ნატალია ჯვარიძე
25.06.2026

რუსეთის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს მომზადებული აქვს საგანგებო მოხსენება პრეზიდენტ ვლადიმერი პუტინისთვის, სადაც საუბარია ყირიმში შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაზე, საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტისა და ფრონტზე საწვავის უპრეცედენტო უკმარისობაზე. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ადასტურებს, რომ ვითარება მართლაც რთულია, თუმცა რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რესურსები, რომ სიტუაცია შემოატრიალოს.

ინფორმაცია გერასიმოვის მოხსენების შესახებ სხვადასხვა სოციალურ ქსელში რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ გაავრცელა. რუსული სამთავრობო მედია კი ამ საკითხზე არაფერს იუწყება.

ამ წყაროებს ცნობით, გერასიმოვი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ერთდროულად რამდენიმე პრობლემის შესახებ აპირებს მოახსენოს, რომელთა დამალვაც უკვე შეუძლებელი ხდება. საუბარია ყირიმში არსებულ ვითარებაზე, სასაზღვრო რეგიონების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემცირებასა და საწვავის დეფიციტზე, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, უკვე გავლენას ახდენს რუსეთის არმიის შეტევით ოპერაციებზე.

  • მოხსენებაში საუბარია ყირიმში არსებულ ვითარებაზე, სასაზღვრო რეგიონების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემცირებასა და საწვავის დეფიციტზე, რომელიც უკვე გავლენას ახდენს რუსეთის არმიის შეტევით ოპერაციებზე.

ამავე ინფორმაციით, გენერალურ შტაბში მიიჩნევენ, რომ კრემლი ერთდროულად ცდილობს მოსკოვის დაცვას, ყირიმის შენარჩუნებასა და ფრონტზე შეტევითი მოქმედებების გაგრძელებას, თუმცა ამისთვის რესურსები შესაძლოა აღარ იყოს საკმარისი.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონებით განხორციელებული დარტყმების ფონზე, ფრონტიდან საწვავის ნაწილი მოსკოვის საჭიროებებზე გადაირთო, რამაც პრობლემები შეიქმნა სამხედრო ტექნიკის უზრუნველყოფისა და საბრძოლო მასალის მიწოდების მიმართულებით. გავრცელებული ცნობებით, გენშტაბის რამდენიმე მაღალჩინოსანმა უკვე გააფრთხილა გერასიმოვი, რომ საწვავის გარეშე შეტევითი ოპერაციების გაგრძელება რთული იქნება.

ცალკე მოხსენება შეეხება ბრიანსკის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებს. წყაროს ცნობით, ამ რეგიონებში საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი რაკეტების მარაგი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რადგან არსებული რესურსები მოსკოვის, ყირიმის და სხვადასხვა რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების დასაცავად ნაწილდება.

  • ვახტანგ მაისაია: „გერასიმოვმა უფრო შეალამაზა და რეალურად გაცილებით რთული ვითარებაა. უკრაინელებმა ოპერატიული უპირატესობა უკვე აიღეს, მაგრამ სახმელეთო ოპერაციებში უპირატესობას რუსები ინარჩუნებენ."

ამავე ცნობით, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს უკრაინელთა საჰაერო თავდასხმების მხოლოდ ნაწილის მოგერიება შეუძლიათ, თუმცა ისინი სრულფასოვნად ვერ ანაცვლებენ საჰაერო თავდაცვის რაკეტებს.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთს გააჩნია რესურსები სიტუაციის გამოსასწორებლად, თუმცა ძნელი სათქმელია რამდენად მოახერხებენ მის ამოქმედებას.

„რა თქმა უნდა, აღნიშნული ინფორმაცია რეალობას შეესაბამება. საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების ნაკლებობაზე, რადიო კავშირების სრულ მოშლაზე. ასევე საკმაოდ დეფიციტურია რაკეტები და საარტილერიო ჭურვები. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე შეინიშნება „ჭურვების შიმშილი". გერასიმოვმა უფრო შეალამაზა და რეალურად გაცილებით რთული ვითარებაა.

„უკრაინელებმა ოპერატიული უპირატესობა უკვე აიღეს, მაგრამ სახმელეთო ოპერაციებში უპირატესობას რუსები ინარჩუნებენ. ლოჯისტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ობიექტების განადგურების თვალსაზრისით, უპირატესობა უკრაინელების მხარესაა. უკრაინელები მეხუთე თაობის ომის სტრატეგიას იყენებენ, რუსები კი - მეოთხეს, განსხვავება ესაა. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ომი გარდამტეხ მომენტშია.

„ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ნებისმიერი რამე შეიძლება მოხდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოახერხებს რუსეთი ატაპტაციას და გაძლებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ მათ რესურსები გააჩნიათ. რამდენად მოახდენენ მათ ორგანიზებას და მართვას, ესაა საკითხავი. რუსეთმა არერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია უკრაინელების საპირისპიროდ კონტ-შეტევების განხორციელება და უკრაინისთვის საკმაოდ სერიოზული ზიანის მიყენება. პოტენციალი აქვთ და მათზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა გამოყენებას", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×