რეზონანსი
23.06.2026

რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ და ნდობით აღჭურვილმა ექიმმა, ანი ქავთარაძემ მოინახულეს. 

ექიმის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ანი ქავთარაძე განმარტავს, მან და უფლებადამცველმა ციხის დირექტორისა და მთავარი ექიმისგან მიიღეს პირობა, რომ დაკავებული პოლიტიკოსის მკურნალობის პროცესში ხვალვე ჩაერთვება მისი მკურნალი რევმატოლოგი და მოინახულებს პაციენტს. 

ანი ქავთარაძის თქმით, ისეთი ტიპის ძლიერი, ქრონიკული ტკივილი, როგორიც ელენე ხოშტარიას აქვს და ამავდროულად ადეკვატური მართვის არარსებობა "წამების ტოლფასია". 

მე ვიმყოფებოდი პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც ელენე ხოშტარიას მეგობარი, გულშემატკივარი, როგორც დედა ასევე მრავალშვილიანი დედის, ასევე როგორც ელენეს მხრიდან ნდობით აღჭურვილი ექიმი.

ციხის დირექტორისგან და მთავარი ექიმისგან ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს მიღებული პირობა, რომ ხვალვე ჩაერთვება ელენეს მკურნალი რევმატოლოგი პროცესში და ის მოინახულებს პაციენტს აუცილებლად, მაგრამ აქვე უნდა გითხრათ, რომ 6 დეკემბრის შემდეგ არის დაკარგული არაერთი დღე, წუთი, საათი, რომლის დროსაც უნდა მომხდარიყო დიაგნოსტირება, საბოლოო დიაგნოზის მიღება და ელენეს მდგომარეობის მართვა, გაუმჯობესება და მკურნალობა, რაც დღეს ჩვენ სამწუხაროდ სახეზე არ გვაქვს. 

ელენეს კლინიკური მდგომარეობა არის დამძიმებული, გაუარესებული უკიდურესად, წინა დღეებთან შედარებით მათ შორის, შესაბამისად უაღრესად მნიშვნელოვანია სწრაფად მოქმედება, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და დროული მკურნალობის დაწყება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ჩემი, როგორც ექიმის, არამედ ჩემი სხვა კოლეგების მოსაზრებითაც, იმ დიაგნოზის, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ეჭვი, მართვა და მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია, ვინაიდან ყველას მოგეხსენებათ, რომ მას აქვს და ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, სხვა არაერთი გადატანილი დაავადება. შესაბამისად, თითოეული ამ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, ის საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში სამკურნალო სერვისების მიღებას, რაც ციხის პირობებში წარმოუდგენელია. ის იტანჯება ტკივილით და მე, როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა უნდა განვაცხადო, რომ ასეთი ტიპის ძლიერი, ქრონიკული ტკივილის არსებობა და ამავდროულად ადეკვატური მართვის არარსებობა შეიძლება ითქვას, რომ უტოლდება წამებას, ეს არის წამების ტოლფასი ციხის პირობებში და შესაბამისად ეს პრობლემაც დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაჭრილი. 

მე იმედს ვიტოვებ, რომ ადგილი ექნება შემდგომში ადეკვატურ მართვას შეთანხმებისამებრ," - განაცხადა ექიმმა, ანი ქავთარაძემ. 

ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა და ციხის ადმინისტრაციამ გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ დაკავებულ პოლიტიკოსს, ადეკვატური მკურნალობა ჩაუტარდეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×