
უცხოელი დასაქმებულების შესახებ კანონის ამოქმედებიდან პირველ ეტაპზე, შრომის ბაზარზე არსებითი ცვლილება არ გამოუწვევია. რისკი, რომ საკანონმდებლო ცვლილება დეფიციტს გამოიწვევდა, ნამდვილად არ იგრძნობა. შესაძლოა იმის გამოც, რომ ჯერ კიდევ გრძელდება საშეღავათო პერიოდი და უცხოელებს დასაქმების პრობლემა ნაკლებად აქვთ. როგორც დამსაქმებლები აცხადებენ, ტენდენცია უფრო გრძელვადიან პერიოდში გამოჩნდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რეგულაციამ ბიზნესი დააზარალოს.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მთავრობა შრომის ბაზარს დააკვირდება როგორ აისახება უცხოელების დასაქმებაზე კვოტირების სისტემის შემოღება, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მაჩვენებელზე.
,,პირველ მარტამდე საქართველოში დადგენილი იყო სხვა სტანდარტი დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ჰქონდათ ვალდებულება, ჯანდაცვის ერთიან რეესტრში დაერეგისტრირებინათ მათთან დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე, ჩვენ გვყავდა ასეთი 62 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც ლეგალურად იყვნენ დარეგისტრირებულები, თუმცა მათზე არ გვქონდა სრული ინფორმაცია სად მუშაობდნენ, რა იყო მათი შემოსავალი და ა.შ. ამის შემდეგ პარლამენტის მიერ შემოღებულ იქნა განსხვავებული წესი და დაიწყო თვითდასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რეგისტრაცია.
სტანდარტი ორად გაიყო: ერთი მოქმედებს წლის ბოლომდე, ხოლო იმ 62,000 ადამიანს, რომლებიც უკვე ფიქსირდებოდნენ, რეგისტრაციის ვალდებულება გადაუვადდათ მომავალი წლის 1-ელ იანვრამდე. 29 ათასი ადამიანი, რომელიც ახლა ფიქსირდება, 95%-ით არის თვითდასაქმებული, რომლებიც მანამდე სისტემაში საერთოდ არ ჩანდნენ “, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
რაც შეეხება კვოტირებას, მისი თქმით, რამდენიმე მიმართულებით არის შემოღებული: მიტანის სერვისი, მსუბუქი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანა (ტაქსები), სამთო გამცილებელი და გიდები.
,,ჩვენ ვაკვირდებით შრომით ბაზარს, თუ რა უკუშედეგი ექნება ამ კვოტების დამკვიდრებას და როგორ იმოქმედებს ის საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე, რადგან მთავრობის უპირველესი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვაა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
სექტორში აცხადებენ, რომ კანონის ეფექტი შრომის ბაზარზე არ შეიმჩნევა, თუმცა აუცილებელია რეგულირების გავლენა შეფასდეს, რაც ჯერჯერობით არ გაკეთებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ განაცხადა.
,,საკმარისი ვადა არ არის, რომ კანონის ეფექტი დავინახოთ, თუმცა 2025 წელს დასაქმებულების ზრდა შეინიშნება და ეს რამ გამოიწვია, ვერ გეტყვით. 2025 წელს, დაახლოებით 30 000 -ით მეტი ადამიანი არის დასაქმებული წინა წელთან შედარებით. რეგულირებას შეფასება სჭირდება, რათა ვიცოდეთ, რა შედეგი მოგვიტანა, ჯერ მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა. თუმცა, მუდმივ ბინადრობაზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც სწორედ სამუშაოს მოთხონას უკავშირდება. ბევრს უნდა, რომ დასაქმების უფლება ჰქონდეს, ამიტომ ბინადრობასთან დაკავშირებით მაღალი მიმართვიანობაა.
მთლიანობაში, კანონისგან მეტ სარგებელს ველოდები, ვიდრე ნეგატივს, აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს შრომის ბაზარი უფრო დაცული გახდება. რიგ პროფესიებზე უცხოელის დასაქმება, მართლაც რომ წარმოუდგენელი იყო. ავიღოთ თუნდაც გიდი, როგორ შეიძლება ის უცხოელი იყოს. ამიტომაც, ვფიქრობ, ახალი რეგულაციაა ცალსახად დადებითია, თანაც იმ ფონზე, როცა დიდი ხანია ამას მოსახლეობაც ითხოვს.
რაც შეეხებგა ბიზნესს, ვფიქრობ, ეს არაა ისეთი სისტემური რეგულაცია, რომ მომსახურების გაძვირების გარეშე ვერ გადაილახოს. ამ კანონმდებლობით ქართული შრომის ბაზარი უფრო დაცული გახდება", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსს" საუბრისას მიხეილ ჭელიძემ.
ბიზნეს სექტორში ფიქრობენ, რომ კანონის გავლენა ბაზარზე სათანადოდ არ ასახულა, ხოლო ტენდენციის განსაზღვრას მინიმუმ 5-6-თვიანი ვადა სჭირდება, რაც რეალურ სურათს გამოკვეთს. ამ მხრივ განსაკუთრებით ჰორეკა სექტორი და სამშენებლო სფეროა საყურადღებო, რადგან უცხოელი მოქალაქეების დასაქმებით სწორედ ეს ორი მიმართულება ლიდერობს.
შრომით ბაზარზე რეგულაციების აუცილებლობაზე გაამხვილა ყურადღება რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ. შოთა ბურჯანაძის თქმით, უფრო პრევენციული მიდგომაა მიგრანტების კუთხით არც ისე საგანგაშოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
,,მოკლევადიან პერიოდში კანონის ეფექტზე საუბარი ნაადრევია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ჩვენს სფეროზე არსებითად არ ასახულა. შესაძლოა იმიტომაც, რომ დასაქმებულები არიან უმეტესად სტუდენტები, რომლებსაც მუშაობის უფლება აქვთ. დაახლოებით 5-6 თვის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ, კანონმა რა შედეგი გამოიღო. ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. ცხადია, ჩამოსული ადამიანებისთვის იქნება დამაბრკოლებელი.
არ მგონია, რომ სიტუაცია არსებითად შეცვლილიყო, კანონის რეგულაცია უფრო პრევენციული ხასიათისაა. ნებისმიერი კანონი უნდა იყოს სამართლიანი და მერე უკვე რამდენად სარგებლიანი იქნება, ამაზე ვისაუბროთ. სწორედ ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, რომ კანონი ეკონომიკასა და ბაზრის მოთხოვნილებაზე იყოს მორგებული", - განაცხდა ბურჯანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
როგორც ცნობილია, 2025 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები შეიცვალა. იმისთვის, რომ უცხოელმა თანამშრომელმა კანონიერად იმუშაოს, საჭიროა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; „შრომითი საქმიანობის უფლება“ და მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან დ1 კატეგორიის ვიზა.
აღსანიშნავია, რომ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას იწვევს.