
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა. ამას წინ უძღოდა დე ფაქტო პრემიერის შეცვლა და გაგლოევის შეხვედრა მოსკოვში პუტინთან. ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე ამ ცვლილებას რამდენიმე მიზეზით ხსნის, თუმცა ფიქრობს, რომ ამით სეპარატისტული რეჟიმის საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება.
კრემლმა ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შესახებ ვლადიმერ პუტინის განკარგულება 23 ივნისს გამოაქვეყნა.
„დაინიშნოს ალან გაგლოევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლად", - ნათქვამია პუტინის განკარგულებაში.
ალან გაგლოევმა იმავე დღეს გააკეთა გადადგომის შესახებ განცხადება:
„გუშინ რუსეთის პრეზიდენტს შევხვდი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის მრჩევლად მუშაობა შემომთავაზა. მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმერ პუტინს და მზად ვარ მის გვერდით დავდგე", - განაცხადა გაგლოევმა.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამის შემდეგ ახლახანს ე.წ. პრემიერ-მინისტრად დანიშნული მარატ კამბოლოვი იქნება.
კავკასიის საკითხებში ექპსერტი მამუკა არეშიძე ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ ე.წ. სამთავრობო ცვლილებებით მოსკოვს სურს პირველ რიგში, ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება დაალაგო.
- ალან გაგლოევი: „გუშინ რუსეთის პრეზიდენტს შევხვდი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის მრჩევლად მუშაობა შემომთავაზა. მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს".
„მოსკოვში მობეზრდათ ის, რაც ე.წ. სამხეთ ოსეთში ხდება - გაუთავებელი დაპირისპირებები და წარმოუდგენელი კორუფცია, რომელიც მოსკოურ ტრანშებთანაა დაკავშირებული. ცხინვალის ბიუჯეტის დაახლოებით 90% მოსკოვის ტრანშებზეა დამოკიდებული, რასაც იპარავდნენ და სხვათა შორის, ამაში რუსი ჩინოვნიკებიც მონაწილეობდნენ. არ სრულდებოდა საქმეების გარჩევა ჩინოვნიკებს შორის, დაპირისპირებები და რავიცი, რომელი ერთი გითხრათ. ამიტომაც მოხდა ცვლილება - ჯერ ე.წ. პრემიერი შეცვალეს და მერე - „პრეზიდენტი".
„ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა, ეს არის გზავნილები თბილისისთვის, რომ თუ საქართველო იმ გზას არ დაადგება, რაც მოსკოვისთვის საზიანოა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება.
- მამუკა არეშიძე: „ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა, ეს არის გზავნილები თბილისისთვის".
„ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება როგორ უნდა მოიქცეს, ცალსახა პასუხი ამაზე არ არსებობს. არის გარკვეული ნაბიჯები, რაც მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ეს დაკავშირებულია დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან.
„ადრე მოსკოვს ასეთი პოზიცია ჰქონდა - ნატოში არ გაწევრიანდეთ და ევროკავშირში არაუშავსო. ახლა მიდგომა შეიცვალა - მის სამეზობლოში არავინ არ უნდა იყოს გაწევრიანებული ნებისმიერ დასავლურ სტრუქურაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გარკეულ ნაბიჯებს გადადგამს.
„მოგეხსენებათ, რუსეთს აღარაფერი აჩერებს და მითუმეტეს, საერთაშორისო სამართალი მთლიანად მოშლილია - საერთაშორისო საზოგადოების აზრი აღარ აინტერესებს. გაერო უკვე არის ორგანიზაცია, რომლის გადაწყვეტილებების რეალიზაცია არ ხდება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების მიერაც. აქედან გამომდინარე, მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.
„პრემიერ" კამბოლოვის ამოცანა ამ წუთში რეგიონში სიტუაციის დალაგებაა და არა ოფიციალურ თბილისთან; მეორე, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონიდან გასული მოსახლეობის დაბრუნება. შემდეგი მოსაგვარებელი საკითხი ტრანშების სწორი განაწილებაა. რაც თავის დროზე აფხაზეთში მოხდა, იმას ახორციელებენ ცხინვალის რეგიონში. ამის მერე ალბათ ის შესაბამისს დავალებებს მიიღებს. კამბოლოვი საკმაოდ გამოცდილი პიროვნებაა, რომელსაც რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებში არაერთ პოზიციებზე აქვს ნამუშევარი. რა დავალებებს მიიღებს, არ ვიცი, მაგრამ კამბოლოვი არ იქნება ის ფიგურა, რომელმაც საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გადაწყვიტოს, ეს აფხაზეთი არაა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".