ნატალია ჯვარიძე
26.06.2026

ევროკომისია ამზადებს გეგმებს, რათა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური შეღავათები მიენიჭოს ბლოკში გაწევრიანებამდე, - ამის შესახებ „პოლიტიკო" ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის წყროების ცნობით, ეს წინადადებები კომისიის „ეტაპობრივი ინტეგრაციისკენ" სწრაფვის ნაწილია - კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში უფრო ფართო წვდომის მინიჭება, რადგან ისინი რეფორმებს ახორციელებენ, როდესაც მათი წევრობის განაცხადები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

განხილვის პროცესში მყოფი შეღავათები მოიცავს ევროკავშირის გარკვეულ დაფინანსების პროგრამებზე წვდომას, შეღავათიან სავაჭრო შეთანხმებებს და ერთიან ბაზარზე ნაწილობრივ წვდომას გაწევრიანებამდე, ზუსტი პაკეტი კი თითოეული კანდიდატი ქვეყნის პროგრესზე იქნება მორგებული.

ამ ნაბიჯის მიზანია კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების გზაზე შენარჩუნება, მათთვის პოლიტიკურად რთული რეფორმების განხორციელების სტიმულის მიცემით, მაშინაც კი, თუ სრულ წევრობამდე წლებია დარჩენილი.

ევროკომისია შეეცდება ამ ინიციატივისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ლიდერები უფრო ფართო ჩარჩოზე მუშაობის დაწყებას ევროპული ოქტომბრის ან დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცებენ.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, გეგმების თანახმად, შეღავათებზე წვდომა თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალურად გაიცემა, იმის მიხედვით, თუ რამდენად შესაბამისობაშია ესა თუ ის ქვეყანა ევროკავშირის წესებთან და რამდენი რეფორმა განხორციელდა.

„პოლიტიკო" წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი გადახვევა იქნება ამჟამინდელი სისტემიდან, რომლის მიხედვითაც შეღავათების უმეტესობა სრულუფლებიანი წევრებისთვისაა განკუთვნილი.

გამოცემა განმარტავს, რომ ეს მიდგომა ასევე შექმნილია იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა - რომლის გაწევრიანებასაც, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მიუხედავად - სრულად ჩაერთონ პროცესში სწრაფი გაწევრიანების დაპირების გარეშე. „პოლიტიკო" წერს, რომ ამჟამად ევროკავშირს ცხრა ოფიციალური კანდიდატი ქვეყანა ჰყავს.

მონტენეგრო ფართოდ განიხილება, როგორც გაწევრიანების ლიდერი კანდიდატი, უკრაინამ და მოლდოვამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს. სხვა ქვეყნების, მათ შორის სერბეთის, თურქეთისა და საქართველოს, გაწევრიანების განაცხადები კი შეფერხებულია.

ექსპერტები ამ გეგმას ორ ძირითად ჭრილში განიხილავენ: ერთი მხრივ, ეს არის ბლოკის გაფართოების ჩიხიდან გამოსვლის შანსი, მეორე მხრივ კი - სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევების წყარო.

ანალიტიკოსების შეფასებებით, ევროკომისიის გეგმა არის „დიდი შესაძლებლობა, მაგრამ სერიოზული მახეებით". ექსპერტების აზრი ორ მთავარ დასკვნამდე დადის - მათი შეფასებით, კანდიდატ ქვეყნებს (უკრაინას, მოლდოვას და ბალკანეთს) რეფორმების გაკეთების მოტივაცია დაუბრუნდებათ.

აქამდე იცოდნენ, რომ სრულ წევრობას 10 წელი მაინც დასჭირდებოდა და ხელი ჩაქნეული ჰქონდათ. ახლა კი იმედი მიეცათ. ექსპერტები შიშობენ, რომ ეს გეგმა გახდება „სამუდამო ნუგეში". ანუ, ევროკავშირის სკეპტიკურმა ქვეყნებმა ეს შეღავათები კანდიდატების თავიდან მოსაშორებლად გამოიყენონ - გვითხრან „აგერაა ფული, აგერაა ბაზარი, კარგად იყავით და სრულ წევრობაზე ხმის უფლებაზე ნუღარ შეგვაწუხებთო".

საქართველოს რაც შეეხება, ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ეს შეღავათები ავტომატურად არავის მიეცემა. ვინაიდან საქართველოს ევროინტეგრაცია ახლა გაყინულია, ანალიტიკოსების აზრით, საქართველო ამ გეგმიდან ვერაფერს მიიღებს, სანამ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა არ გამოსწორდება. ამ სიკეთეებს ჯერ მხოლოდ უკრაინა და ბალკანეთის მოწინავე ქვეყნები დაინახავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×