თამთა ჩაჩანიძე
26.06.2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშითა და მოხსენებით წარდგა. მისი გამოსვლა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესია დაიხურა, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, საგარეო პოლიტიკასა და სამთავრობო პროგრამის შესრულებას შეეხებოდა.

სხდომას ესწრებოდა საქართველოს პატრიარქი შიო III საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად. პარლამენტის სასესიო დარბაზში ასევე იყვნენ კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები და თანამდებობის პირები, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები, დედაქალაქის მერი, მთავრობის წევრები და სხვა სტუმრები.

მოხსენების დიდი ნაწილი დაეთმო გასული წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და პროგრამების ანგარიშს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკაში, სოციალურ პოლიტიკასა და სახელმწიფო მართვაში. სამთავრობო პროგრამის ყოველწლიური ანგარიში მოიცავს გასული წლის მეორე ნახევარს და მიმდინარე წლის პირველ ნახევარს.

კობახიძის თქმით, შარშანდელი წელი მთავრობის საქმიანობაში გარდამტეხი იყო, როდესაც დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც "დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში". მისი შეფასებით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი აქტიურადაა დაკავებული ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით, მთავრობა "სრულად გამჭვირვალედ მუშაობს, ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება", "კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში კი აღმოფხვრილი და დამარცხებულია!".  

პრემიერის მოხსენების ძირითადი აქცენტები იყო ეკონომიკური ზრდა, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის განვითარება, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, საგარეო პოლიტიკა და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგები.

საგარეო პოლიტიკა

პრემიერი კვლავ ამბობს, რომ მთავრობის სურვილია აშშს-თან პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, ევროკავშირთან კი ხელისუფლება ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა აშშ-თან. ამასთან დაკავშირებით არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ, მათ შორის პირადად მე. ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება...

  • კობახიძე: "ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება... რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, იცით, რომ ეს ურთიერთობები გამოწვევებით არის სავსე"

"რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, იცით, რომ ეს ურთიერთობები გამოწვევებით არის სავსე, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სათანადოდ შესრულდეს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები",- ამბობს პრემიერი.

კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება აგრძელებს "პრაგმატულ პოლიტიკას" და მისი ამოცანაა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის, თუმცა აქ „წითელი ხაზი" უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

კრიმინალი

"დაგროვილი იყო გარკვეული პრობლემები კრიმინალის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით - იყო პრაქტიკა, როცა ქალაქში, პირდაპირ თბილისში ახალგაზრდები თუ არაახალგაზრდები იარაღით დარბოდნენ! ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, რომელსაც რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება სჭირდებოდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მოხსენებაზე.

კობახიძის თქმით, სერიოზული პრობლემები იყო ნარკოტიკული დანაშაულის მიმართულებით. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისგებაში მიეცა 15 „კანონიერი ქურდი" და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი. ასევე პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი.~

"სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ"

კობახიძის განმარტებით, მთავრობამ ისეთი კანონები მიიღო, რამაც ქვეყანას დამშვიდების საშუალება მისცა.

"ჩვენ ასევე თავისი სახელი დავარქვით იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან უცხო ძალებს, აქ საუბარია, როგორც ე.წ. ოპოზიციურ პარტიებზე, ასევე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ე.წ. მედიასაშუალებებზე და ასე შემდეგ. ეს სიმართლე რომ არა, გამოწვევებთან გამკლავება გაგვიჭირდებოდა.

  • პრემიერი: "მივიღეთ აუცილებელი კანონები,რომელმაც ქვეყნის დამშვიდების საშუალება მოგვცა"

"ჩვენ მივიღეთ აუცილებელი კანონები, ეს არის მეორე მთავარი ზომა, რომელმაც ქვეყნის დამშვიდების საშუალება მოგვცა სიმართლის თქმასთან ერთად. ჩვენ აღვასრულეთ სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა სახელმწიფოზე ძალადობას, ან ძალადობდა სახელმწიფოზე",- ამბობს კობახიძე.

ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა

მთავრობის მეთაურის თქმით, ის ეკონომიკური ზრდა, რაც აქვს ქვეყანას, "პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე".

"პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენ დაგვხვდა ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და სულ რაღაც 5 წლის წინ, 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდზე ნაკლები. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ლარში ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა...

"ჩვენ ვადარებთ ხოლმე ჩვენს ეკონომიკას მოლდოვის ეკონომიკას, რომელიც არის ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მილიარდი დოლარით",- ამბობს პრემიერი.

კობახიძის თქმით, 2025 წელს საშუალო ხელფასმა 2 283 ლარი შეადგინა, 2020 წელს კი 1191 ლარი იყო - 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია, "ესეც არის უტყუარი ნიშანია, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება სოციალურ მდგომარეობაზე".

პრემიერი ამბობს, რომ 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც "დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას - ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი"

კობახიძე ანაკლიის პორტსაც შეეხო, განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე იყო გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა 203.9 მილიონ დოლარს და მოლაპარაკებების შედეგად მთავრობამ "დაინახა ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი" და კონტრაქტის ღირებულება, დაახლოებით, 204 მილიონი დოლარიდან 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

„აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოები",- ამბობს პრემიერი.

ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დაიწყება და 2031 წლის ბოლოს დასრულდება.

პრემიერმა ასევე ახსენა ის, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც, გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე.

ამასთან, განაცხადა, რომ „საქართველოს რკინიგზაში" 1100 შტატი შემცირდა ისე, რომ რკინიგზას არაფერი დაეტყო - 2024 წელს რკინიგზის წმინდა მოგება თუ იყო 68 მილიონი ლარი, 2025 წელს 145 მილიონი ლარი შეადგინა - ასევე, გაიზრდება გამტარუნარიანობა 15-დან 30 მილიონ ტონამდე.

რაც შეეხება პროგრამას „აწარმოე საქართველოში", მის ფარგლებში 2025 წელს დაფინანსდა 1 279 მეწარმე სუბიექტი, საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  დაფინანსდა 303 კომპანიის 345 პროექტი, ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნება 1 900 ახალი სამუშაო ადგილი.

რაც შეეხება სოცდაუცველთა ოჯახებს, პრემიერი ამბობს, რომ 1-ელი ივნისის მონაცემებით, 40 225 ოჯახის გადამოწმების შედეგად, 22 707 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა, რაც 56.4%-ია - დაზოგილმა თანხამ შეადგინა 54.7 მილიონი ლარი.

რაც შეეხება ტურიზმს, მისი თქმით, 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით - ტურიზმიდან შემოსავალმა გასულ წელს 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×