თამთა ჩაჩანიძე
22.06.2026

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მწვავე განცხადებების ფონზე, ოპოზიციურ ალიანსში უთანხმოების ნიშნები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ენმ-ში ამბობენ, რომ ალიანსში ყოფნის საკითხზე გადაწყვეტილება პარტიული განხილვების შემდეგ იქნება მიღებული. პარალელურად, ალიანსის ლიდერები უარყოფენ შეფასებებს, თითქოს გაერთიანება მხოლოდ ფორმალური და ყალბი ერთობაა.

გავა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური ალიანსიდან - ეს პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ კითხვად რჩება. ბოლო კვირის პროცესებმა და ნანუკა ჟორჟოლიანის აქტიურმა ჩართვამ შიდა დისკუსიები გაამწვავა.

პარტიაში მიმდინარე ცვლილებები და ლიდერების განსხვავებული ხედვები ზრდის ალბათობას, რომ უახლოეს პერიოდში "ნაცმოძრაობამ" მართლაც დატოვოს ერთობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პარტია ყრილობისთვის ემზადება და ახალი თავმჯდომარის საკითხი განიხილება.

რა პერსპექტივა აქვს ალიანსს ენმ-ს გარეშე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ენმ გავა თუ არა, ამით ალიანსს არაფერი დააკლდება, რადგან თავად ალიანსიც უშინაარსო ერთობაა.

  • ვახტანგ ძაბირაძე: "ნაცმოძრაობა" გავა თუ არა ოპოზიციური ალიანსიდან, ამით ალიანსს ბევრი არაფერი დააკლდება, მაგრამ თავისთავად ეს ალიანსი ჩემთვის გაუგებრობა და უშინაარსო რაღაცაა"

"ნაცმოძრაობა" გავა თუ არა ოპოზიციური ალიანსიდან, ამით ალიანსს ბევრი არაფერი დააკლდება, მაგრამ თავისთავად ეს ალიანსი ჩემთვის მაგალითად გაუგებრობა და უშინაარსო რაღაცაა. ალიანსი, რომელიც შემდგომ პერსპექტივაში არ გულისხმობს ბლოკის, ან ერთიანი საარჩევნო სიის ჩამოყალიბებას და ა.შ. მაშინ ასეთი ალიანსების კეთებას რა აზრი აქვს? გაეკეთებინათ საკოორდინაციო საბჭო და იქნებოდა პარტიებს შორის კოორდინაცია და მეტი არაფერი.

"როცა ენმ ალიანსში იყო, რაიმე ისეთი შექმნეს, რომ ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუ რა? არც არაფერი, საერთოდ ეს არის რაღაც გაუგებრობა ალიანსი კი არა",- განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ენმ "მომსახურების სფეროდანაა გასული, ალიანსი კი "უყალბესია".

"ნაცმოძრაობა" ალიანსიდან კი არა, საერთოდ მომსახურების სფეროდანაა გასული, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარედ ჯერ "ხაბე" დააყენეს, მერე თინიკო ბოკუჩავა და ახლა ნანუკა ჟორჟოლიანზეა საუბარი. სტრატოსფეროს გასცდნენ და სადღაც იქით არიან. "ნაცმოძრაობის" გასვლა-გამოსვლა "საკითხავი აი ეს არისო", ნულს მივუმატოთ ნული, არის ნული.

  • ედიშერ გვენეტაძე: "ნაცმოძრაობა" ალიანსიდან კი არა, საერთოდ მომსახურების სფეროდანაა გასული, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარედ ჯერ "ხაბე" დააყენეს, მერე თინიკო ბოკუჩავა და ახლა ნანუკა ჟორჟოლიანზეა საუბარი"

"ნაცმოძრაობა" ისედაც გასულია ალიანსიდან. ან ალიანსი არსებობს კი? რა არის, რას წარმოადგენს, ეს ყალბი კი არა, უყალბესი ერთობაა",- განაცხადა გვენეტაძემ.

რას აცხადებენ ენმ-ში

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა აქვს, როგორც პარტიის თვამჯდომარეობის კანდიდატი, ამბობს, რომ პარტიას თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა ალიანსში არ იქნებოდა.

"ძალიან ბევრი რამ მოხდა და ობიექტური მიზეზები შეიქმნა, რომ 5 -იანი ამ ალიანსს აღარ წარმოადგენდეს. ასეთი პარტია, რომელსაც არც კენჭი უყრია, არც ხმების რაოდენობა ვიცით, არც მისი მნიშვნელობა,ა რა თუ ქვეყნის მასშტაბით, არამედ მცირე მასშატაბითაც, რატომ არის ზუსტად ისეთივე მოთამაშე, როგორიც ისეთი დიდი პარტიები, როგორიცაა, 5-იანი, 4-იანი და ა.შ. მაგიდასთან იგივე პირობებით რატომ ზის? შესაბამისად, ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზია, ესეთი ტიპის ალიანსები სჭირდებათ უფრო მეტად პატარა პარტიებს, მთავარ მოთამაშეებად წარმოადგენენ ხოლმე საკუთარ თავს. დიდ პარტიებს უკვე დამტკიცებული აქვთ და აბსოლუტურად სხვა პრობლემები აქვთ, სხვა ბრძოლა აქვთ, და ვფიქრობ, დიდმა პარტიებმა საკუთარ ამომრჩეველზე უნდა იფიქრონ და არა იმაზე, ეს ალიანსი რა პირობას შეუქმნის პატარა მოთამაშეებს, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ "მიხეილ სააკაშვილი არ იყო „ოპოზიციურ ალიანსში" „ნაციონალური მოძრაობის" შესვლის წინააღმდეგი - ალიანსში ყოფნის საკითხი, რა თქმა უნდა, გადაწყდება, იმიტომ, რომ ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება". როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა" „ოპოზიციურ ალიანსში" ტაქტიკური მიზეზების გამო იყო.

მოქმედი თვმჯდომარე თინა ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ თავად წინააღმდეგი იყო, პარტია „ოპოზიციის ალიანსში" შესულიყო, თუმცა სააკაშვილის გადაწყვეტილებას დათანხმდა.

"მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის და ამ მოსაზრებას ვუზიარებდი მას. რატომ? რადგან მიმაჩნია, რომ გამარჯვების დემოკრატიული ფრონტი ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებშიც ერთად უპირისპირდება რეჟიმს, ერთად ერთის წინააღმდეგ. ალიანსი ვერცერთ ამ მდგენელს ვერ აკმაყოფილებდა.

"პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. ამგვარად, მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას, ენმ შესულიყო ოპოზიციის ალიანსში. შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება კი არათანმიმდევრულობად მიმაჩნდა და გავიზიარე პრეზიდენტ სააკაშვილის საჯარო პოზიცია, რომ არანაირ დემარშს „ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებდა", - ამბობს ბოკუჩავა.

რას ამბობენ ალიანსში

"ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში და ყალბ ერთობად მისი შეფასება საერთო ამოცანების ვერ გააზრებად მიმაჩნია", - წერს პატიმრობაში მყოფი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია. მისივე განცხადებით, იმედს იტოვებს, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი.

"ალიანსში მიმდინარე შიდა „ჩხუბებზე" (ასე დავარქმევ იმ პროცესს) სრულიად მიზანმიმართულად ვდუმდი. ვდუმდი მაშინაც, როცა ჩემი პარტია იყო თავდასხმის ობიექტი. ვერ დაგიმალავთ და სირცხვილითაც ვიწვოდი, თუ რა გარჩევებს ვაკადრებდით საზოგადოებას.

"ახლა, როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზეა, მათ შორის ფიზიკური ზიანით, აწ უკვე სისხლის სამართლის გამოძიებით, ძალიან მნიშვნელოვანი მხილების მასალით, უამრავი ფასეული ადამიანის წარმოჩენით და უკიდურესად შეზღუდული რესურსით, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო მსგავსი თავდასხმების მიმართ.

"ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში და ყალბ ერთობად მისი შეფასება საერთო ამოცანების ვერ გააზრებად მიმაჩნია. იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი და ჩემი მხრივ, მზაობას ვაცხადებ არაერთ დისკომფორტულ წევრთან თანამშრომლობაზე", - წერს ხოშტარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×