
"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული დაპირისპირება და კრიზისი სულ უფრო მწვავდება. შეცვლის თუ არა პერსონების ცვლილება მიმდინარე პროცესებს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა, დარჩება თუ არა პარტია ოპოზიციურ ალიანსში.
პარტიაში არსებულ ვითარებასა და განსხვავებულ მოსაზრებებზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ისაუბრა.
"განსხვავებული აზრი, ჩვენი მხრიდან, აღიქმება არა სისუსტედ, არამედ სიძლიერედ, რადგან ვართ ერთადერთი პარტია, სადაც შეიძლება ჩატარდეს არჩევნები, სადაც რეალურად, თითოეულ კანდიდატს შეუძლია გამარჯვება. ერთადერთი პარტია ვართ, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ყველაზე ცნობილი და წარმატებული პოლიტიკოსი, მისი სიტყვაც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს გადამწყვეტი, ამიტომაც ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვაქციოთ ჩვენს სიძლიერედ," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.