მარიამ ვეკუა
25.06.2026

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს თბილისიდან შეშფოთებით ადევნებენ თვალს. ოპოზიცია „ოცნების" ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებას გეგმავს. ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, კრემლის ბოლო გადაწყვეტილებები „ოცნების" ხელისულფლებიდან წავსლის შემდგომ პერიოდზეა გათვლილი, რათა უფრო მძლავრი ბერკეტი ჰქონდეს საქართველოს შემდეგ ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის.

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში შესაძლოა კვლავ დღის წესრიგში დადგეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი. ეს ვარაუდი უკავშირდება მოსკოვსა და მის მარიონეტულ ხელისუფლებას შორის ახალი ე.წ. შეთანხმების გაფორმებას, საკადრო ცვლილებებს დე ფაქტო ხელისუფლებაში და ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევის მოულოდნელ გადადგომას.

23 ივნისს ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ტოვებს დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს და მუშაობას რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე აგრძელებს.

ამას წინ უძღოდა მოსკოვშ გაგლოევის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, სადაც, პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მხარეებმა „ორმხრივი დიალოგის გაღრმავების პერსპექტივები" განიხილეს.

მანამდე, 2026 წლის 9 მაისს მოსკოვში ხელი მოეწერა ე.წ. შეთანხმებას დე ფაქტო ხელისუფლებასთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ", რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უფლებას აძლევს სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო თანამდებობები დაიკავონ.

8 ივნისს, ამ დოკუმენტის რატიფიცირებისთანავე, გაგლოევმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად რუსეთის მთავრობის ყოფილი მოხელე, რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი წარადგინა.

კამბოლოვმა პოსტზე მხოლოდ ორი კვირა დაჰყო და გაგლოევის გადადგომის შემდეგ, სწორედ ის გახდა „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი" ე.წ. ვადამდელ არჩევნებამდე. ამგვარად, მოსკოვმა რეგიონის მართვის სადავეები პირდაპირ საკუთარ კადრს გადასცა.

გადადგომის შესახებ განცხადება გაგლოევმა 23 ივნისს გააკეთა და საგანგებო ტელემიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის რანგში აქტიურად იმუშავებს „ორი ოსეთის" გაერთიანებაზე.

თუმცა ოფიციალური ხელისუფლება ხელისუფლება ახლო მომავალში მოვლენების ასეთ განვითარებას უარყოფს.

„არა, არ შეიძლება", - ასე უპასუხა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა შეკითხვას, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობის ცვლილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო გაწევრიანების პროცესს უკავშირდება.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა, თუ კონკრეტულად რა საკითხები დაევალება ალან გაგლოევს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში:

„ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მოვალეობების განაწილებაში შევა შესაბამისი ცვლილებები და საჭირო დამატებები. ამის შესახებ შესაბამის დოკუმენტსაც გამოვაქვეყნებთ".

ქართული ოპოზიციის შიშები

ქართული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ყოველივე ამის უკან ცხინვალის რეგიონუს რუსეთთან შეერთების გეგმა დგას. ყველაზე ხშირად და აქტიურად ამ თემაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის" საუბრობს, რომელმაც გაგლოევის გადადგომის შემდეგ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა.

ამ შეშფოთებას იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ასეთ ვითრებაში „ამბავი უნდა იყოს ატეხილი".

„ახლა, ასეთ ვითარებებში, ამბავი უნდა იყოს ატეხილი, მაგრამ მეორე მხარესთან არ აქვთ მისასვლელი პირი, ვის უნდა სთხოვონ (დახმარება)? ევროსაბჭოსთან პრაქტიკულად აღარ არიან, ამერიკელებთან გაუგებარი ვითარება აქვთ, საკმაოდ ცუდიც. წინ ეუთოს სესიაა, იქაც უთქმელად არ გამოვა. ეუთომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ეს ხელისუფლება, როდესაც „მოსკოვის მექანიზმი" ამოქმედდა. საქართველო ყველას უყვარს და ის მდგომარეობა არ მოსწონთ, რაც აქ არის", - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, თეონა აქუბარდიას აზრით, კრემლი ამზადებს საფუძველს რეგიონის სრული ანექსიისთვის:.

  • გიგი წერეთელი: „ასეთ ვითარებებში, ამბავი უნდა იყოს ატეხილი, მაგრამ მეორე მხარესთან არ აქვთ მისასვლელი პირი, ვის უნდა სთხოვონ დახმარება?"

„ჩვენ ვნახეთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში 2 თვის მანძილზე ორჯერ ჩავიდა. ჩემი აზრით, ეს მის ფაქტობრივ გადადგომას უკავშირდებოდა და უკვე პირდაპირ რუსეთის მმართველობის განხორციელებას. საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი არის წინსწრებად ველის მომზადება იმისთვის, რომ ანექსია გამოაცხადონ."

„ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიული მიმართულებები" წარმოადგინა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის თქმით, ენმ რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებელ და მათ ხელშემწყობთა მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას იწყებს და ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრებს გამართავს.

„ოცნების" პასუხი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე შექმნილ სიტუაციაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა.

  • შალვა პაპუაშვილი: „სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა, რომ ოკუპაცია არ გადაიზარდოს ანექსიაში."

„თავისთავად ეს იმ ოკუპაციის მიმდინარე შედეგებია, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის" უგუნური და გარედან წაქეზებული პოლიტიკის შედეგად დადგა. სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა, რომ ოკუპაცია არ გადაიზარდოს ანექსიაში. 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ ესკალაციისკენ რომ გვიბიძგებდნენ, ამის შედეგი რაც იქნებოდა, ყველა ხვდებოდა. ბრიუსელში ისეთი სულელი არავინ არის, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავს ესკალაცია და ამას რა შედეგები შეიძლებოდა მოეტანა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ არის ისეთი კრიტიკული რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ, როგორიც ევროკავშირის მიმართ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ისინი არათუ კრიტიკული არიან, არამედ მიაღწიეს იმას, რომ სტრასბურგმა სასამართლო დოკუმენტით დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე.

„ჩვენ არათუ კრიტიკული ვართ, არამედ „ქართულმა ოცნებამ" მივაღწიეთ, რომ სტრასბურგმა სასამართლო დოკუმენტით დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე. ეფექტური კონტროლი პოლიტიკურ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ნიშნავს ოკუპაციას. ასე, რომ „ქართულმა ოცნებამ" და არა სააკაშვილის რეჟიმმა, რომელმაც 2008 წელს ოკუპაცია გახადა შესაძლებელი, მივაღწიეთ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო დოკუმენტით დადასტურებულია, რომ რუსეთს საქართველოს ორი ტერიტორია ოკუპირებული აქვს. ამიტომ, ეს არის ჩვენი პოლიტიკა - ერთი მხრივ, სამართლებრივი და მეორე მხრივ პოლიტიკური მექანიზმების გამოყენება. ეს გულისხმობს, რომ თავიდან ავიცილოთ ის რისკები, რომელიც ანექსიას უკავშირდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აწყობს თუ არა რუსეთს ანექსია

ყოფილი სახელიმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთი ანექსიის გზაზე მოძრაობს, თუმცა ახლო მომავალში ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთებას არ ელოდება.

„ახლო მომავალში, შესაძლოა, არ არის რეალური, მაგრამ რუსეთი ყველაფერს ამზადებს, რათა მერე მიიერთოს. ის რეგულარულად დგამს ნაბიჯებს, რათა მოახდინოს დე ფაქტო ანექსია. მას შეუძლია პირდაპირ ანექსია განახორციელოს, ჩაატაროს რეფერენდუმი (უკანონო რეფერენდუმი, ბუნებრივია) და შემდეგ მიიერთოს, როგორც ყირიმის შემთხვევაში. თუმცა ამით შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოში მღელვარება და „ოცნების" რეჟიმს საფრთხე შეექმნას, რაც მას არ აწყობს.

„მეორე მხრივ, ეშინია, რადგან საქართველოს მასთან არც დიპლომატიური კავშირი არ აქვს, არც დსთ-ს და არც „ოდეკაბეს" წევრი არაა და არც „3 პლუს 3" ფორმატში მონაწილეობს. ერთდერთი, რაც დარჩენია, მაქსიმალურად მიითვისოს ცხივალისა და აფხაზეთის მიმართულება, რათა შემდეგ, თუ საქართველოში პოლიტიკა შეიცვალა, უფრო ძვირად დაუჯინოს საქართველოს ამ რეგიონებთნ ურთიერთობა.

„ის ამწიფებს სიტუაციას მომავლისთვის. შეიძლება სულ მალე განახორციელოს ანექსია, მაგრამ ამან შესაძლოა გამოიწვიოს დაძაბულობა საქართველსთან. ამიტომ ცდილობს ყველაფერი მიითვისოს ისე, რომ მომავალში, როცა დასჭირდება, ანექსია უფრო სწრაფად განახორციელოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების პასიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაუმართლებელია და ეს მხოლოდ აძლიერებს რუსეთს.

„დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლებას ნაბიჯი უნდა გადაედგა, პირველ რიგში 9 მაისს, როცა ხელი მოეწერა „ხელშეკრულებას" ცხინვალსა და მოსკოვს შორის, რითაც რუსეთის მოქალქეებს უფლება ეძლევათ დაიკავონ პოლიტიკური თანამდებობები ცხინვალში, მაშინ უკვე უნდა ჰქონოდათ რეაგირება.

„რეზოლუცია უნდა მიიღოს პარლამენტმა, მიემართოს საერთშორისო დონეზე, შეხვდნენ ელჩებს, ხმაური ატყდეს. აფხაზეთი რომ აფხაზეთია, ისიც კი წინააღმდეგობას უწევს რუსეთს იმდენად, რომ რუსეთი ვერ ახორციელებს იმ პოლიტიკას, რასაც ახორციელებს ცხინვალში.

„საქართველომ უნდა იხმაუროს, მსოფლიომ უნდა იხმაუროს, საქართველოს პასიურობა რუსეთს აძლიერებს."-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, რაში სჭირდება რუსეთს ამ ნაბიჯის გადადგმა, ზაქარეიშილი ფიქრობს, რომ რუსეთი კარგავს პოზიციებს კავკასიაში.

 

  •  პაატა ზაქარეიშვილი: „რუსეთი ამწიფებს სიტუაციას მომავლისთვის... ცდილობს ყველაფერი მიითვისოს ისე, რომ მომავალში, როცა დასჭირდება, ანექსია უფრო სწრაფად განახორციელოს".

 

„რუსეთი ,აშკარად უკრაინაში კარგავს პოზიციებს და კარგავს კავკასიას. აზერბაიჯანი უკვე აღარაა პრორუსული, სომხეთში გაიმარჯვა ფაშინიანმა და გაიმყარა პოზიციები, აშკარად სოხმეთსაც კარგავს. საქართველოსთან არანაირი ბმა არ აქვს - არც ინსტიტუციონალური, არც პოლიტიკური... ერთადერთი ბმა აქვს ბიძინა ივანიშვილთან, სხვა არანაირი. რამე რომ მოუვიდეს ივანიშვილს, საქართველოს ვეღარ მართავს. შესაბამისად, მას სჭირდება საქართველოს ჩამოჰკიდოს სიმძიმეები, მოუგვარებელი საკითხები - ესაა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ამიტომ, მაქსიალურად ითვისებს ამ ტერიტორიებს, რათა მომავალში, როცა ივანიშვილი არ იქნება, როცა წააგებს უკრაინაში, როცა მიხვდება, რომ უნდა გადაარჩინოს კავკასია, აამოქმედებს ამ ბერკეტებს, დააშანტაჟებს საქართველოს საბოლოო ანექსიით", -განაცხადა ზაქარეიშილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×