
ზოგჯერ მუსიკა მეხსიერებაა, ემოციაა, დროის მიღმა დარჩენილი ხმაა, რომელიც ჩვენი დროის მუსიკოსებს ერთმანეთთან აკავშირებს. თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ის სივრცეა, სადაც მუსიკა მოგონებად, მოგონება კი ცოცხალ ისტორიად იქცევა.
ფესტივალი ყოველწლიურ მუსიკალურ ტრადიციად იქცა - წელს მეოთხედ ჩატარდა და მსოფლიოში აღიარებულ კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს სხვადასხვა ქვეყნიდან უმასპინძლა.
ლექსო თორაძე კომპოზიტორ დავით თორაძისა და მსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში დაიბადა. შემოქმედებითი გზის დასაწყისში მამაა - დავით თორაძე, ცნობილი კომპოზიტორი, მისი მთავარი მასწავლებელი. გაიზარდა განსაკუთრებული რეპუტაციის მქონე ოჯახში, სადაც მუსიკა და ხელოვნება უმთავრესი იყო.
ლექსო 9 წლიდან უკრავდა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ვიდრე მსოფლიო დიდ შემსრულებლად აღიარებდა, თავისუფლების ძიებაში, მოსკოვიდან ამერიკაში გადავიდა.
მისი ყოველი კონცერტი საკუთარ თავთან შეჯიბრი იყო. არასდროს იმეორებდა იმას, რაც უკვე ბევრჯერ ჰქონდა შესრულებული. შრომით და უსაზღვრო ფანტაზიით, მსმენელის გულს ადვილად იმორჩილებდა. ყოველი შესრულება ახალ გაელვებას ჰგავდა.
ის, რაც გულში ჰქონდა, ფორტეპიანოზე გადაჰქონდა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.
ლექსო თორაძის გარდაცვალების შემდეგ, გაჩნდა იდეა, რომ მისი დაწყებული საქმე უნდა გაგრძელებულიყო. ნიჭიერ ახალგაზრდებს განვითარების შანსი უნდა ჰქონოდათ. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იდეა დიდ საქმედ იქცა.
გულანთებული მსმენელი, მრავალფეროვანი მუსიკა, მასტერკლასები, საგანმანათლებლო პროგრამები დამწყები მუსიკოსებისთვის, სავსე დარბაზები, დაუვიწყარი ემოციებით დატვირთული 20 დღე ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.
შეუფასებელია დავით და ლექსო თორაძეების პედაგოგიური ღვაწლი. მათი მოსწავლეები დღეს მსოფლიოში აღიარებული პიანისტები არიან. მათ დაწყებულ საქმეებს დღეს ნინო თორაძე აგრძელებს.