თამთა ჩაჩანიძე
26.06.2026

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მის მდგომარობესთან დაკავშირებით ქალთა ციხიდან წერილს აგზავნის - აცხადებს, რომ თუ კლინიკაში გადაყვანა მის პირად თხოვნა/მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული, ამ ნაბიჯს არ გადადგამს და გადაწყვეტილების მიღებასა და პასუხისმგებლობას შესაბამის უწყებებს და ხელისუფლებას აკისრებს.

მანამდე ქალი პოლიტიკოსები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც ყურადღება გამახვილდა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და რისკებზე. უფლებადამცველები მრავალპროფილურ და მულტიფიუნქციურ კლინიკაში გადაყვანაზე და ხოშტარიას მიმართ სასჯელის შეცვლის, გადავადების, ან გათავისუფლების მექანიზმზე საუბრობენ.

რამდენიმე დღის წინ პენიტენციურმა სამსახურმა კი განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, მას უტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა.

თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ამა წლის მარტში ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ პოლიტიკოსის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

  • კახა კალაძე: "ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. თუ ამის აუცილებლობაა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს... საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა დანაშაულია"

კალაძე, ელენე ხოშტარიას "ჯანმრთელობას უსურვებს", თუმცა დასძენს, რომ "საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა დანაშაულია" და ყველა ასეთ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.

"ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო შტაბში შემოჭრას ცდილობდნენ, მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა, რომ მსგავსი ქმედება კანონით ისჯებოდა. ისინი კი ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი გმირები, რომლებიც რეალურად არ არსებობდნენ. ძალადობრივი ტიპის ქმედებებით, პოლიციელის მისამართით "მოლოტოვის კოქტეილის" სროლით, ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობით და ა.შ. გმირი ვერ გახდები", - აღნიშნა  კალაძემ.

რას წერს ხოშტარია

როგორც ხოშტარია 26 ივნისის წერილში აღნიშნავს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „სისტემა რუსულია და მათთვის უკანონობისა და არაადამიანურობის ფსკერი არ არსებობს".

"პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მაკა იოსელიანს. ძალიან ვაფასებ, რომ შეწუხდა და ამდენი დრო დამითმო. დიდი მადლობა ანი ქავთარაძეს, ეკა ბესელიას, შოთა თუთბერიძეს, ჩემს „დროელებს", ქალთა მოძრაობასა და თინა ბოკუჩავას.

"რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სისტემა რუსულია და მათთვის უკანონობისა და არაადამიანურობის ფსკერი არ არსებობს. ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ. არც ერთ ვითარებაში ჩემგან თხოვნას არ მიიღებთ.

  • ელენე ხოშტარია: "თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ. არც ერთ ვითარებაში ჩემგან თხოვნას არ მიიღებთ. ექვსი თვის თავზე დიაგნოზამდე მიგიყვანეთ. ახლა მიიღეთ გადაწყვეტილება და აიღეთ პასუხისმგებლობა"

"ექვსი თვის თავზე დიაგნოზამდე მიგიყვანეთ. ახლა მიიღეთ გადაწყვეტილება და აიღეთ პასუხისმგებლობა.

"ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ამ პროცესზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის მიმართულება. (ასეა მზიას, ზინოვკინას, ნინო დათაშვილისა და ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობის შემთხვევაში)

"ნესტან ვერულაშვილის მიმართ გულწრფელად პრეტენზია არ გამაჩნია. მეტიც, პატივს ვცემ. ძალიან მყარი არგუმენტები რომ არ მქონდეს, არ ვიტყოდი. რასაც ნამდვილად არ ვიტყვი ვინმე ურთმელიძეზე. მას კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით და მივხედავთ.

"P.S. ჩემი სრული მხარდაჭერა „ტვ პირველს" და „ფორმულას". ეს საგანგაშო სიგნალია",- წერს ხოშტარია.

"ქართული ოცნების" პოზიცია

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ექიმი "ვერ ამბობს", რას არ აკეთებს სახელმწიფო.

"ალბათ, ბევრისთვის არის ცნობილი, რომ ზოგადად მას [ელენე ხოშტარიას] ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომელიც ძველი პერიოდიდან არის მოყოლებული. მისი ექიმი ვერ ამბობს, რა არ უტარდება, რა შეიძლება მიეცეს ან რა სახის მკურნალობაა იმისთვის საჭირო, რომ მას არ ჰქონდეს ტკივილები. ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ დაეხმაროს პენიტენციურ სისტემას, რა დამატებითი პროცედურები შეიძლება ჩატარდეს, რომ ის ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც არა ახლა, არამედ დიდი ხანია აწუხებს, აღმოიფხვრას.

"ხოშტარიას აბსოლუტურად ყველაფერი უკეთდება! მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რომ ელენე ხოშტარიას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ამ შემთხვევაში არაფრით არ უკავშირდება იმას, რომ ის პენიტენციურ დაწესებულებაშია - მას აქამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის საკითხზე, წილოსანმა უპასუხა, რომ პენიტენციური სამსახური თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და სწორად განსჯის, როდის არის მსჯავრდებულის გადაყვანის აუცილებლობა საავადმყოფოში.

"ყველა ეტაპზე, როდესაც თქვენი და თქვენი ენჯეო-აგენტურული ქსელების მხრიდან ეს თემა სხვა ყველა პატიმართან დაკავშირებით იყო წამოწეული, პენიტენციური სისტემა ყველაზე სწორად აფასებდა, როდის უნდა გადაყვანილიყო მსჯავრდებული თუ ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ, არც აქამდე და არც მომავალში არ მაქვს არანაირი უფლება, ეჭვი შევიტანო პენიტენციური სისტემის სწორად ფუნქციონირებაში - ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და სწორად განსჯის, როდის არის მსჯავრდებულის გადაყვანის აუცილებლობა [კლინიკაში]", - განაცხადა წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×