რეზონანსი
28.06.2026

 ევროკავშირმა ვენესუელაში მიწისძვრით დაზარალებულებისთვის 5 მილიონი ევროს საგანგებო დახმარება გამოყო. როგორც კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს, სატელეფონო საუბარი გამართა ვენესუელის პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან.

„ვენესუელელ ხალხს ევროკავშირის სრული სოლიდარობა გადავეცი და ღრმა მწუხარება გამოვხატე იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს", - წერს კალასი.

მისივე თქმით, ევროკავშირმა უკვე მოახდინა 5 მილიონი ევროს საგანგებო დახმარების მობილიზება დაზარალებული მოსახლეობისთვის.

„ჩვენ გავააქტიურეთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომლის ფარგლებში რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ სწრაფად გაგზავნა სამძებრო-სამაშველო ჯგუფები, მეხანძრეები და სამედიცინო პერსონალი. ევროპა ამ მძიმე საათებში ვენესუელასთან ერთად დგას", - წერს კალასი.

ამასთან, გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) შეფასებით, ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ დაახლოებით 680 000 ბავშვს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

მიწისძვრების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საავადმყოფოები კარაკასში, ასევე, ლა-გუაირას, კარაბობოს, არაგუასა და ფალკონის შტატებში.

„საავადმყოფოები შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ, ათასობით ბავშვს არ აქვს სანდო წვდომა უსაფრთხო წყალზე, ხოლო ბევრი სკოლა დაზიანებულია", - ნათქვამია განცხადებაში.

UNICEF-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, კარაკასში 432 სკოლაა დაზიანებული, რაც ბავშვების განათლების პროცესს აფერხებს. ამასთან, ხელისუფლება იმ სკოლებს, რომლებიც შედარებით უსაფრთხოა, იძულებით გადაადგილებული ოჯახების დროებით თავშესაფრებად იყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×