მარიამ ვეკუა
22.06.2026

ისტორიული საარჩევნო გამარჯვებიდან ორ წელზე ნაკლებ დროში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგა. შიდაპარტიულმა ამბოხმა, რეიტინგების კატასტროფულმა ვარდნამ და კულუარულმა შეცდომებმა ლეიბორისტების 2024 წლის ტრიუმფატორი აიძულა, დაუნინგ სტრიტი ვადაზე ადრე დაეტოვებინა და გზა მისი მთავარი კონკურენტისთვის, ენდი ბერნემისთვის დაეთმო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „ლეიბორისტული პარტიის" დეპუტატებისა და კაბინეტის მინისტრების მხრიდან მზარდი ზეწოლა, რაც ვესტმინსტერში ენდი ბერნემის დაბრუნებამ გამოიწვია.

ისტორიული საარჩევნო გამარჯვებიდან ორ წელზე ნაკლებ დროში, სტარმერი საკუთარი გუნდის წევრებისგან გადადგომის კონკრეტული ვადების დასახელებას ითხოვდა. ლეიბორისტთა შორის განსაკუთრებული შეშფოთება მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ნაიჯელ ფარაჯის პარტიის მხრიდან მომდინარე საფრთხემ გამოიწვია.

სტარმერის გადაწყვეტილება მმართველ პარტიაში შიდაპარტიულ მარათონს უდებს სათავეს. ლეიბორისტები შეეცდებიან გამოავლინონ ლიდერი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს რიგით მეშვიდე პრემიერ-მინისტრი გახდება. ამ ეტაპზე ფავორიტად ენდი ბერნემი მიიჩნევა. იმ შემთხვევაში, თუ მას კონკურენტი არ ეყოლება, იგი დაუნინგ სტრიტზე მუშაობას რამდენიმე კვირაში შეუდგება.

ორშაბათს, დაუნინგ სტრიტზე მდებარე რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე სტარმერმა განაცხადა: „კითხვა, რომელსაც ჩემი პარტია ახლა სვამს, მდგომარეობს იმაში, ვარ თუ არა მე საუკეთესო კანდიდატურა იმისათვის, რომ გუნდს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გავუძღვე".

„მე მოვისმინე ჩემი საპარლამენტო პარტიის პასუხი ამ კითხვაზე და მას ღირსეულად ვიღებ. ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც კი ოდესმე მიმიღია, ჩემი საყვარელი ქვეყნის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას ემსახურებოდა. სწორედ ამიტომ, ვტოვებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტს", განაცხადა სტარმერმა.

მიუხედავად იმისა, რომ პარასკევს სტარმერი კვლავ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ლიდერობისთვის ნებისმიერ ბრძოლაში ჩაებმებოდა, მინისტრებთან გამართულმა კონსულტაციებმა მისი პოზიცია შეცვალა-წერს გარდიანი.

არსებული ინფორმაციით, ექვსზე მეტმა კაბინეტის მინისტრმა მას პირად საუბარში მიანიშნა, რომ მისი დრო ამოიწურა, რის შემდეგაც, შაბათს, სტარმერმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ გადადგომის სიტყვის პროექტზე მუშაობა დაიწყეს.

სტარმერის თქმით, იგი მიმართავს ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელ კომიტეტს, რათა არჩევნების განრიგი დადგინდეს, კანდიდატთა წარდგენა 9 ივლისს დაიწყება და სულ რაღაც ერთ კვირაში, საპარლამენტო არდადეგების დაწყებამდე დასრულდება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე სექტემბერში პარლამენტის მუშაობის განახლებამდე დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გაერთიანებულ სამეფოს ივლისის დასაწყისში დაგეგმილ ნატოს მომავალ სამიტზე წარადგენს. თუმცა, თუ ბერნემი კენჭს კონკურენტის გარეშე იყრის ,მას პოსტის დაკავება 16 ივლისს, თემთა პალატის სესიის დახურვისთანავე შეეძლება.

სტარმერმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ორგანიზებულად გადაბარების უზრუნველსაყოფად „ყველაფერს გააკეთებს" . და ეს იმ ფონზე, როდესაც წყაროების თქმით, მანამდე სტარმერი ბერნემის ამბიციების გამო მძაფრ უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

„ჩემს "მემკვიდრეს" სრულ და უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებ. მჯერა, რომ მას მემკვიდრეობით ბევრად ძლიერი და სამართლიანი ბრიტანეთი ერგება, ვიდრე ის, რაც მე ორი წლის წინ ჩავიბარე ქვეყანა, რომელიც უკეთ არის მომზადებული მომავალი გამოწვევებისთვის და აქვს მეტი პოტენციალი, უზრუნველყოს ლეიბორისტული პარტიის მეორე ვადით გამარჯვება", აღნიშნა მან.

ორშაბათს ნაშუადღევს ენდი ბერნემმა დეპუტატის ფიცი დადო, ეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას მეიკფილდის შუალედურ არჩევნებში პარტია „რეფორმა" დაამარცხა. მოელიან, რომ ის მარტივად გადალახავს კენჭისყრისთვის საჭირო 81 დეპუტატის მხარდაჭერის ზღვარს; მისი მოკავშირეების განცხადებით, ბერნემს ზურგს 200-ზე მეტი პარლამენტარი უმაგრებს

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, უეს სტრიტინგმა, რომელმაც სტარმერის ლიდერობის გამო პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა, განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას ისიც აპირებს . თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა მას საკმარისი ხმები.

სტარმერის მემკვიდრეს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში არსებული სერიოზული გამოწვევებისა და არასტაბილური საერთაშორისო ფონის დაძლევა მოუწევს.

სიტყვით გამოსვლისას, სტარმერი ემოციური იყო.

„როდესაც ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან პოსტს დავტოვებ, უფრო მეტ დროს დავუთმობ ჩემს ცხოვრებაში უმთავრეს საქმეს - ვიყო საუკეთესო ქმარი ჩემი ფანტასტიკური მეუღლისთვის, ვიკისთვის, რომელიც ჩემი საყრდენი იყო ჭირსა და ლხინში, და საუკეთესო მამა ჩემი შვილებისთვის, რომლებიც ჩემი სიამაყე და სიხარული არიან", განაცხადა მან.

სტარმერი თანამდებობიდან მის ლიდერობაზე რამდენიმეთვიანი მზარდი ზეწოლის შემდეგ გადადგა. აღნიშნული კრიზისი პირველად თებერვალში გამწვავდა, როდესაც შოტლანდიის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ანას სარვარმა მას გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა მაშინ მინისტრთა კაბინეტმა პრემიერს მხარი დაუჭირა

მიუხედავად დაბალი პერსონალური რეიტინგისა, ბოლო თვეებში პრემიერ-მინისტრის პოზიციები თითქოს გამყარდა, რაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისის მართვამ და დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე უარის თქმამ განაპირობა, რითაც მან დიდი ბრიტანეთი ირანთან ომში ჩათრევას გადაარჩინა.

თუმცა, ეს ხანმოკლე სიმშვიდე მყისიერად დაირღვა, როდესაც აპრილში გამოცემა The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ მანდელსონი ვაშინგტონში გაერთიანებული სამეფოს ელჩად დაინიშნა, იმის ფონზე, რომ მან უსაფრთხოების შემოწმება (ე.წ. ვეტინგი) ვერ გაიარა. არადა, მისი კანდიდატურა პირადად სტარმერის შერჩეული იყო.

მანდელსონის დანიშვნა იმ პოლიტიკური შეცდომების გრძელ სერიაში ბოლო წვეთი აღმოჩნდა , რომლებსაც ლეიბორისტთა ნაწილი სტარმერს მიაწერს. მათ შორისაა სოციალური ხარჯების შემცირება, რამაც პარტიის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

მოგვიანებით, ამ გადაწყვეტილებების გაუქმებამ სტარმერის იმიჯს კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა. საპარლამენტო ფრაქციაში ბევრმა იგი სუსტ და არაეფექტურ ლიდერად მიიჩნია. ზოგიერთ დეპუტატს მისი საზოგადოებასთან კომუნიკაციის სუსტი უნარებიც აშფოთებდა.

მაისის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან პირდაპირი შეხვედრებისას, ბევრი დეპუტატი შოკირებული დარჩა სტარმერის მიმართ ამომრჩევლის უკიდურესად ნეგატიური განწყობით. ბევრის აზრით, ეს უკმაყოფილება ზოგადად პოლიტიკური სისტემის მიმართ არსებული იმედგაცრუების გამოხატულება გახდა.

  • "ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც კი ოდესმე მიმიღია, ჩემი საყვარელი ქვეყნის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას ემსახურებოდა. სწორედ ამიტომ, ვტოვებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტს"

არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამ და ქვეყნის მასშტაბით სერიოზულმა მარცხმა ნათლად აჩვენა ის საარჩევნო გამოწვევები, რის წინაშეც ლეიბორისტები აღმოჩნდნენ. შესაბამისად, დეპუტატების მოთხოვნა, სტარმერს გადადგომის თარიღი დაესახელებინა, ერთეული მოწოდებებიდან მასობრივ პროტესტში გადაიზარდა.

მოგვიანებით სტარმერმა სამხედრო ხარჯების გეგმის გამო თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილიც დაკარგა. ლეიბორისტ დეპუტატებს შორის საბოლოოდ დამკვიდრდა აზრი, რომ სტარმერის ლიდერობა იმდენად შეირყა, რომ მიუხედავად მისი მცდელობისა, ბრძოლა გაეგრძელებინა დაუნინგ სტრიტზე მისი დღეები დათვლილი იყო.

სტარმერის წასვლა პოლიტიკური კარიერის კატასტროფული დასასრულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ის გახდა ლეიბორისტების ისტორიაში მხოლოდ მეოთხე ლიდერი, რომელმაც არჩევნებში გამარჯვება შეძლო და 2024 წელს პარლამენტში იმაზე მეტი მანდატი მოიპოვა, ვიდრე ვინმემ ტონი ბლერის 1997 წლის ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×