მარიამ ვეკუა
26.06.2026

მოსკოვმა სომხეთიდან თევზისა და თევზპროდუქტების იმპორტი სრულად აკრძალა, გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ ეს ერევნის პროდასავლური კურსის გამო კრემლის მორიგი ეკონომიკური ზეწოლაა.

რუსეთმა თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტი სომხეთის ყველა იმ მომწოდებლისგან აკრძალა, რომლებსაც ქვეყანაში პროდუქციის ექსპორტის უფლება ჰქონდათ. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა („როსსელხოზნადზორი") განაცხადა, რომ სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციის ორგანოს მიმართა, 2026 წლის 19 ივნისიდან შეუჩეროს ვეტერინარული სერტიფიკაცია ორ სომხურ კომპანიას - შპს „MF Export"-სა და შპს „Invest Plus"-ს, რაც გულისხმობს ცოცხალი თევზისა და ნებისმიერი ფორმით გადამუშავებული თევზპროდუქტების მიწოდების აკრძალვას.

„როსსელხოზნადზორმა" საკუთარ რეგიონულ ქვედანაყოფებსა და რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურს მისცა განკარგულება უზრუნველყონ კონტროლი, რათა აღნიშნული საწარმოებიდან პროდუქციის რუსეთის ფედერაციაში შეტანა არ მოხდეს.

შესაბამისად, სომხეთის ყველა ყოფილ მომწოდებელს რუსეთში თევზისა და თევზპროდუქტების ექსპორტის უფლება ჩამოერთვა. მანამდე, 29 მაისს, „როსსელხოზნადზორმა" გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, 2 ივნისიდან ცოცხალი თევზისა და თევზპროდუქტების იმპორტი სომხეთის ყველა კომპანიისთვის აიკრძალა, გარდა შპს „MF Export"-ისა და შპს „Invest Plus"-ისა.

აღნიშნული ორი კომპანიიდან იმპორტირებული პროდუქცია გაძლიერებულ ლაბორატორიულ კონტროლს ექვემდებარებოდა, რადგან მათში სახიფათო ნივთიერებები (ლეიკომალაქიტის მწვანე, მეთილენის ლურჯი, ფტორქინოლონები და ქლორტეტრაციკლინი) და პათოგენები აღმოჩნდა.

მოგვიანებით, უწყებამ 29 მაისის ბრძანებაში ცვლილება შეიტანა და შეზღუდვები ამ ორ კომპანიაზეც გაავრცელა. კიდევ ორ სომხურ კომპანიას - შპს „Texworld"-სა და შპს „Blue Ocean"-ს, პროდუქციის იმპორტი უფრო ადრე აეკრძალათ, რადგან მათ უარი თქვეს რუსი ექსპერტების მიერ 2026 წლის 21-დან 27 მაისამდე დაგეგმილ შემოწმებებში მონაწილეობაზე.

„ინსპექტირებაზე უარის თქმის გამო, შპს „Teksworld"-ისა და შპს „Blue Ocean"-ის სტატუსი შეიცვალა და განისაზღვრა, როგორც „დროებით შეზღუდული", - ნათქვამია „როსსელხოზნადზორის" განცხადებაში.

რუსეთმა აღმოჩენილი დარღვევების გამო შეზღუდვები გააფართოვა „როსსელხოზნადზორში" აცხადებენ, რომ სომხურ მხარეს, სისტემური დარღვევების გამო, თევზის პროდუქტების სერტიფიცირების დროებით შეჩერება ჯერ კიდევ ადრე მოსთხოვეს. რუსული უწყების ცნობით, მასალების ანალიზის შემდეგ წინასწარი ანგარიში მომზადდა.

„მოგვიანებით, მასალების ანალიზის პროცესში, მომზადდა წინასწარი ანგარიში. გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრამდე და საჭირო დამადასტურებელი მასალების წარდგენამდე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ საწარმოებიდან პროდუქციის სერტიფიცირების დროებით შეჩერების შესახებ", - აცხადებენ სააგენტოში.

 

ევროკავშირმა სომხეთისთვის მხარდაჭერის პაკეტი დააანონსა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადების თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს დაუყოვნებელ ფინანსურ დახმარებას, რომლის მოცულობაც 50 მილიონ ევროზე მეტია. თავის მხრივ, „როსსელხოზნადზორმა" ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვლავ აგრძელებს მუშაობას სომხურ მხარესთან იმ თევზისა და თევზპროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც რუსეთის ბაზრისთვის არის განკუთვნილი.

რუსული სააგენტოს განცხადებით, იმპორტის შეჩერების გადაწყვეტილება ძალაში მანამ დარჩება, სანამ გამოვლენილი დარღვევები არ აღმოიფხვრება და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნება წარდგენილი.

ევროკავშირის მიერ 50 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დაუყოვნებელი დახმარების პაკეტი არის ბრიუსელის პასუხი რუსულ ზეწოლაზე. ამით დასავლეთი სომხეთს უგზავნის სიგნალს: „თუ რუსეთი ეკონომიკურად დაგსჯით, ჩვენ დაგეხმარებით ამ ზარალის კომპენსირებაში და რეფორმების გატარებაში".

ეს არის ფინანსური „ბუფერი", რათა სომხეთმა შეძლოს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება-წერენ გავლენიანი გამოცემები რუსეთი წლებია იყენებს თავის სანიტარულ უწყებებს („როსსელხოზნადზორი", „როსპოტრებნადზორი") პოლიტიკური ზეწოლის იარაღად. როდესაც პოსტსაბჭოთა ქვეყანა დასავლეთისკენ იწყებს სვლას, რუსულ ბაზარზე ამ ქვეყნის პროდუქციაში (ღვინო, ხილი, თევზი) უცებ „საშიში ნივთიერებები და ბაქტერიები" ჩნდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×