
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მომავალ კვირას, 1-ელ ივლისს სომხეთში ვიზიტისთვის ემზადება, - ინფორმაციას Politico სამ ინფორმირებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ასევე შევა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, სომხეთს ეწვევა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ მხარდაჭერის მაღალი დონის დემონსტრირებისთვის, მას შემდეგ, რაც მისმა პროევროპულმა პარტიამ ივნისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა.
„ვხედავთ, როგორ განიცდის ქვეყანა რუსეთის მხრიდან ინტენსიურ და თანმიმდევრულ ზეწოლას; ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გააგზავნის უკვე გაწეული კონკრეტული მხარდაჭერის შემდეგ“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა, რომელიც მომავალ ვიზიტზე მუშაობდა და გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.
ცნობისთვის, ეს ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვიზიტი იქნება სომხეთში ორ თვეზე ნაკლებ დროში. ევროკომისიის პრეზიდენტი ერევანში მაისში იმყოფებოდა ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე დასასწრებად, რომელსაც სომხეთმა უმასპინძლა.