რეზონანსი
24.06.2026

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხზე იმსჯელებს. 24 ივნისს დაგეგმილია ასამბლეის საზაფხულო სესიის სხდომა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება და კენჭი ეყრება რეზოლუციის პროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მდგომარეობას აფასებს.

რეზოლუციის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული.

პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივა მიუღებელია“.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის „დაუნდობელი ჩახშობის, ასევე ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად, საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შევიწროება, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენების გზით, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.

რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. სამოქალაქო საზოგადოება ამბობს, რომ მაგიდაზეა ნებისმიერი ტიპის მექანიზმი და მათ შორისაა სანქციები.

ანგარიშს -„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ – მომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) წარადგენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×