში დროში ემთხვევა უკრაინის მიერ კერჩის სრუტეზე, ოკუპირებულ ყირიმსა და კავკაზის პორტზე განხორციელებულ მასშტაბურ დრონების თავდასხმას, რამაც რუსულ სამხედრო ლოჯისტიკასა და საწვავის ტერმინალებს სერიოზული ზიანი მიაყენა.

შესაბამისად, სამოქალაქო გემებზე იერიში ფასდება როგორც კრემლის „ასიმეტრიული პასუხი" და შურისძიების აქტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის საზღვაო დერეფნის პარალიზებას.

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი მიზანმიმართულად უმიზნებს უცხოურ გემებს, რათა დააფრთხოს საერთაშორისო საზღვაო კომპანიები და სადაზღვევო გიგანტები. მთლიანობაში, ექსპერტები თანხმდებიან, რომ შავი ზღვა საბოლოოდ გადაიქცა „არაპროგნოზირებადი სამხედრო მოქმედებების ზონად", სადაც ნებისმიერი კომერციული გემი, დროშის მიუხედავად, პოტენციური სამიზნეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×