
„ოცნება" ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე მუშაობს - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ გაერთიანების წევრი სულ მცირე 6 სახელმწიფო საქართველოსთან დიალოგის არარსებობობის გამო იმედგაცრუებულია. მისივე ინფორმაციით, ევროკომისიის წარმომადგენლებთან 11 ივნისის დახურული შეხვედრიდან ინფორმაციის მედიაში გაჟონვა მიუღებელია და ეს ქართული მხარისგან არ მომხდარა.
სამხარაძის განცხადებით, ბრიუსელსა და ლუქსემბურგში გამართული შეხვედრების ფარგლებში ქართულმა მხარემ ევროპელ პარტნიორებს გააცნო ის ძირითადი გამოწვევები და შეშფოთებები, რომლებიც, მათი შეფასებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას უკავშირდება.
სამხარაძის თქმით, საუბარი შეეხო ოთხ ძირითად საკითხს:
1. საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების უგულებელყოფა „მუდმივი მოწოდებებით იმაზე", რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ეკონომიკური სანქციები უნდა დააწესოს, რაც ესკალაციის რისკებს ზრდის;
2. საქართველოს შიდა საქმეებსა და არჩევნებში ჩარევა;
3. ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის შეფასების საკითხი;
4. ორმაგი სტანდარტები კანდიდატი ქვეყნების მიმართ.
„ოცნების" დეპუტატი აცხადებს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მმართველ პარტიას 6 ქვეყანაში ჰქონდა ვიზიტი, სადაც იგრძნობა იმედგაცრუება ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკის მიმართ საქართველოსთან დაკავშირებით მისი შეფასებით, "ქართული ოცნება" გააგრძელებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან აქტიურ კომუნიკაციას, რათა მათ თავად დააყენონ ევროკომისიის წინაშე პოლიტიკური დიალოგის აღდგენის საკითხი.
ქვეყნები, რომლებსაც სამხარაძე გულისხმობდა, სავარაუდოდ არიან ბელგია, ლუქსემბურგი, იტალია, სლოვაკეთი, ესპანეთი და რუმინეთი. ბოლო 3 თვეში მმართველი გუნდის საპარლამენტო დელეგაცია სწორედ ამ ქვეყნებს სტუმრობდა. თუმცა, ამ სახელმწიფოების წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის არარსებობასთან დაკავშირებით საყვედურები ევროსტრუქტურების მიმართ ღიად არ დაუფისირებიათ.
კიდევ ერთი, რაზედაც სამხარაძე უკმაყოფილებას გამოთქვამს, ესაა უვიზო მიმოსვლის თემაზე დიალოგი და მისდამი ნდობის საკითხი. მისი მტკიცებით, ევროკომისიის წარმომადგენლებთან 11 ივნისის შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო, თუმცა, პროცესი დააზიანა დახურული შეხვედრის დეტალების მედიაში გაჟონვამ და ეს არ მომხდარა ქართული მხრიდან.
რას აცხადებს სამხარაძე
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ევროკავშირის 6 წევრ ქვეყანასთან ჰქონდათ კომუნიკაცია.
„ბოლო არასრული სამი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე ევროკავშირის 6 წევრ სახელმწიფოში ვიყავით და ექვსივე სახელმწიფოში არის ერთგვარი იმედგაცრუება იმ პოზიციის მიმართ, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში აქვს - ვგულისხმობ, პოლიტიკური დიალოგის არქონას.
„ჩვენ გავაგრძელებთ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო მეტს, რათა პოლიტიკური დიალოგის აღდგენა მათვე მოსთხოვონ ევროკომისიას.
- ნიკოლოზ სამხარაძე: „მიუღებელია, როცა დახურული შეხვედრის დეტალები პრესაში იჟონება შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე... ყველასთვის ნათელია, თუ ვინ გაჟონა ეს ინფორმაცია და რისთვის იყო საჭირო".
„რაც შეეხება ვიზის დიალოგს, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ეს ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხია. ევროკომისიას ვალდებულება აქვს, რომ სავიზო დიალოგი ჩაატაროს იმ ქვეყანასთან, რომელსაც უვიზო მიმოსვლა აქვს. ეს შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა მანამ, სანამ არ მოხდა ამ შეხვედრის დეტალების გაჟონვა პრესაში. როდესაც ნდობაზე ვსაუბრობთ ევროკავშირთან, მიუღებელია, როცა დახურული შეხვედრის დეტალები პრესაში იჟონება შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე. გასაგებია, რომ ქართული მხარე ვერ გაჟონავდა ამ ინფორმაციას იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ევროკავშირშია წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე ყველასთვის ნათელია თუ ვინ გაჟონა ეს ინფორმაცია და რისთვის იყო საჭირო", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რას აძლევს „ოცნებას" ევროკავშირის 6 ქვეყნის მხარდაჭერა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 6 ქვეყნის მხარდაჭერა ოცნებას" აძლევს იმას, რომ სავარაუდოდ დიალოგის დაწყებაზე ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში „სიტყვას შეაწევენ".
„არ ვიცი კონკრეტულად ვის შეხვდნენ და რამდენად გავლენიანი პირები არიან, ყოველ შემთხვევაში, რიგით წევრებს არ შეხვდებოდნენ და თუკი ისინი, როგორც თვითონ ამბობენ, „ოცნების" პოზიციებს იზიარებენ იმაზე, რომ დიალოგი უნდა აღდგეს, სავარაუდოდ სიტყვას შეაწევენ შესაბამის ევროსტრუქტურებში - ყველაზე მოსალოდნელი შედეგი ეს შეიძლება იყოს. მე პირადად ამასთან დაკავშირებით ზედმეტ ოპტიმიზმს არ ვიჩენ იქიდან გამომდინარე, თუ რა განწყობები სუფევს ევროსტრუქტურების უმაღლეს ეშელონებში საქართველოს მიმართ. მაგრამ ნებისმიერი კონსტრუქციული და პოზიტიური აზრი საქართველოს შესახებ მაინც მნიშვნელოვანი იქნება არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე.
„ვერ გეტყვით ვინ შეიძლება დაემატოს ამ ქვეყნებს, ალბათ ისინი, ვისთანაც მოახერხებენ კონტაქტებზე გასვლას. ამ ქვეყნებთანაც იქნებოდა წინასწარ ნამუშევარი, ვიდრე ეს შეხვედრები ჩაინიშნებოდა. ყოველ ასეთ ვიზიტს წინასწარი სამუშაო სჭირდება და ალბათ ამ მიმართულებით მუშაობა მიდის", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
- ზაალ ანჯაფარიძე: „არავინ ასე არ გამოვა და საჯაროდ პოზიციას არ დააფიქსირებს... (ევროკავშირში) ყველა ცდილობს კონიუქტურა გაითვალისწინოს და საერთო განწყობიდან არ ამოვარდეს."
კითხვაზე, თუკი სამხარაძის მიერ ნაგულისხმები ქვეყნები მართლაც უკმაყოფილო არიან საქართველო-ევროკავშირის დიალოგის არასებობით, რატომ არ აფიქსირებენ ამ პოზიციას საჯაროდ, ანალიტიკოსმა გვითხრა:
„ვინც მეტ-ნაკლებად ევროპის პოლიტიკურ ლაბირინთებს იცნობს, არავინ ასე არ გამოვა და საჯაროდ პოზიციას არ დააფიქსირებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთი-ორი გაბედული ევროპარლამენტარის გამოსვლებს, რომლებიც კოლეგებს ეუბნებიან, რომ ისინი საქართველოსთან მიმართებაში არასწორად იქცევიან. ყველა ცდილობს კონიუქტურა გაითვალისწინოს და საერთო განწყობიდან არ ამოვარდეს. თუკი მეინსტრიმის წინააღმდეგ მიდიხარ, ბუნებრივია, შეიძლება შენს მიმართ კითხვები გაჩნდეს - რამე ინტერესი ხომ არ გაქვს? ამიტომ რთული და ფილიგრანული მუშაობაა საჭირო, რომ ის მესიჯები, რაც საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება, შესაბამის კაბინეტებში ისე იყოს მიტანილი, რომ ამით საქმე გაკეთდეს და არ დაზიანდეს. ამ სამუშაოს მეტი წილი უფრო კულუარული პროცესია, ვიდრე საჯარო", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
დამატებით კითხვაზე, ვის ადანაშაულებს „ოცნება" 11 ივნისის დახურული შეხვედრიდან ინფორმაციის გაჟონვაში და ვის აწყობდა ეს, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„თუ არ ვცდები, ინფორმაცია „რადიო თავისუფლების" მეშვეობით გავრცელდა და მისი ავტორი ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი იყო, რომელმაც ეს ინფორმაცია საჯაროდ გამოიტანა. მერე ეს გავიდა „რადიო თავისუფლების" ქართულ რედაქციაში და სხვა ქართულ მედიებში დატრიალდა. მას ევროპელ დიპლომატებთან წვდომა აქვს და კონფიდენციალური ინფორმაციების მოპოვება შეუძლია. ეს ალბათ მათ ინტერესებშია, ვისაც უნდა რომ საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედდეს უვიზო რეჟიმის შეჩერება.
„ვერ ვიტყოდი, რომ ამ ინფორმაციამ რამეზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. რამდენმა ადამიანმა წაიკითხა ეს ინფორმაცია - ესეც საკითხავია და როგორ მიიღეს, ამის გაზომვა და დადგენა რთულია, მაგრამ თუ იქიდან გამოვალთ, რომ ამას საზოგადოებაში მაინცდამაინც დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, შეიძლება ვთქვათ, რომ ხალხმა გაატარა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.