
"ეს არის ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანის ღირსების შელახვა" - კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია "ონკოლაინ ჯორჯია" პოდკასტერ გიორგი კალატოზისა და ნიკა შევარდნაძის მიერ გავრცელებულ "სკეტჩს" აკრიტიკებს, რომელშიც ლეიკემიით დაავადებულთა მძიმე მდგომარეობა იუმორისტულ და გასართობ კონტექსტში იყო გამოყენებული.
ორგანიზაციის დამფუძნებელი სოფო ფირანიშვილი პაციენტთა და მათი ოჯახის წევრების სახელით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და პოდკასტერებს ბოდიშის მოხდისკენ, ხოლო პროექტის სპონსორებს - "Betsson Sport"-სა და "TBC Bank"-ს - მხარდაჭერილი ღირებულებების გადახედვისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დაავადებაზე და მის „ხილულ კვალზე“ სიცილი არა იუმორი, არამედ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაღრმავება და პაციენტთა ღირსების შემლახველი ქმედებაა.
"ოფიციალური განცხადება
კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია"
25 ივნისი, 2026
კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია" გმობს ბოლო პერიოდში გავრცელებულ სიუჟეტს, რომელშიც ლეიკემია - სიცოცხლისთვის საშიში ონკოლოგიური დაავადება - და მისი მქონე ადამიანების მკურნალობის შედეგად დამდგარი თმის ცვენა დაცინვისა და სიცილის საგნად იქცა.
თმის ცვენა ქიმიოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მძიმე გვერდითი მოვლენაა. ის არ არის ხუმრობის თემა - ეს იმ ადამიანების რეალობაა, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან. დაავადებაზე და მის ხილულ კვალზე სიცილი არ არის იუმორი. ეს არის ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანის ღირსების შელახვა და მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაღრმავება.
ჩვენ არ ვართ იუმორის წინააღმდეგ. ჩვენი პაციენტებიც ხშირად სწორედ იუმორით უმკლავდებიან ყველაზე მძიმე დღეებს. მაგრამ ღირსეული ხუმრობა და დაავადებული ადამიანის დაცინვა ერთი და იგივე არ არის. პირველი ეხმარება, მეორე - აზიანებს.
მოვუწოდებთ სიუჟეტის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის გიორგი კალატოზსა და ნიკა შევარდნაძეს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ყველა ონკოპაციენტის წინაშე და გაიაზრონ თავიანთი ნათქვამის რეალური ფასი.
ასევე მოვუწოდებთ სიუჟეტის სპონსორებსა და პარტნიორებს, მათ შორის Betsson Sport-სა და TBC Bank-ს, საჯაროდ განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება მსგავსი შინაარსის მიმართ და გადახედონ, რა ღირებულებებს უჭერენ მხარს თავიანთი დაფინანსებით.
ონკოპაციენტები იმსახურებენ პატივისცემას, თანადგომასა და ღირსებას - და არა გასართობ კონტენტად ქცევას.
მთელი კიბოს პაციენტთა ორგანიზაცია შეძრწუნებული ვართ ჩვენდამი ამგვარი დამოკიდებულებით. ვითხოვთ, რომ ყველა მხარემ გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე.
პატივისცემით,
კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია" - წერს სოფო ფირანიშვილი სოციალურ ქსელში.