
ფასების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით, სულ მალე, საზოგადოება ბევრ კარგ სიახლეს შეიტყობს. დეპუტატი არ აკონკრეტებს რა სიახლეებს გვპირდება, თუმცა დარგის სპეციალისტების შეფასებით, ვინაიდან ხელისუფლებამ ფასების დასტაბილურების ბერძნული მოდელი აირჩია და თან ბერეკაშვილმა სწორედ ამ მოდელის დახვეწა ახსენა, საუბარია მოდელზე, როდესაც ქსელური მარკეტები ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან და ფასებსაც თვითონვე განსაზღვრავენ. სახელმწიფო მხოლოდ იმ ნაწილში ერევა, რომ ადგენს პროდუქციის ნუსხას, რომელსაც ფასდაკლება უნდა შეეხოს.
ფასების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე და დეპუტატი, შოთა ბერეკაშვილი გეგმებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მიმდინარეობს მონიტორინგი: „ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ ქსელებთან და საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტებზე, რომლებსაც გავუკეთეთ იდენტიფიცირება, ყოველკვირეულად ახლდება შეთავაზებები, საუკეთესო შეთავაზებები. გვაქვს კიდევ გეგმები, დაელოდეთ და კარგ ინფორმაციებს გაიგებთ. საუბარი მაქვს მოკლევადიან გეგმებზე, მიმდინარეობს ბერძნული კალათის მსგავსი მოდელის კიდევ უფრო დახვეწა, გვაქვს კარგი მოკლე და საშუალოვადიანი გეგმები და გაიგებთ“, - ამბობს ბერეკაშვილი.
რას ნიშნავს ბერძნული მოდელის კიდევ უფრო დახვეწა და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? „რეზონანსთან“ საუბრისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ჩიხელიძემ აღნიშნა, სავარაუდოა, რომ სახელმწიფო საოჯახო კალათში შემავალი პროდუქციის ნუსხას გაზრდის.
„ზოგადად, ბერძნული მოდელი და ბერძნული კალათა მისაბაძად იქცა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნისთვის. რეალურად, ეს მოდელი ჩვენ უკვე გვაქვს. ეს არის გარკვეული სახის პროდუქტების სოციალურ კალათაში მოთავსება, რომელზეც ფასები შემცირებულია. ბერძნული მოდელის შემთხვევაში, ეს მოიცავს 51 სახეობის პროდუქციას და თითოეულ სუპერმარკეტს ვალდებულება აქვს, რომ ამ 51 დასახელების პროდუქციიდან, მინიმუმ ერთზე მაინც ჰქონდეს დაბალი და სტაბილური ფასი. ეს მოდელი ეფექტიანი იმიტომაა, რომ მთავრობამ საბერძნეთში შექმნა პორტალი, ანალოგიური პორტალი შექმნა საქართველოს მთავრობამაც, რამდენიმე კვირის წინ და ყველა ქსელური მარკეტი ვალდებულია, ამ პორტალზე განაახლოს ფასები. ამას მოჰყვა საოცარი შედეგი - მარკეტებმა დაინახეს, რომ მომხმარებელი მიდიოდა იქ, სადაც უფრო დაბალი ფასი იყო, თუმცა იძენდა სხვა სახის პროდუქტებსაც, რომლებიც არ შედიოდა სოციალურ კალათში და არ იყო მასზე ფასდაკლება“, - განუცხადა „რეზონანსს“ჩიხელიძემ.
მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ქსელურ მარკეტებს შორის, საბერძნეთში, გაიზარდა კონკურენცია და მთავრობის ჩარევის გარეშე, რეალურად, თვითონ სავაჭრო ქსელებმა დაარეგულირეს ფასები პროდუქტებზე.
„დიდმა სავაჭრო ქსელებმა თვითონ დაიწყეს ერთმანეთში კონკურენცია, რათა მიეზიდათ მომხმარებელი. სინამდვილეში, ეს იყო ერთგვარი მარკეტინგული ხრიკიც, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ ფასდაკლებული პროდუქციასთან ერთად, მომხმარებლები სხვა პროდუქტებსაც ყიდულობდნენ. შესაბამისად, გაჩნდა იმის ინტერესი, რომ მარკეტებს გარკვეულ პროდუქციაზე დაბალი ფასი ჰქონოდათ, რათა ირიბად, მომხმარებლებს სხვა პროდუქტებიც შეეძინა. აქ მთავარია ფასების გამჭვირვალობა, ასევე მარკეტების ვალდებულება, რომ ფასები განაახლონ მყისიერად, რათა მომხმარებელმა განსაზღვროს, რომელ მარკეტში წავიდეს და უკვე ამის შემდგომ, ბაზარმა დაარეგულიროს სექტორი“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ დავით ჩიხელიძემ და დასძინა, რომ ბერძნული მოდელის შემთხვევაში, სუპერმარკეტებს არ აქვთ უფლება, ამ 51 დასახელების პროდუქტებზე ფასი გაზარდონ მოულოდნელად და მყისიერად.
„აუცილებელია,საოჯახო კალათის პროდუქტებზე ფასები იყოს დაბალი და სტაბილური. ჩვენს შემთხვევაში, ახლა 15 დასახელების პროდუქტია ფასდაკლებაში, მაგრამ დიდი ალბათობით, პროდუქტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ სავაჭრო ქსელების ერთმანეთთან კონკურენციაში შესვლა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ერთი მხრივ, დასტაბილურდეს ბაზარი, ხოლო მეორე მხრივ, იყოს დაბალი ფასი და ადამიანმა იცოდეს, რომ კონკრეტულ 50 თუ 60 სახის პროდუქციას ნებისმიერ დროს მიიღებს დაბალ ფასად“, - განაცხადა ჩიხელიძემ.
იგივე პოზიცია აქვს ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძეს, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ბერძნული გამოცდილების გაზიარება და ადაპტაცია ჩვენს სინამდვილესთან კარგი ყველაზე ცნობილი კომპონენტი - „საოჯახო კალათა“ - საბერძნეთში, 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა, როდესაც ენერგეტიკულმა კრიზისმა და მაღალი ინფლაციამ სურსათის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.
„საბერძნეთმა ფასების ზრდასთან ბრძოლის ახალი მიდგომა 2022 წლის ნოემბერში აამოქმედა, როდესაც მაღალი ინფლაციის ფონზე, დაიწყო ე.წ. „საოჯახო კალათის“ პროგრამა. მოგვიანებით, 2023-2024 წლებში, ეს ინიციატივა გადაიქცა უფრო ფართო სისტემად, მას დაემატა ციფრული პლატფორმები, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელის ფასების შედარება შეეძლო, ხოლო კონკურენციის ორგანოებმა უფრო აქტიურად დაიწყეს ბაზრის მონიტორინგი და შესაძლო კარტელური შეთანხმებების გამოძიება. ეს აერთიანებდა ფასების მონიტორინგს, მომხმარებლისთვის ფასების გამჭვირვალობასა და კონკურენციის გაძლიერებას. სწორედ ამ გამოცდილებას მოიხსენიებენ დღეს „ბერძნულ მოდელად“, რომლის ცალკეული ელემენტების დანერგვაზეც საუბრობს, ალბათ, შოთა ბერეკაშვილი. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბერძნული მოდელი არ გულისხმობს ფასების ადმინისტრაციულ კონტროლს ან სახელმწიფოს მიერ მაღაზიებისთვის ფასების პირდაპირ დაწესებას. მისი მთავარი იდეა არის ბაზარზე კონკურენციის გაძლიერება, ფასების გამჭვირვალობის ზრდა და მომხმარებლის ინფორმირების გაუმჯობესება“, - განუცხადა „რეზონანსს“ცუცქირიძემ.
სწორედ ამ მიდგომას მიმართა საბერძნეთმა მაშინ, როდესაც მაღალი ინფლაცია და სურსათის გაძვირება მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. გიორგი ცუცქირიძის განმარტებით, ხელისუფლებამ დაიწყო პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების სისტემატური მონიტორინგი, რათა სწრაფად გამოევლინა ის სექტორები, სადაც ფასები არაბუნებრივად იზრდებოდა ან კონკურენციის პრობლემები არსებობდა.
„ამ მოდელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ფასების საჯარო გამჭვირვალობაა, როდესაც მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ფასების მარტივად შედარება, კონკურენცია ავტომატურად ძლიერდება. არც ერთ კომპანიას არ სურს, ყველაზე ძვირიანი მოთამაშის როლში აღმოჩნდეს, რის გამოც ბიზნესები იძულებულნი ხდებიან, უფრო კონკურენტული ფასები შესთავაზონ მომხმარებლებს.
ბერძნული მოდელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კონკურენციის სააგენტოს გაძლიერებული როლია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კარტელურ შეთანხმებებს, ფასების შეთანხმებულ ზრდასა და ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებას. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო მკაცრ სანქციებს იყენებს, რათა კონკურენტული გარემო დაცული იყოს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია. რაც უფრო მეტი მომწოდებელია ბაზარზე, მით უფრო რთულია რამდენიმე მსხვილი მოთამაშისთვის ფასებზე გავლენის მოხდენა. სწორედ ამიტომ საბერძნეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ კონკურენციის ზრდა ხშირად უფრო ეფექტიან შედეგს იძლევა, ვიდრე პირდაპირი ადმინისტრაციული ჩარევა. თუ მსგავსი მოდელი საქართველოში სრულყოფილად დაინერგება, მოკლევადიან პერიოდში მომხმარებელმა შესაძლოა იხილოს უფრო ხელმისაწვდომი ფასები გარკვეულ სასურსათო კატეგორიებში“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ გიორგი ცუცქირიძემ.
მისივე აზრით, საშუალოვადიან პერიოდში, მოსალოდნელია ბაზარზე კონკურენციის გაძლიერება, ფასების მკვეთრი რყევების შემცირება და უფრო სტაბილური სავაჭრო გარემოს ჩამოყალიბება. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინფლაციური ზეწოლის შემცირებას და მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის დაცვას.