
გერმანიაში, კერძოდ მიუნხენთან ახლოს ტრაგედია დატრიალდა. 24 წლის სიცოცხლით სავსე ქართველი ბიჭი, ბესო მამულაშვილი საუბედუროდ, ტბაში დაიხრჩო. ბიჭი დედასთან და ძმასთან ერთად რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს. ის საქართველოში ახლახანს იყო ჩამოსული და ისევ გერმანიაში დაბრუნდა. თავზარდამცემია მომხდარი მისი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ბესოს იცნობდა. დღეს ახალგაზრდას დაბადების დღე აქვს, ბესოს 24 წელი შეუსრულდებოდა, სამწუხაროდ ასე ტრაგუკულად შეწყდა ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე. მომხდარით შეძრულ, უცხო მიწაზე მყოფ მის დედას გვერდში უდგას მისი მეგობარი მანანა ვეფხოშვილი. "კვირის პალიტრა" მას გერმანიაში დაუკავშირდა და სწორედ მან ისაუბრა მომხდარის დეტალებზე.
"საღამოს 6 საათზე შტანბერგის ტბაში დაიხრჩო ჩვენი უსაყვარლესი ბიჭი ბესო. მისი ცხედარი მაშველებს საღამოს 8 საათზე უკვე წყლიდან ამოყვანილი ჰყავდათ. არაჩვეულებრივი, კეთილშობილი, პოზიტიური ახალგაზრდა აღარ გვყავს. ძალიან განვიცდით ამ ტრაგედიას. დედამისი ჩემი მეგობარია, აგერ ჩემს გვერდით ზის ახლა და არ მაქვს მისთვის სანუგეშო სიტყვა.
ბესოს დღეს დაბადების დღე ჰქონდა, 24 წლის გახდებოდა, უნდა აღენიშნა ბედნიერად ეს დღე, მაგრამ ეს უბედურება დატრიალდა. დაბადების დღის წინა დღეს წავიდა მეგობართან ერთად ტბაზე სასეირნოდ, სხვა დროსაც დადიოდა ხოლმე, ცურვაც კარგად იცოდა, მაგრამ მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა.
საქართველოშია მამამისი, ბებია, ბიძა, ბიძაშვილები, მთელი სანათესავო, ახლა ჩასული რომ იყო, მოიარა მთელი საქართველო, დიდი ხანია არ ყოფილა და საოცარი ემოციებით დატვირთული დაბრუნდა იქიდან. დედისთვის უთქვამს, დედა, რაც შეიძლება ჩქარა უნდა დავბრუნდეთ საქართველოში, ჩვენ მეტი დრო აღარ გვაქვს აქ გასატარებელი, საქართველოში დავბრუნდეთ და იქ ვიცხოვროთო. ეს ოჯახი უკრაინაში ცხოვრობდა, ომი რომ დაიწყო დედამ თავისი შვილები გერმანიაში წამოიყვანა, მას მერე გერმანიაში იყვნენ.
მიუნხენში. შტანბერგი არის მიუნხენთან ახლოს, საკურორტო ქალაქია, სადაც უზომოდ დიდი ტბა არის, ზღვასავით ტბა, სწორედ იქ დატრიალდა ეს უბედურება. დედამ შვილების ყველა ნაბიჯი იცოდა. ტბაზე რომ მიდიოდა, დედისთვის უთქვამს, შეუთანხმებია, ახლა იკლავს დედა ტავს, ნეტა არ გამეშვაო, ამას ვინ წარმოიდგენდა.
არაჩვეულებრივი მოცურავე იყო, ძალიან კარგად აღზრდილი ბიჭუნა, კარგი განათლებით, ცურავდა ძალიან კარგად და ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ამას. დედამისი ახლა იძახის რას წარმოვიდგენდი ამასო. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება და დაიდება დასკვნა, ასე გაირკვევა რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი. არ ვიცით რატომ დატრიალდა ეს. ამბობენ, რომ ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, ძალიან ცხელოდა, 40 გრადუსამდე ყოფილა ტემპერატურა გუშინ, ეს წყალი არის ყინულივით ცივი, ბესო და მისი მეგობარი შესულან ნავით ტბაში და გადახტნენ ბიჭები წყალში ნავიდან, ასე ხტებოდნენ, მერე გაცურავდნენ და ისევ ბრუნდებოდნენ ნავში, ასე ერთობიან ახალგაზრდები, ვინც კარგი ცურვა იცის, თან სპორტსმენები იყვნენ ორივე. მეგობარიც და თვითონ, ერთ-ერთ გადახტომის შემდეგ ბესო უკან ვეღარ ამოვიდა, ვარაუდია, რომ რაღაც სისხლძარღვების შევიწროვება მოხდა, ან რაღაც სხვა მოხდა, ზუსტად რა მოხდა, არ ვიცით. მისი მეგობარი იძახის, გადამხტარი არ იყო, რომ უკვე დავინახე დახრჩობა დაეწყოო, გადახტა ის მეგობარიც, რომ მიშველებოდა, როგორმე გადაერჩინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლო მისი გადარჩენა. ნავით იყვნენ, ისეთ მძიმე მდგომარეობაშია ამ ფაქტის შემსწრე და თვითმხილველი მისი უახლოესი მეგობარი, რომ ნერვული შოკი აქვს და კლინიკაშია გადაყვანილი.
ბესოს დაბადების დღის წინა დღეს დაგეგმეს, რომ ასე ერთად ტბაზე გაესეირნათ და ასე ფატალურად დამთავრდა ეს ყველაფერი. ბესო უფროსი შვილია, მას ჰყავს 21 წლის ძმა. საქართველოშია მამამისი. ყველას სამძიმარს ვუცხადებ", - განაცხადა მანანა ვეფხოშვილმა.
წყარო: "კვირის პალიტრა"