
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე სამხედრო-სამრეწველო საწარმოზე უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, ქარხნის თანამშრომლის ცხედარი გაწმენდითი სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. მისივე თქმით, კიდევ ერთი თანამშრომლის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმისას დაშავებული 11 პირი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, ვოლგოგრადში, სამხედრო-სამრეწველო საწარმო „ტიტან-ბარიკადზე“ თავდასხმა უკრაინული „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, აღნიშნული ქარხანა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. მისივე თქმით, რუსეთის ყველა თავდაცვითი ობიექტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებას ემსახურება, უკრაინისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს.