
საზღვაო კურორტებზე ახალი სეზონისგაიხსნა და პირველი ტურისტებიც გამოჩნდნენ. სექტორში მოლოდინი დადებითია, თუმცა გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჯერჯერობით მთავარ დაბრკოლებად რჩება. მიმდინარე პერიოდში აჭარის რეგიონი ნაკლებად განიცდის პრობლემას, განსაკუთრებით ანაკლიაში უჭირთ, სადაც კურორტი ადგილობრივი დამსვენებლების იმედადაა.
როგორც ირკვევა, პრემიუმ კლასის სასტუმროებს ტურისტების მოზიდვის მხრივ არანაირი შეფერხება არ აქვთ. სექტორში აცხადებენ, რომ მოთხოვნა პიკზეა, თუმცა მცირე და საშუალო სასტუმროების წარმომადგენლები ჯერ კიდევ დაკვირვების რეჟიმში არიან. ისინი ამბობენ, რომ წინასწარი ჯავშნები თითქმის არ კეთდება და ტურისტები უფრო სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებას.
ტარიფები ჯერჯერობით არ იცვლება, თუმცა არ არის გამორიცხული ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გავლენა ტურიზმსაც შეეხოს და საფასო პოლიტიკაზე იმოქმედოს.
როგორც ბათუმში მდებარე საოჯახო სასტუმროს ხელმძრვანელმა ნინია ბერიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, ივნისის დასაწყისიდანვე მოთხოვნა გაიზარდა და როგორც შიდა, ასევე უცხოელი დამსვენებლები კურორტებზე გამოჩნდნენ. ქალაქში დასვენებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობებია შექმნილი, ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია და ამასთან, კურორტი სპორტული და გასართობი ღონისძიებებითაც გამოირჩევა.
,,ბათუმში დასვენება ტურისტებს ყოველთვის იზიდავთ, ქალაქის მაღალი ინფრასტრუქტურა ნებისმიერი გემოვნების ტურისტის ინტერესს აკმაყოფილებს. შეიძლება, სხვაგან პრობლემა იყოს, მაგრამ ბათუმს დამსვენებელი თითქმის ყოველთვის ჰყავს. ასეა წელსაც, ივნისის დასაწყისიდან დაიწყო ადგილების დაჯავშნა და ერთი კვირაა, დამსვენებლებს ვიღებთ, რაც გვაფიქრებს, რომ საინტერესო და აქტიური სეზონი გველოდება. მართალია, უამინდობამ შეგვაფერხა და რამდენიმე ჯავშანი გაუქმდა, მაგრამ წინ მთელი სეზონია. პოლიტიკური დაძაბულობა თუ არ შეგვაფერხებს და ამინდიც ხელსაყრელი იქნება, წლევანდელ სეზონზე დიდ იმედს ვამყარებთ.
ფასს რაც შეეხება, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, მაგრამ გეოპოლიტიკური პროცესები გვაშინებს. თუკი ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა ფასებზე იმოქმედებს და სტრატეგიული პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს, ტურისტულ სერვისზეც რაღაც დოზით მოახდენს გავლენას.
ის, რომ საქართველო სტაბილური ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, ძალიან მნიშვნელოვანია. წინა წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა შეიძლება 30-40%-ით გაიზარდოს. როგორც არ უნდა იყოს, დადებითი დინამიკა გვექნება", - აღნიშნა ბერიძემ ჩვენთან საუბრისას.
ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე ოფიციალურად გაიხსნა და შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლების ნაკადი ყოველდღიურად იზრდება. სწორედ ახლა, როცა სეზონი ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის, პრემიუმ კლასის დასვენებაზე მოთხოვნა მაღალია.
ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე.
„2026 წლის ტურისტული სეზონი ეტაპობრივად უმჯობესდება. მაისიდან აღდგენის ტენდენცია დაიწყო. ივნისში სასტუმრო კარგ დატვირთვას აჩვენებს და ივლისის მიმართაც პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. სტუმრების ძირითად ნაკადს უცხოელები წარმოადგენენ. განსაკუთრებით გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპული ბაზრებიდან. ჯამში, სეზონი პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს და ზაფხულის თვეებში მოთხოვნის შემდგომ ზრდას ველოდებით“, — აღნიშნა თათია ჩიკვაიძემ.
მისი შეფასებით, მიუხედავად გაზაფხულის დასაწყისში დაფიქსირებული გამოწვევებისა, მაისიდან სასტუმროს დატვირთვის მაჩვენებელი გაიზარდა, რაც მიმდინარე სეზონის მიმართ პოზიტიური მოლოდინის საფუძველს იძლევა.
ევროპული ნაკადის სიმცირე როგორც შარშან, წლევანდელი სეზონისთვისაც გამოწვევად რჩება. ქობულეთში მდებარე სასტუმრო ,,მირაჟის" დირექტორის ჟუჟუნა ჯინჭარაძის ინფორმაციით, მოთხოვნა უფრო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შეიმჩნევა, განსაკუთრებით კი რუსეთის, უკრაინის და ბელარუსიის მოქალაქეები აქტიურობენ. აზიური სახელმწიფოების მხრიდანაც ცოტათი იკლო შეკვეთებმა.
,,შეიცვალა ტურისტების ქცევა, დასვენების მსურველები წინასწარ ჯავშნებს არ აკეთებენ. ამას უფრო გეოპოლიტიკური ვითარებით ხსნიან. რეგიონსა და მსოფლიო მასშტაბითაც დაძაბულობაა და წინასწარ აღარავინ გეგმავს დასვენებას, ამიტომ პროგნოზი მიჭირს.
ტურისტები გვყავს უკრაინიდან , რუსეთიდან და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან. გააქტიურდნენ ადგილობრივებიც, დამსვენებლების 50%, ძირითადად, შიდა ტურიზმზე მოდის", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" სასტუმრო ,,მირაჟის" დამფუძნებელმა.
ანალოგიური ვითარებაა ანაკლიაშიც, თუმცა კურორტზე დასვენებას უამინდობა აფერხებს. სასტუმრო ,,თეთრი სახლი ანაკლიაში" დამფუძნებელი მარინე თოდუა ამბობს, რომ სეზონზე კარგად მოქმედებს მუსიკალური ფესტივალები და სხვადასხვა აქტივობა. წელს ჯერჯერობით უამინდობამ უარყოფითად იმოქმედა და მოთხოვნა ნაკლებია.
,,არასტაბილური ამინდი ძალიან გვიშლის ხელს, ფაქტობრივად ასეა, ერთი კვირა თუ მუშაობ, მომდევნო კვირა შესაძლოა ამინდის გამო ჩაგივარდეს. ახლა ამინდი გაუმჯობესებულია და ვფიქრობთ, ეს მოთხოვნაზეც აისახება. სამწუხაროდ, ხელს გვიშლის ინფრასტრუქტურის არქონაც, საკმარისია 1-2 დღე რომ იწვიმოს, ვერაფერს ვთავაზობთ ჩამოსულ სტუმარს, დრო რომ გაიყვანოს საინტერესოდ.
დიდ ქალაქებში სხვანაირი პირობებია. ჩვენ მოკლებული ვართ მსგავს ფუფუნებას. მეტი კაფე-ბარები უნდა იყოს, ახალგაზრდობისთვის უფრო მეტი გასართობი ობიექტი. კურორტს ზაფხულობით მუსიკალური ფესტივალები აცოცხლებს. წელსაც გარკვეული ღონისძიებებია დაგეგმილი და ესეც ძალიან დაგვეხმარება ტურისტების მოზიდვაში“, - აღნიშნა მარინე თოდუამ.
2026 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.5%-ით 380 მლნ დოლარამდე გაიზარდა. "გალტ ენდ თაგარტის" ცნობით, წინა ორი თვის შემცირების შემდეგ, წელს, იანვარ-მაისში ტურიზმის შემოსავლებმა ჯამურად, 1.5 მლრდ დოლარი შეადგინა. "თიბისი კაპიტალის" ცნობით კი, მაისში საქართველოს აეროპორტებში დატვირთვა გააქტიურდა და ის 2025 წლის მაისის მაჩვენებლებთან ახლოსაა.