
თბილისს ოკუპირებული აფხაზეთიდან სამხედრო მოქმედებებით ემუქრებიან - ვეტერანთა ე.წ. ოპოზიციური ორგანიზაცია „არუაას" ლიდერი თემურ გულია საქართველოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თბილისმა რეგიონთან ურთიერთობის პოლიტიკა უნდა შეცვალოს. მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან შესაძლო სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში, აფხაზური მხარე საპასუხო ნაბიჯებისთვის მზად არის.
გულიას მტკიცებით, დე ფაქტო აფხაზეთს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყას, მათ შორის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრს. „არუაას" ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, აფხაზური მხარე მოკლე ვადაში შეძლებს მიზნების მიღწევას და თბილისს „კოლოსალურ ზიანს" მიაყენებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გულიამ ეს განცხადება რუსული ოკუპაციის მხარდამჭერი პოდკასტის 18 მაისის გადაცემაში გააკეთა, თუმცა ბოლო ორი დღეა, რაც გახმაურდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ "არუაა"-ს ხელმძღვანელი თემურ გულია შეყვანილია უკრაინული ვებგვერდის "მიროტვორეცის" მონაცემთა ბაზაში, სადაც მის წინააღმდეგ მითითებულია ბრალდებები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან, რუსეთის აგრესიის მხარდაჭერასთან და ომის პროპაგანდასთან დაკავშირებით.
"დაგვიანებული ინფორმაცია" და მოსალოდნელი სცენარი
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თავად აფხაზეთშიც არ აღიქვეს რეალურად გულიას განცხადება და საგანგაშო არაფერია მოსალოდნელი, თუმცა, დასძენს, რომ საგანგაშო უფრო ისაა, რომ თბილისმა ამ ინფორმაციის გამოქვეყნება დააგვიანა.
- პაატა ზაქარეიშვილი:"გულიას ვისაც კი არ შეეზარა ყველამ დასცინა, კომენტარები რომ გენახათ, ნახავდით - ხომ არ გააფრინეთ, როგორ შეიძლება ამ კაცის ტელევიზორში გამოყვანაო"
"თვითონ აფხაზეთში სასაცილოდ აიგდეს ეს ადამიანი, დიდი ხანია ეს ინტერვიუ გავიდა და გამიკვირდა დღეს რომაა რეაქცია და აქამდე არ იყო. ეს თავისთავად მეტყველებს ქართულ საზოგადოებას რამდენად აინტერესებს ის პროცესები, რაც აფხაზეთში ხდება.
"ამ ადამიანმა ეს განცხადება პოდკასტში გააკეთა და მთელმა აფხაზეთმა დასცინა, არავინ არ ყოფილა ეთქვა, რომ ყოჩაღ, მაგრად თქვიო, ყველამ ძალიან აიგდო ეს თემა. არაფერი საგანგაშო არაა მოსალოდნელი, რადგან ვისაც კი არ შეეზარა ყველამ დასცინა, კომენტარები რომ გენახათ, ნახავდით - ხომ არ გააფრინეთ, როგორ შეიძლება ამ კაცის ტელევიზორში გამოყვანაო და ა.შ.
"თბილისის დაგვიანებული რეაქცია უფრო საინტერესო მოვლენაა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში აფხაზეთი არავის აღარ აინტერესებს, ეს ჩვენთვის უფრო ცუდი ინფორმაციაა და კარგი ინფორმაცია აფხახებისთვის.
"ის, რომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ამაზე რეაგირებას, აფხაზებს ამშვიდებს და ხედავენ, რომ საქართველომ უკვე დაივიწყა ისინი. გულიას შემდგომი გამოსვლა სამ თვეში გაახსენდებათ, მერე შეიძლება საერთოდ აღარ გაახსენდეთ - ესაა კარგი საშუალება შეამოწმონ ქართველები რამდენად დარდობენ და ზრუნავენ აფხაზეთის თემაზე", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აფხაზებს სურთ სასურველი რეალობად გამოაცხადონ, მისი თქმით, არაფრის თავი არ აქვთ და არანაირი თავდასხმა მოსალოდნელი არაა.
"ეს არაა რეალური სცენარი, აფხაზ სეპარატისტებს უნდათ სასურველი რეალობად გამოაცხადონ, ეს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის კლასიკური მაგალითია. რუსეთი ისევ ბასრ ძალას იყენებს, ოღონდ ამ შემთხვევაში აფხაზეთის სეპარატისტების ხელით, რათა ქართულ საზოგადოებას აზრი შეაცვლევინონ.
- ვახტანგ მაისაია: "ეს არაა რეალური სცენარი, აფხაზ სეპარატისტებს უნდათ სასურველი რეალობად გამოაცხადონ, ეს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის კლასიკური მაგალითია. რუსეთი ისევ ბასრ ძალას იყენებს, ოღონდ ამ შემთხვევაში აფხაზეთის სეპარატისტების ხელით"
"როგორც ყოველთვის, ჩვენთან ასეთ რაღაცას შეიძლება ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, გაჟღერდა, რითაც მოსკოვმა დაანახა, რომ რბილი ძალიდან ბასრ ძალაზე გადავიდა, რეალურად არაფერია მოსლაოდნელი, არაფრის თავი არ აქვთ",- განაცხადა მაისაიამ.
რა თქვა გულიამ
თემურ გულია საქართველოს "კოლოსალური ზიანის" მიყენებით ემუქრება.
"საქართველოს დიდი ხანია მართებს, უარი თქვას აფხაზეთის, როგორც ძალისმიერი ზეწოლის ობიექტის აღქმაზე, კონცენტრირდეს უახლოეს მეზობელთან ნორმალური ურთიერთობების აგებაზე და აღიაროს აფხაზეთის სახელმწიფო... წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ბევრად უფრო მეტად დაზარალდება, ვიდრე აფხაზეთი...
"საქართველოს ისეთ კოლოსალურ ზიანს მივაყენებთ, რომ მათ უახლოეს მომავალში, არასოდეს ცხოვრებაში აზრად არ მოუვათ, რომ კიდევ ერთხელ დაესხან თავს პატარა აფხაზეთს.
"აი, მაგალითად, მათ აქ, ჩვენთან, რა პოზიციები ან რა სტრატეგიული ობიექტები აქვთ? ჩვენ ელექტროენერგიის გარეშეც ისედაც ვიცით ცხოვრება, არანაირი ობიექტები არ გვაქვს. მხოლოდ ადგილობრივი, ანუ სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება საჭირო....
"10 დღეში მოვრჩებით მათთან საქმეს. ჩვენ შეგვიძლია იქ დღეში 1 000 უპილოტო საფრენი აპარატი გავაგზავნოთ. თუნდაც 60% ჩამოაგდონ, მათ ალბათ ჭურვებიც არ ეყოფათ. ჩვენი რესპუბლიკის გეოგრაფიული მდებარეობა... მოკლედ, ახლა ყველაფრის თქმა არ მინდა, ჩვენი მთები, ჩვენი ხეობები... ამ ყველაფერს გამოვიყენებთ. მათ შორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიასაც მიწასთან გავასწორებთ, თუ საქართველო ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრას შეეცდება. გვაქვს თუ არა ასეთი შესაძლებლობები, აბა გაბედონ, გარისკონ და მერე ვნახავთ", - თქვა გულიამ.