რეზონანსი
27.06.2026

საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ჩვენს ირგვლივ იკვეთება განსხვავებული ხედვები, ინტერესები და სტრატეგიული ამბიციები, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში. ეს უმშვენიერესი ქალაქი, თავისი ისტორიით, ღიაობითა და მედეგობით, მართლაც საუკეთესო ადგილია, რომ ვისაუბროთ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებებზე და მულტივექტორული დიპლომატიის როლზე დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

ჩვენ ხშირად, თითქოს მაყურებლის როლიდან ვსაუბრობთ ცვალებად მსოფლიოზე, გლობალურ გარდაქმნებზე და ახალ ძალთა ბალანსის ფორმირებაზე. სინამდვილეში, არცერთი ჩვენგანი არ არის ამ პროცესების გარე დამკვირვებელი. ჩვენ თავად ვართ ამ ცვლილებების მონაწილეები. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების მომავალს, არამედ იმ საერთაშორისო წესრიგსაც, რომელიც ახლა ჩვენ თვალწინ ყალიბდება.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, საქართველო დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, თუ რას ნიშნავს პრაქტიკაში მულტივექტორული დიპლომატია. ჩვენი ისტორია, ჩვენი გეოგრაფია, ჩვენი უსაფრთხოების გარემო და ჩვენი ეკონომიკური ინტერესები გვაიძულებს, ყოველდღიურად ვიპოვოთ სწორი ბალანსი პრინციპებსა და პრაგმატიზმს შორის, ღიაობასა და უსაფრთხოებას შორის, ეროვნულ ინტერესებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას შორის.

საქართველო მართლაც გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენს ირგვლივ იკვეთება სხვადასხვა ძალა, განსხვავებული ხედვები, ინტერესები და სტრატეგიული ამბიციები. ამ რეალობაში ცხოვრება ჩვენგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. გეოგრაფია ის მოცემულობაა, რომელმაც ისტორიის მანძილზე ბევრი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, თუმცა ისიც გვასწავლა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ გამოწვევებმა შესაძლებლობები არ დაგვაკარგინოს.

დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს. დღეს, როდესაც მსოფლიო ახალ ეკონომიკურ მარშრუტებს ეძებს, ხოლო მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იქცა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ახალ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×