რეზონანსი
25.06.2026

პარლამენტმა მესამე მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის სისტემა და სანქციები იცვლება. გარდა ამისა, სანქცია მსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.

კანონპროექტი 80-ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის ჯერ კიდევ მოქმედი რეგულაციით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − 300 ლარის ოდენობით.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული სანქციები ახლებურად - შემდეგი სახით განისაზღვრება: - 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის ჯარიმის ოდენობა 50 ლარი იქნება; 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის − 300 ლარი.

გარდა ამისა, ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.

კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა, ხოლო თბილისის საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ღამის საათებში - 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, სადისტრიბუციო მანქანებს BUS LANE-ში დადგომის და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნება. წესები და პირობები, რასაც სადისტრიბუციო მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს, შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×