
ენმ-ში სიტუაცია კიდევ უფრო გაუგებარი ხდება. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ახალი თავმჯდომარის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი წამოაყენა, თუმცა ახლა თავადვე დაუპირისპირდა საკუთარ ფავორიტს. ანალიტიკოსების „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავენ, რომ სააკაშვილს ჟორჟოლიანთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას ფიქრობს, რადგანაც პარტიის ლიდერებისგან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა.
სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე, რომელსაც ახლა თინა ბოკუჩავა იკავებს, ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ ივლისში პარტიაში ყველა თანამდებობის პირს ვადა უმთავრდება, ამიტომ საჭიროა ძირეული რეფორმები.
თინა ბოკუჩავამ სააკაშვილის ეს ნაბიჯი „მოულოდნელად" და „უკიდურესად სამწუხაროდ" შეაფასა. მისი თქმით, სწორედ ასეთმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა პარტია კრიზისამდე. თუმცა მოგვიანებით, ტონი შეარბილა და განაცხადა, რომ ის პარტიიდან წასვლას არ აპირებს.
პარტიის სხვა წევრების ნაწილმა, მაგალითად, ანა წითლიძემ და გია ბარამიძემ ასევე გამოხატეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ვიწრო წრეში წყდება და პარტიის წევრთა უმრავლესობა ამას სოციალური ქსელიდან იგებს.
ბოლოს კი სააკაშვილმა ჟორჟოლიანიც გააკრიტიკა. მან უპასუხა ჟორჟოლიანის ადრინდელ რეპლიკას, რომ „მიშა ციხეშია და მის აზრს შესაძლოა დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს".
„მინდა ზოგიერთ ჩემს მეგობარს ვუპასუხო შიდა დემოკრატიაზე. ისინი მსაყვედურობენ მიშა მხოლოდ ვიწრო წრეში იღებს გადაწყვეტილებებს და მერე გვაცნობსო, მეორე საყვედური ის იყო, რომ მიშას ხმა რეალურად ერთი ხმა კი არა, ბევრი ხმა არისო და ამიტომ არ უნდა გაახმოვანოს თავისი გადაწყვეტილებაო.
„კი, მე ვარ იზოლირებული, ვეკონტაქტები ძირითადად ჩემს თავს და ასევე ციხის თანამშრომლებს, რომელთა ნაწილს შუშის თვალები აქვს, მაგრამ, ჯერ ერთი, ვინც ჩემს პოსტებს კითხულობთ, ვინმემ შეამჩნიეთ რომ მარაზმში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი რა ხდება ამ ქვეყანაზე? და რომც არ ვიცოდე, ჩემი გადაწყვეტილება არაფერი იმაზე მეტი არაა, ვიდრე უბრალო წინადადება, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ, ან არ მიიღოთ და აქ ვიწრო წრე არაფერ შუაშია.
- რამაზ საყვარელიძე: „ამ რეპლიკებიდან ჩანს, რომ სააკაშვილმა თავის გადაწყვეტილებას ჟორჟოლიანის კანდიდატურაზე გადახედა."
„რაც შეეხება იმას, რომ ჩემი ხმა ბევრ ხმას უდრის (ჩემი ახლო მეგობარი ეკა წამალაშვილი) - ჩემო ეკა, იცი რა არის ლიდერობა? როცა შენ უფრო გისმენენ, ვიდრე ზოგიერთ სხვას.
„ამ თემაში ჩვენი არაკეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს - მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან - პარტია ემორჩილებაო. ივანიშვილი ემყარება ძალადობას და ფულს, მე კიდევ მინდა ვკითხო ენმ-ის წევრებს, ვინმეზე ვიძალადე? ან ჩემგან რამე მატერიალურ სარგებელს იღებთ? ჰოდა, თუ არ იღებთ, ესე იგი ჩემი ავტორიტეტი არის წმინდა წყლის მორალური ხასიათის მატარებელი.
„იმათაც მინდა ვუპასუხო (და ეს ნანუკამ გააჟღერა) - მიშა ციხეში ზის და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო. ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა.
„მე, მაგალითად, მაინტერესებს ნადირაძის და ხაბეიშვილის აზრი. მერე რა, რომ ციხეში არიან. ჰოდა, რა ვიცი, მინდოდა ყველასთვის შემეხსენებინა თუ რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი და ა.შ.", - წერს სააკაშვილი.
მოიხსნება თუ არა ჟორჟოლიანის კანდიდატურა
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიის აზრით, სააკაშვილის რეპლიკებიდან ჩანს, რომ ის ჟორჟოლიანის კანდიდატურაზე გადაწყვეტილებას გადახედავს.
„ამ რეპლიკებიდან ჩანს, რომ სააკაშვილმა თავის გადაწყვეტილებას ჟორჟოლიანის კანდიდატურაზე გადახედა. რაც ახლა ენმ-ში ხდება, გასაკვირი არ არის. გაუაზრებელი პოლიტიკის დროს, ასეთი შემთხვევები ხშირია და ზედაპირზე ამოტივტივდება ხოლმე", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ უკეთესია ენმ-მ ყრილობაზე სააკაშვილის საკითხი დააყენოს და მისი არაფორმალური მმართველობა დაგმოს.
„პრინციპში, ჟორჟოლიანიც მართალია და სააკაშვილიც. ბევრი პატიმარი ყოფილა, რომელიც სიტუაციას ციხიდან მართავდა. მეორეს მხრივ, რეჟიმის პატიმრები ხშირად ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომელიც ხელისუფლებასთანაა შეთანხმებული. ამის უამრავი მაგალითია, როცა ციხეში ყოფნის დროს პოზიციებს იცვლიან, იქამდე რადიკალები არიან. ამიტომ შესაძლოა ჟორჟოლიანი მართალია იმაში, რომ ციხეში მყოფი ადამიანი თავისუფალი არ არის, მათ შორის აზრის გამოხატვაში. გამორიცხული არ არის მასზე ზეწოლა ხდება, რაც არავინ იცის.
- პაატა ზაქარეიშვილი: „სააკაშვილს ვინ ჰკითხავს, ვინ გახდება თავმჯდომარე? ჟორჟოლიანის ადგილზე, სააკაშვილის არაფორმალურ მმართველობას დავგმობდი და ვიტყოდი - „ჩემს კანდიდატურას ვაყენებ, გთხოვთ ხმა მომცეთ".
„ეს საინტერესო პროცესია. კარგი იქნებოდა ეს ვითარება საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ რადგან არის, კარგია, რომ საჯაროა. საბოლოო ჯამში, ენმ-ზე კარგად მეტყველებს, რადგან პარტია ცოცხალი ორგანიზმია და ასეთი რაღაცები სულ ხდება. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ სააკაშვილი, რომელიც აიათოლასავითაა და არანაირი ოფიციალური სტატუსი პარტიაში არ გააჩნია, რეკომენდაციებს იძლევა. ის საკუთარ თავს უფლებას აძლევს პარტიის საქმეებში ჩაერიოს. რატომღაც დარწმუნებულია, რომ ამის უფლება აქვს, არადა არ აქვს.
„დემოკრატიულ სახელმწიფოში პარტიები ასე არ იმართება. შეიძლება ჟორჟოლიანი უფრო მართალი იყოს. უკეთესია მისი საქციელი დაიგმოს. რა არის ეს? ასეთი არაფორმალური მმართველობა ივანიშვილში არ მოგვწონს და სააკაშვილის შემთხვევაში რატომ უნდა მოგვეწონოს? თუ ყრილობა ამ საკითხს ხაზს გაუსვამს, ძალიან კარგი იქნება.
„სააკაშვილს ვინ ჰკითხავს, ვინ გახდება თავმჯდომარე? ჟორჟოლიანის ადგილზე, სააკაშვილის არაფორმალურ მმართველობას დავგმობდი და ვიტყოდი - „ჩემს კანდიდატურას ვაყენებ, გთხოვთ ხმა მომცეთ", თუ ის მიიჩნევს, რომ თავმჯდომარეობის ღირსია. დააყენოს სხვებმაც კანიდატურები. მაგალითად, ბოკუჩავას ასე ჩაჩოჩება სწორად არ მიმაჩნია. საკმაოდ ადეკვატური ქალბატონია და რაც მთავარია, რადიკალური არ არის, რაც „ნაცმოძრაობას" სჩვევია. პარტიაში უამრავი ადამიანია, რომლებიც ლიდერობას იმსახურებენ. ჟორჟოლიანი სააკაშვილის ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".