
უკრაინული თავდასხმების ფონზე, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში საოკუპაციო რეჟიმმა საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა. გადაწყვეტილებას წინ ნახევარკუნძულზე ტურიზმისა და ბავშვთა საზაფხულო ბანაკების მუშაობის შეჩერება უძღოდა, ასევე საწვავის გაყიდვის სრული აკრძალვა.
საოკუპაციო ადმინისტრაცია ამ ნაბიჯს ეკონომიკური პრობლემების მოგვარების აუცილებლობით ხსნის. დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო სამართლებრივი რეჟიმი 26 ივნისის 13:00 საათიდან შევიდა ძალაში და ის შემდგომ განკარგულებამდე იმოქმედებს.
ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა ვიდეომიმართვაში გააჟღერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორ მიხაილ რაზვოჟაევთან კოორდინაციით მიიღეს.
„ეს რეჟიმი სევასტოპოლშიც ამოქმედდება და ის ერთობლივად, სინქრონულად იმუშავებს. აღნიშნული რეჟიმი ფინანსური, საკრედიტო, სახელშეკრულებო და სხვა სახის ურთიერთობების დარეგულირების მიზნით შემოგვაქვს", - განაცხადა აქსიონოვმა ტელეგრამ-არხზე.
„ძვირფასო ყირიმელებო, ყირიმის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა დღეს, 13:00 საათიდან. ეს საგანგებო მდგომარეობა მიიღება მიხეილ რაზვოჟაევთან (სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი) და სევასტოპოლის კოორდინაციით და ხორციელდება ერთობლივად და სინქრონულად. ეს რეჟიმი მიიღება ფინანსური, ფულად-საკრედიტო, საკრედიტო, სახელშეკრულებო და სხვა ურთიერთობების გამარტივებისთვის", - აღნიშნა აქსიონოვმა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა საშუალებას იძლევა „ყველაზე ეფექტურად გადაწყდეს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ყველა იმ სფეროს სტაბილურ ფუნქციონირებასთან, რომელზეც მოსახლეობის საარსებო წყაროა დამოკიდებული".
- აქსიონოვი: „ძვირფასო ყირიმელებო, ყირიმის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა დღეს, 13:00 საათიდან"
მისივე მტკიცებით, საგანგებო რეჟიმი დააჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რაც აუცილებელია ყველა იმ სექტორის სტაბილური ფუნქციონირებისთვის, რომლებზეც მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები და უზრუნველყოფაა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ ხელისუფლებას დეტალებზე არ უსაუბრია.
მიზანმიმართული იერიშები და საწვავის კრიზისი
ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს აქტიურად უტევს, კიევის მიზანი მოსკოვის სამხედრო შესაძლებლობებისა და ფინანსური რესურსების შესუსტებაა.
ამავდროულად, უკრაინული მხარე ცდილობს რუსეთს ყირიმთან კავშირი გაუწყვიტოს, რომლის ანექსიაც კრემლმა 2014 წელს მოახდინა. დრონებით განხორციელებული უწყვეტი იერიშები ნახევარკუნძულზე საწვავის დეფიციტს კიდევ უფრო ამწვავებს.
ადგილობრივი მოსახლეობა ფასების მკვეთრ ზრდასა და ავტოგასამართ სადგურებთან არსებულ გრძელ რიგებზე საუბრობს.
დრონებით შეტევა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით თავდასხმები განახორციელეს მოსკოვზე, ოკუპირებულ ყირიმსა და ტულის ოლქზე. მედია საშუალებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ორიოლის, კალუგის, ლიპეცკის, როსტოვის, ვორონეჟის, ტულის, რიაზანის, ასტრახანისა და მოსკოვის ოლქებში, დედაქალაქ მოსკოვში, ასევე ანექსირებულ ყირიმში, შავი და აზოვის ზღვების თავზე 660 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
„ტელეგრამ" არხ Astra-ს ცნობით, ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკში, ქიმიურ ქარხანა „აზოტზე" ღამით დრონებით თავდასხმა განხორციელდა. გამოცემა ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა.
„აზოტის" ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქარხანა ამიაკისა და აზოტოვანი სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია რუსეთში. დრონებით შეტევა განხორციელდა დედაქალაქ მოსკოვზეც, რის გამოც დომოდედოვოს, ვნუკოვოს და შერემეტიევოს აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა.
ვრცელდება ინფორმაცია ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმების შესახებაც. ადგილობრივი მაცხოვრებლები იუწყებიან, რომ შეტევა განხორციელდა ქერჩზე. NASA-ს FIRMS სერვისმა Pantsir S-1 საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების ტერიტორიასა და აეროდრომზე ხანძარი დააფიქსირა.