
„ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სრული განეიტრალება - ამის შესახებ 23 ივნისს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და მიანიშნა, რომ ამაში შესაძლოა სულაც არ იგულისხმებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული პარტიების აკრძალვა, რადგან ენმ და ზოგადად ოპოზიცია მწვავე შიდა კონფლიქტებით თავადვე უწყობენ ხელს ამ შედეგის დადგომას.
„ოცნება" წლების განმავლობაში წინასაარჩევნო დღის წესრიგს სწორედ ყოფილი ხელისუფლების კრიტიკასა და ხელისუფლებაში ენმ-ის დაბრუნების საფრთხეზე აგებდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს სტრატეგია 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აღარ იმუშავებს და შესაბამისად, მმართველ გუნდს შესაძლოა მართლაც სურდეს ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური ველის მოსაფთავება.
პარტიების აკრძალვაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის არჩევნების წინ განაცხადა, რომ გამარჯვებისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას" და მის სატელიტ, თუ მემკვიდრე პარტიებს გაასამართლებდნენ. არჩევნების შემდეგ კი თეა წულუკიანის თაოსნობით შეიქმნა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც დასკვნა 2025 წლის სექტემბერში წარადგინა.
2025 წლის ოქტომბრის ბოლოს „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, სადაც სამი პარტიის - ენმ, "ახალი" და ლელოს", არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა, ამ სარჩელის განხილვის 9 თვიანი ვადა სასამართლოს ივლისში ეწურებოდა, ამა წლის აპრილში „ქართულმა ოცნებამ" სარჩელი უკან გამოითხოვა, ახლით შეცვალა და ამ სიას „ფედერალისტები" დაამატა. შესაბამისად, განხილვის ვადებმაც გადაიწია.
რას ამბობს კობახიძე
23 ივნისს ჟურნალისტებთან პრემიერმა განაცხადა, რომ „ოცნების" მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის ენმ-ის „სრული განეიტრალება".
„ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ, რომ ისინი მოუნდეთ საზოგადოებას და ეს წარმოუდგენელია. ერთმანეთი როცა არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდები. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2020, 2021, 2024 და 2025 წლის არჩევნებზე და ამ რეალობას ვერ გასცდნენ, რაც ძალიან კარგია, საბოლოო ჯამში.
- ირაკლი კობახიძე: „საბოლოო ჯამში, ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სრული განეიტრალება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში".
„ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა. შესაბამისად, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის.
„საბოლოო ჯამში, ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სრული განეიტრალება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა, თითოეულ მათგანს ამისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
რეალური გეგმა, თუ მხარდამჭერების გასაგონად ნათქვამი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამჯერად „ოცნებას" აწყობს ე.წ. კოლექტიური ნაცმოძრაობის განეიტრალება, რადგან უკვე აღარ ჭრის ის პროპაგანდა, როდესაც წინა არჩევნებზე ე.წ. პოლიტიკურ საფრთხობელად იყენებდა ენმ-ს.
„ეს ადრე ჭრიდა, ამიტომაც არჩევნების გაყალბება არ სჭირდებოდათ, რადგან ეს საინფორმაციო პროპაგანდა მუშაობდა და ისედაც იგებდნენ. ეს ყველაფერი პროპაგანდაზე იყო აგებული და დღეს იმდენად არ ჭრის, რადგან უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ „ოცნება" ამ ხნის განმავლობაში ხალხს ატყუებდა. ახლა უკვე შეიძლება მიმართონ იმ გზას, რომ პარტიები მართლაც აკრძალონ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ძალაუფლება არ დაკარგონ", - განაცხადა ჩიტაძემ.
- ნიკა ჩიტაძე: „ეს ყველაფერი პროპაგანდაზე იყო აგებული და დღეს იმდენად არ ჭრის, რადგან უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ „ოცნება" ამ ხნის განმავლობაში ხალხს ატყუებდა."
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარტიების გაუქმების პროცესი თავად ენმ-მ და მისმა დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყეს.
„ნებისმიერ მმართველ პარტიას ყოველთვის ჯანსაღი კონკურენტი უნდა აწყობდეს, რათა, ერთის მხრივ, შეიქმნას რეალური არჩევანის საშუალება და მეორე, როცა წონადი მეტოქე ჰყავთ, მმართველები უფრო ფორმაში და მობილიზებულები არიან და უფრო სიღრმისეულ პროექტებზე ფიქრობენ. ამას ზოგადად ვამბობ და არა იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" ეს აკლია.
„ქართული დემოკრატიის უმთავრესი პრობლემა რადიკალური „ნაცმოძრაობის" დომინირებაა ოპოზიციურ ველზე, რაც ოპოზიციურად განწყობილ ქართულ საზოგადოებას დიდ პრობლემებს უქმნის. მათ უნდა ჰქონდეთ რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება.
„რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ვფიქრობ, ეს პროცესი თვად ენმ-ის დამფუძნებელმა დაიწყო ციხის საკნიდან სხვადასხვა უსტარების გამოქვეყნებით „ფეისბუქზე". რაც ენმ-ში ხდება არანაირ სერიოზულ პოლიტიკურ ანალიზს არ ექვემდებარება.
„რას გულისხმობდა პრემიერი კობახიძე, რომ „დაასრულებენ"? - რა თქმა უნდა, ავტორიტარულ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, რისი წარმოჩენაც ძალიან უნდათ რადიკალებს. აქაც დემოკრატიული წესებია და თუ რომელიმე პარტია ექსტრემისტულ, ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობაშია, ამას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიხედოს. არსებული სარჩელების განხილვა გაიწელა, რადგან „ფედერალისტები" დაემატა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის ექსტრემისტული პარტიები, რომლებიც ახლა დომინირებენ, უნდა აიკრძალონ. უნდა გამოჩნდნენ ასპარეზზე და უკვე ჩანან ის ოპიზიციონერები, რომლებიც მთავრობასთან შინაარსიან პაექრობაში იქნებიან.
„მოძრაობები უკვე აშკარად დაწყებულია და ეს აქაიქ ტელევიზიებში ჩანს კიდეც. რაც უფრო მეტი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი დატოვებს რადიკალური ოპოზიციის ჭაობს, მით უკეთესია. ჩემი დიდი ვარაუდოთ, 2028-ში კოალიციური მთავრობა იქნება და ჯანსაღი ოპოზიცია არანაირი უმსგავსო უსაქციელებით პარლამენტის დარბაზში, თუ მის მიღმა", - განაცხადა აბაშიძემ.
რა იქნება „კოლექტიური ნაცმოძრაობის" აკრძალვის შემდეგ
ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ამომრჩეველთა ის სეგმენტი, რომელიც „ოცნებას" ხმას მხოლოდ იმიტომ იმიტომ აძლევდა, რომ ენმ-ის ხელისუფლებაში მოსვლა არ სურდა, ისევ „ოცნებას" მისცემს ხმას, ამასთან, ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ამ პარტიების აკრძალვით სხვა ოპოზიციურ პარტიებს რეიტინგი არ გაეზრდებათ.
„ვინც იძახის - ოღონდ „ნაცმოძრაობა" არ მოვიდეს ხელისუფლებაშიო, დიდი ალბათობით, პარტიების აკრძალვის შემდეგ მივა და ისევ „ოცნებას" მისცემს ხმას. ასევე არ მგონია, რომ პარტიების აკრძალვის შემდეგ, სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა გაიზარდოს. მარტო „ნაცმოძრაობა" რომ აკრძალოს, „ახლების" რეიტინგი გაიზრდება, მაგრამ მხოლოდ ენმ-ის აკრძალვაზე არაა საუბარი. ეყოლებათ მართული ოპოზიცია. ვიღაცას გადაალახინებენ ბარიერს, ვიღაცას არა და ეყოლებათ რამდენიმე ე.წ. ოპოზიციონერი", - განაცხადა ჩიტაძემ.
- გია აბაშიძე: „ჩემი დიდი ვარაუდოთ, 2028-ში კოალიციური მთავრობა იქნება და ჯანსაღი ოპოზიცია არანაირი უმსგავსო უსაქციელებით პარლამენტის დარბაზში, თუ მის მიღმა".
კითხვაზე, რამდენად მომგებიანი იქნება „ოცნებისთვის" 2028 წლის საპარლამენტო არცევნებისთვის იმ პოლიტიკური ძალების აკრძალვა, რომელთაც ყოველ არჩევნებზე წარმატებით იყენებდა ერთგვარ პოლიტიკურ საფრთხობელად, გია აბაშიძემ გვითხრა:
„ვფიქრობ, პოლიტტექნოლოგიურად ეს ჟამი დასრულებულია. ხალხი საქმეზე და პრობლემების გამოსწორებაზეა ორიენტირებული და მათ კონკურენტუნარიანი არჩევანი სჭირდებათ, რაც, სამწუხაროდ, თავად სააკაშვილის ფლანგმა ჩაკლა. ამ გაქრობას თავად სააკაშვილიც უწყობს ხელს, რაც ძალიან მისასალმებელია", - განაცხადა აბაშიძემ.